skip to content
ახალი ამბები

ცხინვალის რეგიონში COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ COVID-19-ით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოავლინა. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ნომერ პირველი პაციენტი ოკუპირებულ რეგიონში 30 აპრილს რუსეთის ფედერაციიდან ჩავიდა.

„ჩამოსვლისთანავე იგი კარანტინში მოათავსეს. მას სიცხე ჰქონდა, ამიტომ ინფექციაზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. ამჟამად, პაციენტი ინფექციური საავადმყოფოს იზოლირებულ ბლოკში მკურნალობს“, – განაცხადა რეგიონის მთავარმა ექიმმა მარინა კოჩიევამ.

კორონავირუსის გამო ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ 60-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეებისთვის რეგიონში შესვლაზე შეზღუდვები 2 მარტს დააწესა. აკრძალვა რუსეთის მოქალაქეებს არ ეხებოდათ.

თბილისში კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ, ცხინვალმა 27 თებერვალს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, რეგიონის დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა გამშვები პუნქტი ჩაკეტა.

2 აპრილს ცხინვალმა როკის გვირაბზე, საქართველო-რუსეთის საზღვარზე მოქალაქეების მიმოსვლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით, ეს შეზღუდვა 31 მაისამდე გაახანგრძლივა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილმა ცხინვალის რეგიონში არსებულ ვითარებას საგანგაშო უწოდა. მისი თქმით, ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლება რეგიონის მოსახლეობას უკრძალავს, რომ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ საავადმყოფოებში მიიღონ.

კოვიდ-19-ის შესახებ დეტალებისთვის მიჰყევით ბმულს:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button