ახალი ამბები

პარლამენტმა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

Tags

97 ხმით 10-ის წინააღმდეგ, საქართველოს პარლამენტი ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიმართვის შემდეგ, შესაბამისი ბრძანება დასამტკიცებლად კანონმდებლებს დღეს პრეზიდენმა სალომე ზურაბიშვილმა წარუდგინა და თქვა, რომ სწორედ „საგანგებო მდგომარეობის საშუალებით ჩვენ შევძელით პირველ ეტაპზე ვითარების მაქსიმალურად გაკონტროლება და ქვეყნის დაცვა უკიდურესი გართულებებისგან“.

თუმცა, მისივე განმარტებით, ახლა, როცა პიკის ფაზაში შევდივართ, „თვითკმაყოფილებას არ უნდა მივეცეთ“. „მოდუნება არ შეიძლება, პირიქით, ყველამ ვიცით, რომ დაწყებული შიდა გავრცელება სიტუაციის უფრო დამძიმებას გამოიწვევს“, – ხაზი გაუსვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა განმარტა, რომ ახლა, „მთავარია, შიდა გავრცელების ზრდის ტემპი დარჩეს კონტროლქვეშ და ჯანდაცვის სისტემა არ გადაიტვირთოს. მთავარია, ყველა მძიმე პაციენტის მკურნალობა იყოს შესაძლებელი, მათთვის იყოს ადგილები, როგორც აქამდე შევძელით“. აღნიშნულისთვის კი – მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაა აუცილებელი.

„ამ გადაწყვეტილების გარშემო, ისევე, როგორც ერთი თვის წინ, უნდა ვიყოთ ერთიანი, რათა საზოგადოებამ ბოლომდე გააცნობიეროს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეორე ეტაპის ისევე წარმატებულად მართვა, როგორც ეს პირველ ეტაპზე შევძელით“, – მიმართა ზურაბიშვილმა კანონმდებლებს და იქვე დასძინა, რომ „საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობაზე განსხვავებული აზრი ვერ იქნება“ და „ყველამ უნდა დავუჯეროთ ჯანდაცვის ექსპერტებს, ექიმებს და ვიხელმძღვანელოთ საერთაშორისო რეკომენდაციებითა და პრაქტიკით“.

„ზოგიერთი ანტიკრიზისულ გეგმას ახლავე ითხოვს. ამ გეგმის აუცილებლობაშიც ყველა ვთანხმდებით, თუმცა ეს ძალიან ლეგიტიმური მოთხოვნა არ უნდა გახდეს საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შეფერხების მიზეზი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ „დღეს პოპულიზმისა და ცრუ დაპირებების დრო არ არის“.

პრეზიდენტმა ისიც განმარტა, რომ სწორედ „ჩვენი დამაჯერებელი ნაბიჯების საპასუხოდ მივიღეთ ფინანსური დახმარების პირველი მასშტაბური ნაკადი, რომლის საფუძველზე მუშავდება სწორედ კრიზისის დაძლევის გეგმა“.

პრეზიდენტის თქმით, მას მოლოდინი აქვს, რომ მთავრობის 24 აპრილს წარმოდგენილი ანტიკრიზისული გეგმა „უპასუხებს იმ მოქალაქეებისა და საწარმოების საჭიროებებს, რომლებსაც სახელმწიფოსგან გადაუდებელი დახმარება სჭირდებათ“. ზურაბიშვილისვე განმარტებით, „იმისათვის, რომ სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის სიმძიმე შევამციროთ და მოსახლეობაზე მისი შედეგები შევამსუბუქოთ, საჭიროა, დღეს საგანგებო მდგომარეობა შენარჩუნდეს“.

პრეზიდენტმა სიტყვის დასასრულს ხაზი გაუსვა, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელება დამატებით შეზღუდვებს არ ითვალისწინებს და ისიც დასძინა, რომ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები არც სიტყვისა და მედიის თავისუფლებას შეეხო.

„ასევე, ყველაფერი კეთდება საიმისოდ, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადის გაგრძელებამ უარყოფითი გავლენა არ იქონიოს საკონსტიტუციო ცვლილებების დროულ მიღებაზე და, მაშასადამე, საარჩევნო კალენდარზე და ჩვენ დემოკტარიულ სვლაზე“, – აღნიშნა პრეზიდენტმა და იქვე იმედი გამოთქვა, რომ საქართველო მსოფლიოს სოლიდარობის საუკეთესო მაგალითს უჩვენებს.

პრეზიდენტის სიტყვის შემდეგ, კანონმდებლებს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აუცილებლობის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი ესაუბრა და აღნიშნა, რომ „შეზღუდვები უნდა იყოს სიტუაციის პროპორციული“ და ის „ლეგიტიმურ მიზნებს უნდა ემსახურებოდეს“.

„ამოსავალი, უპირველესი ლეგიტიმური მიზანი გახლდათ ვირუსის გავრცელების შენელება და შესაბამისად, ამ გზით ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა“, – თქვა მეზვრიშვილმა და იქვე დასძინა, რომ სწორედ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაწესებულმა შეზღუდვებმა, „მოგვცა შესაძლებლობა, მაქსიმალურად შეგვენელებინა ვირუსის გავრცელება და ადრეული პრევენცია მოგვეხდინა“.

მეზვრიშვილმა იქვე იმედი გამოთქვა, რომ „პარლამენტი დღესაც სათანადოდ შეაფასებს არსებულ რისკებს და მხარს დაუჭერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას“.

