ახალი ამბები

Freedom House-ის კვლევის თანახმად, საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი უცვლელია


„გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოები – 2017“. ფოტო: Freedom House

Freedom House-ის ყოველწლიური კვლევის მიხედვით 2016 წელს საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით არ შეცვლილა.

„გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოები – 2017“ არის ყოველწლიური კვლევა, რომელიც პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში 2016 წელს არსებულ მდგომარეობას მიმოიხილავს.

ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოს დემოკრატიულობის საერთო ქულა, 2016 წლის ანგარიშის მსგავსად, 4.61-ს შეადგენს; 2015 წლის ანგარიშში, ეს მაჩვენებელი 4.64 იყო, ხოლო 2014 წელს – 4.68.

Freedom House-ის 2013 და 2012 წლის ანალოგიურ კვლევებში საქართველოს 4.75 და 4.82 ქულები ჰქონდა, შესაბამისად.

დემოკრატიულობის საერთო ქულა გამოიანგარიშება ქულების საშუალო მაჩვენებლით ცალკეული კატეგორიების მიხედვით, რომელიც მოიცავს: საარჩევნო პროცესს, სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას, ცენტრალურ და ადგილობრივ მმართველობას, სასამართლო სისტემას და კორუფციას – ყველა ამ ცალკეული კატეგორიის მაჩვენებლები საქართველოსთვის 2016 წელს უცვლელი დარჩა.

ქულები წარმოდგენილია 1-დან 7-მდე შკალაზე, სადაც 1 დემოკრატიული განვითარების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია, ხოლო 7 – ყველაზე დაბალი. Freedom House-მა აღნიშნა, რომ ცალკეული ქვეყნების რეიტინგები ორგანიზაციის, მისი მრჩევლების და ცალკეული ქვეყნების შესახებ ანგარიშების ავტორების კონსენსუსის საფუძველზე შედგა. (საქართველოს შესახებ მოხსენების ავტორი მოცემული არ არის).

Freedom House-ის „გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოების“ პროექტის დირექტორი ნეით შენკანი ანგარიშის მიმოხილვით ნაწილში აღნიშნავს, რომ 2016 წელს ანგარიშში ასახული 29 ქვეყნიდან 18-ში დემოკრატიულობის ქულების კლება დაფიქსირდა, მათ შორის, მონაცემები ყველაზე მნიშვნელოვნად 2008 წლის გლობალური ფინანსური არასტაბილურობის შემდეგ გაუარესდა.

„ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასა და ბალკანეთის ქვეყნებში წლების მანძილზე გაბატონებულმა პოპულიზმმა და კორუფციამ ერთ დროს იმედისმომცემი დემოკრატიული ინსტიტუტები გაანადგურა. ევრაზიაში, პერსონალისტური ავტორიტარიზმი მზარდი ტენდენციიდან დამკვიდრებულ ნორმად იქცა“, – აცხადებს იგი. 

ანგარიშის თანახმად, 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკიდან (ბალტიისპირეთის სამი სახელმწიფოს გამოკლებით) რვაში „კონსოლიდირებული ავტორიტარული რეჟიმია“, ერთში – სომხეთში – „ნახევრად ავტორიტარული სისტემაა“. საქართველო, მოლდოვა და უკრაინა „გარდამავალ–ჰიბრიდული სისტემის“ მქონე ქვეყნებს მიეკუთვნებიან.

ბალტიისპირეთში, ბალკანეთის ქვეყნებსა და ცენტრალურ ევროპაში შვიდი ქვეყანა „კონსოლიდირებული დემოკრატიის“ კატეგორიაში მოექცა (ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, სლოვენია); ექვსი – „ნახევრად კონსოლიდირებული დემოკრატიის“ კატეგორიაში (უნგრეთი, ხორვატია, სერბეთი, მონტენეგრო, რუმინეთი, ბულგარეთი), ხოლო ოთხი „გარდამავალ–ჰიბრიდული სისტემის“ მქონე ქვეყნების ჯგუფში (ალბანეთი, მაკედონია, კოსოვო, ბოსნია და ჰერცეგოვინა).

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button