რესპუბლიკის ამბები

„ერთობა“ საგარეო სამინისტროს უცხოეთში ცუდი მუშაობისთვის აკრიტიკებს

გაზეთი ერთობა, 1920 წლის 28 ივლისი, N168

საქართველოს მუშაობა უცხოეთში

მთელი ასი წლის განმავლობაში ევროპას არ გაეგონა თუ ვინ იყო ქართველი, თუ რას წარმოადგენდა საქართველო.

ევროპა იცნობდა რუსეთს, როგორც დიდს, უზარმაზარ, 140 მილიონიან სახელმწიფოს და ანგარიშს უწევდა ამ გიგანტს ყოველ ასპარეზზე. ევროპამ ერთჯერ მოჰკრა ყური ქართველის სახელს და ესეც 1905  წელში, როდესაც ქართველი დემოკრატიის რაზმები თავგამოდებით ებრძოდენ რუსეთის თვითმპყრობელობის ჯალათებს. ყური მოჰკრა იმ საშინელ ამბებს, რომელიც დატრიალდა ჩვენში რევოლუციის დამარცხებისა და საშინელი რეაქციის შემდეგ. მაგრამ ამ ამბავმა მეტეორივით გაიარა ევროპის ცაზე და შემდეგ აღარავის სმენია „საქართველოს“ შესახებ რაიმე.

რუსეთის დიდი რევოლუციისს დაწყებამ, ბალშევიკური გადატრიალების შემდეგ გააჩინა და სინათლეზე გამოიყვანა ყველა ის ერი, რომელიც რუსეთის თვითმპყრობელობის კლანჭებში იხუთებოდა. ევროპა გაკვირვებული მისჩერებოდა და ხედავდა, რომ რუსეთის ტყავიდან გამოძვრენ სრულიად ახალი და უცნობი ერები.

ფაქტია საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, ბრძოლა ოსმალეთთან, ბრძოლა ბალშევიკებთან და სხვა მსხვილი მოვლენა, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში, ძალაუნებურად ყურადსაღები გახდა ევროპისათვის და ევროპის სახელმწიფოთა მმართველ წრეებისათვის.

საქართველო გამოვიდა საერთაშორისო ასპარეზზე და გახდა მოსმენის და ყურადღების ობიექტი.

როგორც ვსთქვით, ევროპა არ იცნობდა საქართველოს და საჭირო გახდა  ავლადიდების ცნობა.

ეს იყო ჩვენი პირველი ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგმულიყო ევროპის გზაზე.

საქართველომ განაცხადა, რომ იგი მიდის ევროპაში ევროპის კულტურის მისაღებათ და ევროპის დემოკრატიასთან ერთად სასიარულოთ. ეს გვავალებდა ჩვენ ჩვენი მხრივ საკუთარი ნაბიჯები გადაგვედგა მასთან დასაახლოვებლათ და გასაცნობათ. პირველი ნაბიჯია ინფორმაციის გავრცელება, ევროპაში  ჩვენ, რომელნიც სრულიად უცნობი ვიყავით ევროპისათვის, მეტათ მოწადინებული უნდა ვყოფილიყავით ჩვენი თავი გაგვეცნო ევროპისათვის.

მოწოდება და სურვილი ჩვენ შეიძლება დიდი გვქონდა, მაგრამ განხორციელდა თუ არა – ეს ცალკე საკითხია, და სწორედ ამ საკითხს უნდა შევეხოთ აქ. ნურავინ იტყვის, რომ საქართველოს პროპაგანდის საქმეს დიდი მნიშვნელობა არ ქონდეს ჩვენი ქვეყნის ბედის საკითხში.

ევროპისათვის გაცნობას, ევროპაში სახელის ქონას დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ჩვენთვის, რომელნიც გუშინ გამოვედით საერთაშორისო ასპარეზზე. ასეთი პროპაგანდა არ სჭირდება პოლონეთს, არ სჭირდება ფინეთს, მაგრამ მეტის მეტათ გვჭირდება ჩვენ. როდესაც ევროპიელი ინტელიგენტი გეკითხება, როდესაც ჟურნალისტი გეუბნება,  –  თქვენ ქართველი ხართ, ოო, მე კარგად ვიცნობ თქვენს ქვეყანას, თქვენ ამერიკელი ხართო, – როგორ შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე? მაგრამ განა მარტო ამისთვის არის საჭირო პროპაგანდა-აგიტაცია, რომ მარტო „ინტელიგენტურ“ მასას გააცნო საქართველო? საჭიროა პროპაგანდა მთელი ხალხისთვის მთელი მასისთვის, რომლის ხმას ევროპაში გადამჭრელი მნიშვნელობა აქვს. პარიზის ერთ გაზეთში ჟან-ტიზონის ერთი და ორი წერილის დაბეჭდვა არ კმარა, ერთი ან ორი წიგნის გამოცემა ვერ დააკმაყოფილებს საქმეს, საჭირო იყო და არის მუშაობა ამ პროპაგანდისთვის,რ აც სამწუხაროთ და სავალალოთ ხეირიანათაც კი არ მიმდინარეობს. და ეს მაშინ, როდესაც არ დარჩენილა თითქმის ევროპის არც ერთი სახელმწიფო, სადაც საქართველოს თავისის წარმომადგენელი არ ყავდეს, და დელეგაცია ან რაიმე მისია არ გაეგზავნოს. ამ დელეგაციების და მისიების გარშემო თავი აქვთ მოყრილი ევროპაში ჩარჩენილ ქართველებს, ამ მისიებში იხარჯება აუარებელი ჩვენი ღარიბი ხაზინიდან მამასისხლათ გადახურდავებული ფული და შედეგი კი? ალბათ ეს თქვენც მოგეხსენებათ.

