skip to content
ახალი ამბები

სტოლტენბერგი: რუსეთის შეზღუდვები ფრენებზე „ღია ცის“ ხელშეკრულების დარღვევაა

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 22 მაისს, ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მიერ „ღია ცის“ ხელშეკრულების შესახებ მსჯელობის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის შეზღუდვები სადამკვირვებლო ფრენებზე, მათ შორის, საქართველოსთან საზღვრის სიახლოვეს, საერთაშორისო ხელშეკრულების დარღვევაა.

გენერალური მდივნის განცხადებისა და ჩრდილოატლანტიკური საბჭოს შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ „ღია ცის“ ხელშეკრულების დატოვების გადაწყვეტილება მიიღო და ამის მიზეზად რუსეთის მიერ საერთაშორისო ხელშეკრულების მუდმივი დარღვევა, მათ შორის, ის ფაქტიც დაასახელა, რომ რუსეთი აშშ-ის უფლებას არ აძლევს, მის საზღვართან მდებარე საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონთან „10 კილომეტრიან კორიდორში სადამკვირვებლო ფრენები განახორციელოს“.

„რუსეთის მიერ „ღია ცის“ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შერჩევითმა განხორციელებამ ძირი გამოუთხარა იმ წვლილს, რომელიც ამ მნიშვნელოვან ხელშეკრულებას ევროატლანტიკურ რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საქმეში შეაქვს“, – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

აღნიშნა რა, რომ აშშ-მა, შესაძლოა, გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ხელშეკრულებას სრულად შეასრულებს, სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი საუკეთესო გზა იქნება ხელშეკრულების სარგებლის შესანარჩუნებლად.

ხაზი გაუსვა რა, რომ ნატოს მოკავშირეები კვლავაც განაგრძობენ და გააძლიერებენ კონტროლს შეიარაღებაზე, განიარაღებასა და იარაღის გაუვრცელებლობაზე, რაც „ევროატლანტიკური უსაფრთხოების მთავარი ელემენტია“, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ალიანსი „კვლავ ისწრაფვის რუსეთთან კონსტრუქციული ურთიერთობისკენ, როდესაც რუსეთის ქმედებები ამის საშუალებას იძლევა“.

„ღია ცის“ შესახებ 1992 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულება საერთაშორისო შეთანხმებაა, რომელიც 35 წევრ სახელმწიფოს საშუალებას აძლევს, რომ ერთმანეთის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენები განახორციელონ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button