ახალი ამბები

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი ერთი პროცენტული პუნქტით – 8.5%-მდე გაზარდა. გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 23 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყო, რაც სებ-ის განმარტებით, გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან მომდინარე ინფლაციური ზეწოლის განეიტრალებას ისახავს მიზნად. ჯამში 4 სექტემბრიდან დღემდე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი ორი პროცენტული პუნქტით – 6.5%-დან 8.5%-მდე გაზარდა.

ეროვნული ბანკის განმარტებით, სექტემბერში წლიური ინფლაცია მიზნობრივზე მაღალი – 6.4% იყო, რასაც დროებით ფაქტორებთან ერთად, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურების ინფლაციაზე „გადმოცემა“ განაპირობებს. სებ-ის პროგნოზის მიხედვით, მიმდინარე წელს ინფლაცია მიზნობრივ დონეზე მაღალი იქნება, საშუალოვადიან პერიოდში, მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება, შემცირებას კი მომავალ წლის მარტიდან დაიწყებს.

სებ-ში აცხადებენ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო გადაწყვეტილებები სწორედ იმაზე იქნება  დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად აღმოიფხვრება გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლა.

„ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და ფინანსურ ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად“, – აცხადებენ სებ-ში და იქვე განმარტავენ, რომ მონეტარული პოლიტიკის მომდევნო სხდომა 11 დეკემბერს ჩატარდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button