skip to content
ახალი ამბები

არასამთავრობოები საარჩევნო ცვლილებებზე მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობენ

7 არასამთავრობო ორგანიზაცია, მათ შორის, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ და „ღია საზოგადოების ფონდი“, ქართული ოცნების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დასახვეწად შემუშავებულ ცვლილებებს ეხმიანება და მასზე მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე საუბრობს.

ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტის მიხედვით:
  • საარჩევნო კოდექსში შემოდის „სიძულვილის ენის“ ცნება და საარჩევნო სუბიექტებს მისი გამოყენება ეკრძალებათ. აღსანიშნავია, რომ პროექტში დაზუსტებული არ არის კონკრეტულად რა მოიაზრება ამ ტერმინში;
  • ჩნდება ანტირეკლამის შეზღუდვის კომპონენტი, რომლის მიხედვითაც საარჩევნო სუბიექტის სარეკლამო რგოლში ის 25%-ს არ უნდა აღემატებოდეს;
  • მაუწყებელი ვალდებული ხდება საარჩევნო რეკლამის კანონთან შესაბამისობა თავად შეამოწმოს და ანტირეკლამის მოცულობაც თავად გაზომოს. პროექტით წარმოდგენილი სტანდარტის დარღვევის შეთხვევაში, მაუწყებელი რეკლამის განსაზღვრული ტარიფის ორმაგი ოდენობით დაჯარიმდება.

არასამთავრობოები 20 აგვისტოს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში საარჩევნო კოდექსში მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილ ცვლილებების პროექტში რამდენიმე „პრობლემურ“ პუნქტს, კერძოდ: „სიძულვილის ენის“ რეგულირებას, ანტირეკლამის შეზღუდვას და პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობის მედიისთვის დაკისრებას გამოყოფენ და აცხადებენ, რომ მათი ამ სახით მიღება „მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს საარჩევნო გარემოს 2020 წლის არჩევნების წინ“.

სიძულვილის ენის რეგულირება

არასამთავრობოების განცხადებით, იქიდან გამომდინარე, რომ ქართულ კანონმდებლობაში „სიძულვილის ენა“ განმარტებული არ არის, წარმოდგენილი ცვლილება ტერმინის შინაარსთან დაკავშირებით გაუგებრობას გამოიწვევს და მისი არასწორი ინტერპრეტაციის რისკს გაზრდის. ისინი მიიჩნევენ, რომ „სიძულვილის ენის“ გამოყენებაზე აკრძალვის დაწესება „მაღალი ალბათობით, შესაძლოა, პოლიტიკური პარტიებისა და სხვა საარჩევნო კამპანიის განმავლობაში კრიტიკული გამოხატვის შეზღუდვის საშუალებად იქცეს“.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ „სიძულვილის ენის“ ცნების მცდარ ინტერპრეტაციას უკვე ჰქონდა ადგილი 2018 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს მმართველი გუნდის მხრიდან, როდესაც ქართული ოცნების წარმომადგენლები პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ „დისკრედიტაციული და მკვეთრად ნეგატიურ“ კამპანიას „სიძულვილის ენის“ გამოყენებად აფასებდნენ. 

„სიძულვილის ენა, რაც რასისტულ, ქსენოფობიურ, ანტისემიტურ და მსგავსი შინაარსის განცხადებებს გულისხმობს და კონკრეტული ნიშნიდან გამომდინარე, პირთა გარკვეული ჯგუფის წინააღმდეგ არის მიმართული, გასულ არჩევნებზე შედარებით ნაკლებ პრობლემას წარმოადგენდა და პოლიტიკოსთა მხრიდან მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში იყო გამოყენებული“, -აცხადებენ უფლებადამცველები და იქვე განმარტავენ, რომ ეროვნული შუღლის, ეთნიკური და რელიგიური ნიშნით დაპირისპირებისკენ მოწოდების ამკრძალავი ჩანაწერი საარჩევნო კოდექსში უკვე არსებობს.

