ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე შეამცირა

Tags

კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 29 აპრილის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით – 8.5%-მდე შემცირდა.

ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დაიწყო და გასული წლის დეკემბრამდე პერიოდში, ჯამში, რეფინანსირების განაკევთი 2.5 პროცენტული პუნქტით – 6.5%-დან 9.0%-მდე გაზარდა. სებ-ის განმარტებით, აღნიშნული გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავდა მიზნად. ბოლო ორ სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად – 9.0%-ზე დატოვა.

სებ-ის მიერ 29 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში, მარტის თვეში, წლიური ინფლაცია 6.1% იყო. ბანკისვე განმარტებით, „პანდემიის ფონზე, ლოგისტიკური შეზღუდვებით გამოწვეული მიწოდების ფაქტორები მიმდინარე თვეებში ინფლაციის შემცირებას დააყოვნებს, თუმცა საგარეო და შიდა მოთხოვნის მკვეთრი კლება წლის განმავლობაში ინფლაციაზე დაღმავალ ზეწოლას შექმნის“.

„მოთხოვნის მხარეს მოსალოდნელი სისუსტის გათვალისწინებით, ამ დონეზე გამკაცრებული პოლიტიკის შენარჩუნების საჭიროება აღარ არის. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა გამკაცრებული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო“, – განმარტავს სებ-ი.

ეროვნული ბანკი იქვე ხაზს უსვამს, რომ რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მიუხედავად, „მონეტარული პოლიტიკა გამკაცრებული რჩება, რაც საშუალოვადიან პერიოდში, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელთან დაბრუნებას უზრუნველყოფს“. ბანკისვე განმარტებით, გამკაცრებული პოლიტიკიდან გამოსვლა ეტაპობრივად მოხდება და „შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება ინფლაციის მოლოდინები“.

ეროვნულ ბანკში იქვე მიუთითებენ, რომ „საწარმოო პროცესებისა და მიწოდების ჯაჭვების შეფერხებები კომპანიების ხარჯებზე და, შედეგად, ფასებზეც ზრდის მიმართულებით მოქმედებს“. თუმცა, განმარტავენ, რომ „იმ დაშვებით, რომ ვირუსის გავრცელების გამო დაწესებული ფართომასშტაბიანი შეზღუდვები მოკლევადიანია, ეს უკანასკნელი, დროებითი ხასიათის მიწოდების შოკს წარმოადგენს, რაზეც მონეტარული პოლიტიკის რეაგირება კონტრპროდუქტიულია“.

ამასთან, ეროვნული ბანკის შეფასებით, ინფლაციის შემცირებაზე საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნა იმოქმედებს, რაც საქართველოში ბენზინის ფასების შემცირებაში ეტაპობრივად ისახება. „დამატებით საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებიდან მნიშვნელოვანი მოცულობით მოსალოდნელი დახმარება ხელს შეუწყობს შოკის გავლენის აღმოფხვრას ეკონომიკურ ზრდაზე და ინფლაციაზე“, – დასძენენ სებ-ში.

ეროვნული ბანკი ეკონომიკური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელზეც საუბრობს და ამბობს, რომ რეალური ეკონომიკური ზრდა დაახლოებით მინუს 4% იქნება, „რაც ადგილგილობრივი და საგარეო მოთხოვნის კლებით არის გამოწვეული“.

ამასთან, სებ-ის პროგნოზით, წინასწარი მონაცემებით, მარტში საქონლის ექსპორტი წლიურად 22%-ით, ხოლო საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებული შემოსავალი თითქმის 70%-ით შემცირდა. „ფულად გზავნილებშიც კლება დაფიქსირდა (-9%). ამასთანავე, შემცირებულია იმპორტიც (-13%), რაც შიდა მოთხოვნის შესუსტებაზე მიუთითებს“, – დასძენენ ეროვნულ ბანკში.

ეროვნული ბანკი „არსებული გაურკვევლობის“ ფონზე, საკრედიტო და ლიკვიდობის რისკების ზრდაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ეს საბაზრო საპროცენტო განაკვეთების ზრდაში გამოიხატა. იმისათვის, რომ აღნიშნული ეკონომიკის დაკრედიტების შემზღუდველი ფაქტორი არ გახდეს, ბანკმა ლიკვიდობის მიწოდების დამატებითი ინსტრუმენტები აამოქმედა და „ეროვნული ბანკი სვოპ ოპერაციებით ლიკვიდობას როგორც კომერციულ ბანკებს, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს აწვდის“.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 24 ივნისს არის ჩანიშნული.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button