skip to content
ახალი ამბები

საქართველო მიესალმება აშშ-ის პოზიციას „ღია ცის“ ხელშეკრულების სავარაუდო დატოვებაზე

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 23 მაისს რუსეთის მხრიდან „ღია ცის“ ხელშეკრულების დარღვევის გამო შეთანხმებიდან შესაძლო გასვლაზე აშშ-ის პოზიციას მიესალმა. ზალკალიანის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება „მჭიდრო კომუნიკაციაშია“ აშშ-თან და ხელშეკრულების ხელმომწერ სხვა სახელმწიფოებთან, რათა განსაზღვროს, როგორ გაარძელებს ქვეყანა ხელშეკრულებაში მონაწილეობას. 

მინისტრის თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთმა შეთანხმების განსხვავებულ ინტერპრეტაციას მიჰყო ხელი და 2010 წლიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების გასწვრივ 10 კილომეტრიან ზონაში ფრენებზე „გარკვეული შეზღუდვები“ დააწესა. ზალკალიანის თქმით, აღნიშნული შეზღუდვა ხელშეკრულების დარღვევაა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ შეზღუდვის გამართლებას რუსეთი იმით ცდილობდა, თითქოს აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, როგორც „ქვეყნები“ დამოუკიდებელი სუბიექტები არიან, რომლებიც ხელშეკრულების ხელმომწერნი არ არიან. ზალკალიანის თქმით, რუსეთის აღნიშნული პოზიცია საერთაშორისო სამართლის ნორმების უგულებელყოფს.

მინისტრმა თქვა, რომ საპასუხოდ საქართველომ „ღია ცის“ ხელშეკრულება რუსეთთან მიმართებით ჯერ კიდევ 2012 წელს შეაჩერა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ 21 მაისს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „ღია ცის“ ხელშეკრულების დატოვების შესახებ განაცხადა და ამის მიზეზად რუსეთის მიერ საერთაშორისო შეთანხმების მუდმივი დარღვევა, მათ შორის, ის ფაქტიც დაასახელა, რომ რუსეთი აშშ-ის უფლებას არ აძლევს, მის საზღვართან მდებარე საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონთან „10 კილომეტრიან კორიდორში სადამკვირვებლო ფრენები განახორციელოს“.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის გადაწყვეტილებას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა და რუსეთი საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაში მანაც დაადანაშაულა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button