ახალი ამბები

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე, გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, განაცხადა საქართველოს სახელმწიფო უსაფრხოების სამსახურმა 2 ივლისს.

გიორგი მოსიაშვილი 2023 წელს საჩხერის რაიონში დააკავეს და ე.წ. საზღვრის გადაკვეთასთან ერთად, ბრაკონიერობა დასდეს ბრალად.

სუს-ის ინფორმაციით, გიორგი მოსიაშვილის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე „ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი“.

სუს-ის თქმით, საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

„ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში. „საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალას ეკისრება“.

This post is also available in: English

Back to top button