ძველი ამბები

დამფუძნებელი კრება ევროპაში ქართული კულტურის შესახებ პროპაგანდას იწყებს

Tags

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 13 ივნისი, N129

დამფუძნებელ კრებაში

საპროპაგანდო კომისია.

ოთხშაბათს, 9 ივნისს, დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის კაბინეტში ალექსანდრე ლომთათიძის თავმჯდომარეობით შესდგა კერძო თათბირი, რომელიც მოწვეული იყო დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის და საპროპაგანდო კომისიის მიერ. თათბირს დაესწრენ სამეცნიერო დაწესებულებათა, ხელოვნების და კულტურულ განმანათლებელ საზოგადოებათა წარმომადგენლები, ფრაქციის ლიდერები და დამფუძნებელი კრების წევრნი.

 საქართველოს საზღვარ გარეთის დელეგაციის წევრმა ირაკლი წერეთელმა საკითხი დასვა ქართული კულტურის სუსტ პროპაგანდის შესახებ ევროპაში, და ამავე დროს მიუთითა თათბირს იმ პრაქტიკულ ზომებზე, რომელთა მეოხებით შეიძლება ამ საქმის სათანადო სიმაღლეზე დაყენება.

აზრთა გაცვლა-გამოცვლის შემდეგ თათბირმა საჭიროდ სცნო ერთხმად შეუდგნენ ამ საქმის პრაქტიკულად განხორციელებას და მიანდო დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმს მიიღოს თავის თავზე პროპაგანდის საქმის ტეხნიკურად ხელმძღვანელობა.

თათბირზე გადაწყდა აგრეთვე დაამზადონ მასალები საქართველოს შესახებ კრებულის პირველ ტომისათვის, რომელიც შევა მეცნიერულ ხასიათის წერილები, წერილები საქართველოს ისტორიიდან, ხელოვნებიდან, ლიტერატურის ისტორიიდან, პოეზიიდან და სხვა.

 კრებული გამოვა სამ ევროპიულ ენაზე.

მსგავსი/Related

Back to top button