ახალი ამბები

Freedom House: საქართველო ‘ნაწილობრივ თავისუფალ’ ქვეყნად რჩება


წყარო: Freedom House-ის ანგარიში „თავისუფლება მსოფლიოში 2018 წელს“

საქართველო შესაძლოა თავისი დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს უახლოვდებოდეს და ამიტომ მომავალ წელს განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს, ნათქვამია Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშში.   

„თავისუფლება მსოფლიოში 2018 წელს“ მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით 195 ქვეყანასა და 14 ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციას იკვლევს და 2017 წელს განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

თითოეულ ქვეყანას ან ტერიტორიას ენიჭება სტატუსი „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ ან „არა თავისუფალი“ პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში მიღებული ქულების მიხედვით 1–დან 7–მდე შკალაზე, სადაც 1 წარმოადგენს ყველაზე თავისუფალს, ხოლო 7 ყველაზე ნაკლებად თავისუფალს.

ანგარიშის თანახმად, 2017 წელს პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში საქართველოს რეიტინგი უცვლელი დარჩა 3 ქულაზე; ქვეყანა კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალი“ ქვეყნების კატეგორიაში დარჩა. თუმცა, საქართველო „2018 წელს დასაკვირვებელი ქვეყნების“ სიაში შევიდა.

ცოტა ხნის წინ ქართულმა ოცნებამ საკონსტიტუციო ცვლილებები მიიღო, რაც მილიარდელ ექს-პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის ფინანსურ მხარდაჭერასთან ერთად, დანაწევრებული ოპოზიციის წინააღმდეგობას მომავალ არჩევნებზე კიდევ უფრო სათუოს გახდის და პოტენციურად კიდევ უფრო გააძლიერებს მმართველი პარტიის კონტროლს მომდევნო წლებში, ნათქვამია „2018 წელს დასაკვირვებელი ქვეყნების“ ნაწილში საქართველოს შესახებ.     

საქართველოს ევრაზიის ნაწილშიცაა მოხსენიებული. „რეგიონის დემოკრატიისთვის ალბათ ყველაზე საგანგაშო საფრთხე მოიცავდა ავტორიტარულ ძალებს, რომლებმაც საზღვრებიც გადალახეს თავიანთი ოპონენტების დასასჯელად. გადასახლებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში სავარაუდოდ ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს, შემდეგ საზღვარზე გადაიყვანეს აზერბაიჯანში, რამაც აღძრა წუხილები გატაცებაში საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობის თაობაზე“, – ნათქვამია ანგარიშში. 

Freedom House-ის კვლევაში სეპარატისტული აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „სადავო ტერიტორიების“ კატეგორიაში გადიან. წინა ანგარიშების მსგავსად, ცხინვალის რეგიონს „არა თავისუფალის,“ ხოლო აფხაზეთს „ნაწილობრივ თავისუფალის“ სტატუსი აქვთ მინიჭებული. წინა ანგარიშების მსგავსად, პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში აფხაზეთს 4 ქულა აქვს და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში – 5 ქულა; ხოლო სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს 7 ქულა აქვს პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში და 6 ქულა სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში.

მსგავსი/Related

Back to top button