ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-ზე დატოვა

Tags

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 1 მაისის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად – 6.5%-ზე დარჩა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წლის დასაწყისიდან, ინფლაციის მაჩვენებელი 3%-ის ირგვლივ რჩებოდა. მარტში კი წლიურმა ინფლაციამ 3.7% შეადგინა, რაც თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის მატებამ განაპირობა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი მომდევნო თვეებში შემცირდება და მიზნობრივი დონის ირგვლივ იმოძრავებს.

ბანკისავე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ერთობლივი მოთხოვნა კვლავ ჩამორჩება მის პოტეცნიურ დონეს, საგარეო სექტორიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ პოლიტიკის ნორმალიზაცია ეტაპობრივად განხორციელდება, „დაბალი ინფლაციური წნეხის“ და „საგარეო მოთხოვნის ზომიერი ზრდის“ გათვალისწინებით.

ეროვნულმა ბანკმა ზომიერად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა 2018 წლის ივლისიდან დაიწყო და რეფინანსირების განაკვეთი 7.25%-დან 7%-მდე შეამცირა. მომდევნო სამ შეხვედრაზე განაკვეთი უცვლელი დარჩა, ხოლო 2019 წლის 30 იანვრის შეხვედრაზე ის 6.75%-მდე, 13 მარტის შეხვედრაზე კი – 6.5%-მდე შემცირდა.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2019 წლის 12 ივნისს გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button