skip to content
ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-ზე დატოვა

COVID-19-ის პანდემიის ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 18 მარტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი კვლავ არ შეიცვალა და 9% დარჩა.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეროვნულმა ბანკმა 2019 წლის სექტემბრიდან დაიწყო, რაც სებ-ის განმარტებით, გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. ჯამში, 4 სექტემბრიდან დღემდე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 2.5 პროცენტული პუნქტით – 6.5%-დან 9.0%-მდე გაზარდა.

სებ-ის განმარტებით, იანვარ-თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.4 პროცენტი შეადგინა. ეროვნული ბანკის განმარტებით, კომიტეტის წინა სხდომაზე არსებული პროგნოზებით მოსალოდნელი იყო, რომ ინფლაცია წლის დარჩენილ პერიოდში შემცირდებოდა და ეტაპობრივად მიზნობრივ დონეს დაუბრუნდებოდა. „აღნიშნული შეფასება გარკვეული პერიოდის განმავლობაში მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნებას ითვალისწინებდა“, – განმარტავენ ეროვნულ ბანკში.

„თუმცა, კორონავირუსის პანდემიისა და მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ნავთობის ფასების მკვეთრი ვარდნის ფონზე, ეკონომიკური გაურკვევლობა გლობალურად მნიშვნელოვნად გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპები შენელდება როგორც ჩვენ სავაჭრო პარტნიორებში, ისე საქართველოში, რის გამოც ამ ეტაპზე არსებული მონაცემების საფუძველზე, ზუსტი შეფასებების გაკეთება შეუძლებელია“, – ვკითხულობთ სებ-ის განცხადებაში.

სებ-ში ასევე დასძენენ, რომ „იმ შემთხვევაში, თუ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა უფრო ძლიერი აღმოჩნდა, ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო გამკაცრებას განიხილავს“.

„თუ საგარეო და შიდა მოთხოვნის შემცირება იმდენად ძლიერი და გრძელვადიანი იქნება, რომ, კურსის გაუფასურების მიუხედავად, ინფლაციაზე დაღმავალ ზეწოლას შექმნის, ეროვნული ბანკი მზად იქნება დაიწყოს მონეტარული პოლიტიკის შერბილება“, – განმარტავენ სებ-ში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომა 29 აპრილს ჩატარდება. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობასაც განიხილავს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button