ახალი ამბები

ლარი დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმზეა

Tags

საქართველოს ეროვნული ბანკის ბოლო მაჩვენებლებით, ერთი ამერიკული დოლარის ღირებულება 2.7997 ლარია, რაც ეროვნული ვალუტის ისტორიაში ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. აქამდე, დოლართან მიმართებით, ლარი ყველაზე დაბალ ნიშნულზე 2016 წლის დეკემბერში იყო, როდესაც ერთი აშშ დოლარი 2.7846 ლარი ღირდა.

ლარის მკვეთრი გაუფასურება ბოლოს გასული წლის ნოემბერში მოხდა, როდესაც ერთ თვეში ეროვნული ვალუტა 15 თეთრით გაუფასურდა და 8 ნოემბრის მონაცემებით, ერთი აშშ დოლარის ყიდვა 2.76 ლარად იყო შესაძლებელი.

ამის შემდეგ, ლარმა გამყარება დაიწყო და ბოლო 5 თვის მანძილზე 1 აშშ დოლარის ღირებულება საშუალოდ 2.65-2.69 ლარის ფარგლებში მერყეობდა.

აშშ დოლართან მიმართებით, ლარის მორიგი გაუფასურება 2019 წლის მარტის ბოლოდან დაიწყო. 26 მარტის მონაცემებით, ერთი აშშ დოლარი უკვე 2.70 ლარი ღირდა.

დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში, ლარი 2.70 ლარიან ნიშნულს სტაბილურად ინარჩუნებდა. 8 მაისის მონაცემებით კი, 1 აშშ დოლარის ყიდვა უკვე 2.72 ლარად იყო შესაძლებელი.

მთლიანობაში, ბოლო 20 დღის მანძილზე, ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით 9 თეთრით გაუფასურდა. 31 მაისის გაცვლითი კურსი ეროვნულ ბანკს ჯერ არ დაუდგენია.

ეკონომიკური ანალიტიკოსების ნაწილი ეროვნული ვალუტის გაუფასურებას საგრეო ფაქტორებს და უარყოფით მოლოდინებს უკავშირებს. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის გიორგი კეპულაძის თქმით, სავარაუდოდ, თურქული ლირის გაუფასურებით შეშფოთებულმა ბაზრის მონაწილეებმა – კომპანიებმა და კერძო პირებმა – აშშ დოლარების დაგროვება დაიწყეს, რაც თავის მხრივ ლარის კურსზე აისახა.

„ამ ყველაფერს ჩვენ შეგვიძლია რაღაცნაირად დავუპირისპირდეთ, რაღაც ბუფერი შევქმნათ, რომელიც დაგვიცავს ამ ე.წ. საგარეო შოკებისგან და ეს არის მაქსიმალური დივერსიფიკაცია, როგორც ჩვენი ეკონომიკის, ასევე სავაჭრო პარტნიორების, რაც სამწუხაროდ ვერ კეთდება“, – ამბობს ის.

ლარის კურსის ვარდნას გარე ფაქტორების და უარყოფით მოლოდინებს უკავშირებს სფეროს კიდევ ერთი სპეციალისტი გიორგი ცუცქირიძეც. „მოლოდინები, სამწუხაროდ, არის ნეგატიური, რომელიც აიძულებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, მოახდინონ ვალუტის შესყიდვა. ამ წუთში ეს დაკავშირებულია ზოგადად დოლარის გაძვირებასთან და ლირის გაუფასურების მოლოდინთან“, – განმარტავს ის.

ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი ნიკა შენგელია კი მიიჩნევს, რომ მთავრობა და ეროვნული ბანკი შეთანხმებულად ვერ მუშაობს და ეროვნული ვალუტის კურსის ვარდნაც, სწორედ ამის შედეგია. ის დოლართან მიმართებით ლარის გაცვლითი კურსის 2.85-იან ნიშნულზე დასტაბილურებას პროგნოზირებს.

დოლართან მიმართებით, ეროვნული ვალუტის კურსის დაცემას „მოკლევადიან რყევად“ აფასებს სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე. მისი განმარტებით, ეკონომიკის ფუნდამეტური ფაქტორები გაუმჯობესებულია, თუმცა იმის გამო, რომ 2019 წლის პირველი კვარტლის საგადამხდელო ბალანსის მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის, ამ ეტაპზე სრული სურათის დანახვა შეუძლებელია.

ის ლარის კურსის ვარდნის საგარეო ფაქტორებზეც მიუთითებს და ამბობს, რომ ზოგადად, აშშ დოლარი მსოფლიო ბაზარზე მყარდება, ხოლო თურქული ლირა უფასურდება, რაც თავის მხრივ ლარზეც აისახება. „მაგრამ რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი შოკის შთანმთქმელ ფუნქციას ასრულებს, შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში, ასეთ გაუფასურებას შემდგომ გამყარება მოჰყვება“, – განმარტავს კობა გვენეტაძე.




აშშ დოლარი/ლარი. მაისი 2019. წყარო: xe.com აშშ დოლარი/თურქული ლირა. მაისი 2019. წყარო: xe.com
აშშ დოლარი/ლარი. მაისი 2019. წყარო: xe.com

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button