ანტირეკლამის შეზღუდვა

არასამთავრობოები განმარტავენ, რომ კანონმდებლობის მიხედვით, ანტირეკლამა აგიტაციის დაშვებული ფორმაა და შესაბამისად, პოლიტიკურ სარეკლამო რგოლში ანტირეკლამაზე 25%-იანი ზღვრის დაწესება, პოლიტიკური პარტიების გამოხატვის თავისუფლების „გაუმართლებელი შეზღუდვაა“.

„პოლიტიკური პარტიის გადასაწყვეტია როგორ კამპანიას აწარმოებს ის, როგორ მოახდენს ამომრჩეველთან კომუნიკაციას და რა დოზით მიმართავს ანტირეკლამას“, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციები და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანტირეკლამის გამოყენება „დაბალი პოლიტიკური კულტურითა და ეთიკის სტანდარტებით“ არის გამოწვეული, ის არ შეიძლება გახდეს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მიზეზი.

„გარდა აღნიშნულისა, პრაქტიკაში, შესაძლოა, ბუნდოვანი იყოს თუ როგორ უნდა მოხდეს ანტირეკლამის გაზომვა. ეს კი, მედიაზე ზეწოლის მოხდენის შესაძლებლობას ქმნის, ვინაიდან კანონპროექტი რეკლამის დამკვეთის მხრიდან მოცემული მოთხოვნის დარღვევაზე მედია საშუალების პასუხისმგებლობასაც ადგენს“, – ვკითხულობთ უფლებადამცველების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობის მედიისთვის დაკისრება

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც უფლებადამცველები პრობლემურად მიიჩნევენ, პოლიტიკური რეკლამის შინაარსზე პასუხისმგებლობის მედიისთვის დაკისრებაა. ისინი განმარტავენ, რომო აღნიშნულ რეგულაციას საარჩევნო პერიოდში მედიაზე „მსუსხავი ეფექტი“ ექნება.

„შემოთავაზებული ცვლილებები ერთის მხრივ გაუმართლებელ ტვირთს აკისრებს მედიასაშაულებას, ხოლო მეორეს მხრივ, ქმნის იმის რისკს, რომ მაუწყებელი ცენზორის როლში მოგვევლინოს. არ არის გამორიცხული, სანქციის შიშით ზოგიერთმა მაუწყებელმა საერთოდ თავი შეიკავოს პოლიტიკური რეკლამის განთავსებისგან, რაც თავისთავად კიდევ უფრო გაზრდის წინასაარჩევნო გარემოზე მოცემული რეგუალციის ნეგატიურ ხასიათს“, – განმარტავენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

აღნიშნულის გათვალისწინებით, არასამთავრობოები ამ მიმართულებით ქართული ოცნების მიერ წარმოდგენილ რეგულაციებს „შემაშფოთებლად“ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ შემოთავაზებული ცვლილებების მნიშვნელოვანი ნაწილი „ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის მიმართულია გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და გაუმართლებელ ტვირთს აკისრებს მედიას“. მათივე შეფასებით, ეს „ცალსახად უარყოფით გავლენას მოახდენს საარჩევნო პერიოდში მედიასაშაულებების მუშაობაზე“. 

შესაბამისად, უფლებადამცველები მიიჩნევენ, რომ ოცნების მიერ წარმოდგენილი ცვლილებების პაკეტის მიღება „დაუშვებელი და გაუმართლებელია“. მათივე შეფასებით, საკანონდებლო ორგანოში ინიცირებამდე, კანონპროექტზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს, რათა ის არსებულ გამოწვევებს პასუხობდეს და „არჩევნების თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფდეს“.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ქართული ოცნების მიერ საარჩევნო კანონმდებლობის დასახვეწად შემუშავებული ცვლილებების პროექტი არასამთავრობო სექტორს სამუშაო ჯგუფის ფორმატში 5 აგვისტოს გააცნო.

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმაზე მომუშავე ჯგუფმა, რომელშიც მმართველი გუნდის, ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო სექტორისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან, პირველი შეხვედრა 13 ივნისს გამართა.

24 ივნისს ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თბილისში მიმდინარე საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარების ინიციატივით გამოვიდა. ქართულმა ოცნებამ შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი პარლამენტში 1 ივლისს წარადგინა.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button