არც ერთ დელეგაციას არავინ არ კითხავს, თუ როგორ გადაიჭრას საქართველოს საკითხი. საქართველოს საკითხი დამოკიდებულია საერთაშორისოთ შექმნილ სიტუაციაზე, ხელშემწყობ ან ხელშემშლელ პირობებზე. ინგლისის  კაბინეთის თავმჯდომარე ლოიდ ჯორჯი ან საფრანგეთის მილეირანი არ დაგეკითხებათ თქვენ, როგორ უნდა გადაიჭრას ესა და ის საკითხი საქართველოს შესახებ. საქართველო მათი პოლიტიკის გზაზე არის ერთი მარცვალი, რომელიც უნდა წამოეგოს პოლიტიკურ კრიალოსანზე, რომელსაც ისინი ამზადებენ.

ამ შემთხვევაში დელეგაციების, მისიების, წარმომადგენლების როლი არის სრულიად უმნიშვნელო და იგი შეიძლება იქამდე დავიყვანოთ, რომ დელეგაციამ შესაფერისი და სწორი ცნობები მაინც წარუდგინოს ამ ქვეყნის ძლიერთა კაბინეტს. ამ ოფიციალური ინფორმაციის გარდა, განა არაფერი უნდა კეთდებოდეს დელეგაციების, მისიების და წარმომადგენლების მხრივ? პასუხი ერთია: უნდა კეთდებოდეს, საკეთებელი და სამუშაო ბევრია, მაგრამ პატრონი არ არის სამწუხაროდ მუშაობა არ სწარმოებს. აქამდის ამა თუ იმ გაზეთში ორ თვეში ან თვეში ერთხელ თვალს მოკრავ ამა თუ იმ ცნობას საქართველოს შესახებ.

ის გაზეთები კი, რომელთაც საკუთარი კორესპოდენტები ჰყავთ კონსტანტინეპოლში ან ბათომში უფრო ხშირად ჭორებით ან ყალბი ცნობებით იკვებებიან. როდის გაიქცა საქართველოს მთავრობა ბათომში, როდის ჩაიგდეს ბალშევიკებმა საქართველოს მთავრობა. ეს არ მომხდარა ფაქტიურათ, მაგრამ ეს მოხდა ზოგიერთი გაზეთების ფურცლებზე. იქნება მკითხველმა იფიქროს, რომ საქართველოს წარმომადგენელი უარყოფდა ამ უმზგავსო ცნობას? მაგრამ ამისთვის ვის შეეძლო თავის ატკივება. არამც თუ პროპაგანდა, ჩვენს წარმომადგენლებს ისიც კი ვერ მოუხერხებიათ, რომ ყალბი ცნობები უარყონ და სინამდვილე-სიმართლე გამოააშკარავონ. თუ გაზეთების ცნობის შესახებ ასეთი „მუშაობა“ სწარმოებს, რაღა უნდა იქნეს ფართო პროპაგანდის და გაცნობის საქმეში?

 ჩვენ გადაჭრით ვამბობთ, რომ ამ დარგში თითქმის არაფერი კეთდება! ვინ არის დამნაშავე: უცხოეთში მყოფი საქართველოს წარმომადგენლები თუ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო? ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ უმოქმედობაში ორივე დამნაშავეა. პირველი იმიტომ, რომ არაფერს აკეთებენ, ან აკეთებენ მეტათ მცირედს. მეორე იმიტომ, რომ ამ „გაკეთებული“-ს ანგარიშს არ ითხოვს. ჩვენ დანამდვილებით არ ვიცით: შეიძლება ითხოვს და მაშასადამე კმაყოფილდება თავის წარმომადგენლების მუშაობით, ეს სულ უარესი, რადგან ასეთი მუშაობა არ წარმოებს არსად. ჩვენ მივაქცევთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ყურადღება ამ მოვლენაზე და მოვითხოვთ, რომ პროპაგანდის საქმე თუ სათანადო ნიადაგზე მაინც არ იქნება დაყენებული, გაცხოველებული მაინც იქნეს.

ვ. ნ.  [ვიქტორ ნოზაძე]

[სახელისუფლებო პარტიის მთავარი გაზეთის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დიპლომატიური წარმომადგენლობების ამგვარი ღია კრიტიკა აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ზოგადად, პოლიტიკური სპექტრისათვის მოულოდნელობას წარმოადგენდა. სტატიაში წარმოდგენილმა შეფასებებმა ღია უკმაყოფილება გამოიწვია თავად დიპლომატიური მისიისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან. რეალურად, დიპლომატიური წარმომადგენლობები შეზღუდული რესურსების ფონზე საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობდნენ, თუმცა მსოფლიო დიდი ომის შემდგომ არსებული საკომუნიკაციო სირთულეებიდან გამომდინარე ევროპაში დიპლომატიური მისიების მუშაობის შესახებ ცნობები ძნელად აღწევდა ტფილისამდე. 1920 წლის განმავლობაში საქართველოს დიპლომატიური მისიებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბიუროს ხელშეწყობით ევროპაში საქართველოს შესახებ ათობით სტატია, ბროშურა და რამდენიმე წიგნი გამოიცა. – რესპუბლიკა 100-ის სარედაქციო შენიშვნა.

მსგავსი/Related

Back to top button