Placeholder canvas
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით – 9.0%-მდე გაზარდა. გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 11 დეკემბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყო, რაც სებ-ის განმარტებით, გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. ჯამში 4 სექტემბრიდან დღემდე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 2.5 პროცენტული პუნქტით – 6.5%-დან 9.0%-მდე გაზარდა.

ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ნოემბერში წლიურმა ინფლაციამ 7.0% შეადგინა. ამავე განმარტებით, „ერთჯერად ფაქტორებთან ერთად, ინფლაციაზე მნიშვნელოვან გავლენას ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურება ახდენს“. „მიუხედავად ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარი გამყარებისა, გაცვლითი კურსი გაუფასურებული რჩება, რაც მიზნობრივზე მაღალი ინფლაციის მოლოდინს უწყობს ხელს“, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

„ინფლაციის საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შესანარჩუნებლად პოლიტიკის გამკაცრება ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის აღმოფხვრამდე გაგრძელდება“, – აცხადებს ეროვნული ბანკი. მისივე განმარტებით, „მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდგომი გადაწყვეტილებები დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად სწრაფად შემცირდება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე წნეხი“.

ეროვნული ბანკის პროგნოზით, „სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იქნება“.

2020 წლის ბიუჯეტში მთავრობამ ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3.5%-ით განსაზღვრა

„საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებენ სებ-ში და იქვე განმარტავენ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 29 იანვარს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button