skip to content
ახალი ამბები

საქართველო ინტერნეტის თავისუფლების შესახებ Freedom House-ის ანგარიშში

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის მიერ ინტერნეტის თავისუფლების შესახებ 5 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, საქართველო „თავისუფალი“ ქვეყნების სიაში მოხვდა.

ანგარიშში, რომელიც 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს, ნათქვამია, რომ საქართველოს ხელისუფლება „ძირითადად პატივს სცემს ციფრულ უფლებებს“, თუმცა „ინტერნეტის თავისუფლებისათვის საფრთხეები რამდენიმე ფრონტზე ნარჩუნდება“. სამი ნაწილისგან შემდგარი ანგარიში ასახავს სხვადასხვა ქვეყანაში შექმნილ ვითარებას ინტერნეტთან წვდომის, შინაარსზე დაწესებული შეზღუდვების და მომხმარებელთა უფლებების დარღვევის კუთხით.

ანგარიშის თანახმად, „ტროლინგი, კერძოდ კი, მთავრობასთან დაკავშირებული ბოტებისა და მომხმარებლების მხრიდან, განსაკუთრებით გაძლიერდა 2018 წლის ივნისის საპროტესო გამოსვლებისა და 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს“. „გარდა ამისა, ინტერნეტ გარემოს ზიანს აყენებს [მომხმარებელთა] შევიწროება, რასაც საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი ონლაინ დაშინების რამდენიმე გახმაურებული შემთხვევა მოწმობს“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

„საქართველოში რეგულარული და კონკურენტული არჩევნები ტარდება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ტრაექტორიამ გაუმჯობესების ნიშნები 2012-2013 წლებში, ხელისუფლების ცვლილების პერიოდში აჩვენა, თუმცა უკანასკნელ წლებში პროგრესი შეჩერდა. ოლიგარქიულ აქტორებს ჭარბი გავლენა აქვთ [ამა თუ იმ სფეროში ] პოლიტიკის ფორმირებასა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ხოლო კანონის უზენაესობა პოლიტიკური ინტერესებით იზღუდება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ინტერნეტისა და მობილური ტელეფონების მომხმარებელთა რაოდენობა გზრდას განაგრძნობს, „მომსახურების მაღალი ფასები, არასაკმარისად განვითარებული ინფრასტრუქტურა და ინტერნეტის დაბალი სიჩქარე ქმნის დაბრკოლებას ინტერნეტთან წვდომაზე“. ანგარიშში ნათქვამია, რომ „ბევრ რესტორანში, ბარებში, კინოთეატრებსა და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში უზრუნველყოფილია წვდომა უკაბელო ინტერნეტზე (Wi-Fi), რაც მომხმარებლებს საკუთარი მოწყობილობების მეშვეობით ინტერნეტით სარგებლობის საშუალებას აძლევს“, თუმცა ინტერნეტზე წვდომის გაფართოების მიუხედავად, ბევრი მომხმარებელი კავშირის დაბალ ხარისხს უჩივის.

„მთავრობას არ დააუწესებია რაიმე შეზღუდვა ინტერნეტთან დაკავშირებაზე და ძირითად ინტერნეტ-ინფრასტრუქტურას კერძო კომპანიები ფლობენ და ოპერირებენ“, – ამბობს Freedom House. „საანგარიშო პერიოდში, მთავრობას არ შემოუღია რაიმე შეზღუდვა კომუნიკაციებსა თუ სოციალური მედიის პლატფორმებზე. კონტენტის დაბლოკვის, ფილტრაციის ან ამოღების სერიოზული შემთხვევები არ გამოვლენილა“, – ვკითხულობთ ანგარიშში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ „ინტერნეტი, კერძოდ კი, სოციალური მედია, რჩება მრავალფეროვანი კონტენტის გაზიარებისა და ადვოკატირების მნიშვნელოვან ინსტრუმენტად“.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „მართალია, თვითცენზურა ონლაინ ჟურნალისტებსა და მომხმარებლებს შორის არაა ფართოდ გავრცელებული, ზოგიერთი ადამიანი თავს იკავებს ონლაინ სივრცეში გულახდილი საუბრისაგან“. „იმის მიუხედავად, რომ მთავრობის მხრიდან შინაარსის სისტემატურ და ყოვლისმომცველ მანიპულაციას ადგილი არ აქვს, მთავრობასთან დაკავშირებული ჯგუფები ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას სოციალურ მედიაში, რათა ზეგავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე“, – ვკითხულობთ ანგარიშში.

„მაგალითად, 2019 წლის ივნისში, ანტისამთავრობო დემონსტრაციების დროს, ონლაინ აქტივისტები იტყობინებოდნენ, რომ ბოტები და დასპონსორებული განცხადებები გამოიყენებოდა პროტესტისათვის ხელის შესაშლელად და პრო-სამთავრობო ინფორმაციის გასავრცელებლად“, – აღნიშნულია ანგარიშში. „ბოლო წლებში, ყალბი სიახლეებისა და ულტრა-მემარჯვენე იდეების გასავრცელებლად შექმნილი ფეისბუკ-გვერდების რაოდენობა, ისევე როგორც მსგავსი კონტენტის მომხმარებელათა რიცხვი, მნიშვნელოვნად გაიზარდა“, – ვკითხულობთ იქვე.

Freedom House-ის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები „ზოგადად, თავისუფლად გამოთქვამენ აზრებს ონლაინ სივრცეში, თუმცა, საანგარიშო პერიოდში, ონლაინ აქტივობის გამო დაწყებული სამართლებრივი დევნის რამდენიმე შემთხვევა შეშფოთების მიზეზი გახდა“. ხელისუფლება „პერიოდულად იწყებს გამოძიებას იმ ინტერნეტ მომხმარებლების მიმართ, რომლებიც ონლაინ სივრცეში ძალადობით იმუქრებიან, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების პასუხი შესაძლოა იყოს არაპროპორციული“, – ნათქვამია ანგარიშში.

„2019 წლის თებერვალში, 16 პირი დაკავებულ იქნა სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის საფუძველზე, სოციალურ მედიასა და ჩატში პარლამენტის წევრის ეკა ბესელიას მონაწილეობით უკანონოდ გადაღებული ვიდეოს გავრცელებისათვის. მაისში, ყველა ეჭვმიტანილი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, თუმცა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ინტერნეტის თავისუფლების შესახებ ანგარიში წარმოადგენს ყოლისმომცველ კვლევას მსოფლიოს 65 ქვეყანაში ინტერნეტის თავისუფლების კუთხით არსებული ვითარების შესახებ, რომელიც მსოფლიოს ინტერნეტ-მომხმარებელთა 87%-ს მოიცავს. ის ასახავს ინტერნეტის თავისუფლების გაუმჯობესებისა და გაუარესების ყოველწლიურ მაჩვენებლებს.

ქვეყნების რეიტინგი 100-ქულიანი სკალით განისაზღვრება, სადაც ყველაზე დაბალი ქულა ცუდ შედეგს, ხოლო ყველაზე მაღალი ქულა საუკეთესო მაჩვენებელს გულისხმობს.

წლევანდელ ანგარიშში საქართველოს 75 ქულა აქვს მინიჭებული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button