ახალი ამბები

პარლამენტში ნიკა მელია ბადრი ბასიშვილმა შეცვალა

Tags

პარლამენტმა ნაციონალური მოძრაობის აწ უკვე ყოფილი დეპუტატის ნიკა მელიას ადგილზე ბადრი ბასიშვილის უფლებამოსილება ცნო. 17 იანვარს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე საკითხს მხარი 75-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი ორი იყო.

პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება ვადაზე ადრე 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყვიტა. ამის მიზეზი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2 დეკემბრის გადაწყვეტილება გახდა, რომლის თანახმადაც, სასამართლომ მელია ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას სასჯელის სახედ 25 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. ამასთან, მას ორი წლითა და სამი თვით თანამდებობის დაკავების უფლებაც ჩამოართვა.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის ერთ-ერთი მიზეზი სწორედ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც იგი დამნაშავედ არის ცნობილი.

სხდომას ბოიკოტის რეჟიმის გამო არ ესწრებოდნენ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს დეპუტატებს.

ბადრი ბასიშვილი 2012-2013 წლებში შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულის მოადგილე, 2006-2008 წლებში კი – ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იყო. უფრო ადრე, 2004 წელს მას საქართველოს პრეზიდენტის სახელწიფო რწმუნებულის აპარატის მრჩევლის თანამდებობა ეკავა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button