პოლიტიკური შეფასებები

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია საპარლამენტო სხდომის კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელებას და მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ კონკრეტულ კითხვებზე პასუხის მიღებას ითხოვდა, პარალმენტის თავმჯდომარემ რეგლამენტის მოიშველია და განმარტა, რომ აღნიშნულ ფორმატს პარლამენტის რეგლამენტი არ ითვალისწინებს და სხდომა მხოლოდ ფრაქციებისა და კომიტეტების გამოსვლის ფორმატში გააგრძელა.

უკვე გუშინ ცნობილი იყო, რომ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას ოპოზციის მხარდაჭერა არ ექნებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა რომან გოცირიძემ საკუთარ სიტყვაში განმარტა, რომ პარტიის მხრიდან იყო პირობა, რომ საგანგებო მდგომარეობის გაგრძელებას მხარს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაუჭერდა, თუკი „ხელისუფლებას ექნებოდა უმუშევრად დარჩენილი მილიონამდე ჩვენი მოქალაქის შიმშილისგან გადარჩენისა და ბიზნესის მხარდაჭერის გეგმა“. „ჩვენ ვერაფერს ვხედავთ“, – დასძინა მანვე.

გოცირიძემ ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობის პირობებში შერჩევით მიდგომებშიც დაადანაშაულა და თქვა, რომ ხელისუფლებამ „უსუსური“, ასევე „შერჩევითი“ პოზიცია დაიჭირა და დამატებით დაწესებულმა შეზღუდვებმა „კიდევ უფრო მძიმე შედეგები გამოიღო“ და ბიზნესი დააზიანა.

„დაუშვით უამრავი შეცდომა. აქედან გამომდინარე, თუ არ გვექნება ნათელი გეგმა ჩვენ ვერ გავიზიარებთ პასუხისმგებლობას, თქვენ მოგიწევთ მხოლოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება“, – აღნიშნა გოცირიძემ.

ხელისუფლების მისამართით კრიტკული იყო ევროპული საქართველოს დეპუტატი ზურაბ ჭიაბერაშვილიც, რომელმაც აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ჯანდაცვისა და ეკონომიკის თვალსაზრისით კონკრეტული გეგმის წარმოდგენა ამ დრომდე ვერ შეძლო.

„მთავრობის ეფექტიანობა არ არის ყველაფრის ჩაკეტვის ხარჯზე, ინფიცირების ამ რიცხვების შენარჩუნება“, – თქვა ჭიაბერაშვილმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ ხელისუფლება ვერც დაწესებული შეზღუდვების სათანადოდ აღსრულებას ახერხებს.

„მთავრობას სურს ანგარიში გაუწიოს იმ ფანატიკოსებს რომელბიც სარგებლობენ მოსახლეობის 95%-ის კანონმორჩლებით და სახლში ჯდომით და პრაქტიკულად უაზროს ხდიან იმ უზარმაზარ ეკონომიკურ ზიანს, იმ შიმშილს და გაჭირვებას, რაშიც თითქმის უკლებლივ ყველა მოქალაქეა ჩავარდნილი“, – აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.

მანვე ხელისუფლებას ისიც უთხრა, რომ იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ვირუსის იდენტიფიცირებისათვის საჭირო ტესტირებები „შეზღდული რაოდენობით ტარდება, ყოველთვის შეგვეძლება თავი დავიმშვიდოთ იმით, რომ ჩვენთან [ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით] კარგი მდგომარეობაა“.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების მიმართ სკეპტიკური პოზიცია ჰქონდა პატრიოტთა ალიანსის დეპუტატს ირმა ინაშვილსაც. სიტყვით გამოსვლისას, მან ხაზი გაუსვა, რომ პარტიაში კომენდანტის საათის გახანგრძლივების საჭიროებას ვერ ხედავენ, ამასთან, არც 27 აპრილამდე ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვის გახანგრძლივებას მიიჩნევენ სწორად. მისივე თქმით, ამოცანა ეპიდემიასთან დაპირისპირება და არა ადამიანების „ტანჯვა“ უნდა იყოს.

„არ არის სწორი საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. არ არის სწორი პანიკის შექმნა. პანიკას მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე თავად ვირუსს“, – თქვა ინაშვილმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ ამდენი ხნით არც ეკონომიკის გაჩერებაა სწორი და ამას უფრო დიდი ზიანი ექნება, ვიდრე „ჩვენ ეს ახლა გვგონია“.

ხელისუფლების მხრიდან ანტიკრიზისული გეგმის შესახებ პასუხებს ითხოვდა, პარტია – სამართლიანობისთვის – ლიდერი ეკა ბესლიაც. „ჩვენ უნდა მივიღოთ გაცნობიერებული გადაწყვეტილება, დავუჭიროთ თუ არა მხარი შეზღუდვების გაგრძელებას“, – თქვა მან.

„ის, რაც პარასკევს უნდა გავიგოთ და დღეს არ ვიცით, რა არის იქ ისეთი, რომლითაც შეიძლება, რომ ამ გადაწყვეტილების [საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების] პასუხისმგებლობა ჩვენც ავიღოთ. როცა შეზღუდვებზეა საუბარი, თუ არ ვიცით, რა ელოდება ხვალ ამ ქვეყანას და მოქალაქეებს, უბრალოდ სტატიტისტიკის რიცხვში ყოფნა მე არ მინდა“, – ხაზი გაუსვა ბესელიამ.

საპირისპირო პოზიცია ჰქონდათ მმართველ გუნდში. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ თქვა, რომ ახლა თვითკმაყოფილებისა და რეგულაციების სრულად მოხსნის დრო არ არის. მისი განმარტებით, „სწორედ აკრძალვებით გამოწვეულმა უკმაყოფილებამ, დისკომფორტმა და ცხოვრების ამ უჩვეულო წესმა შეძლო ის, რომ ჩვენი ქვეყანა გამორჩეულად სასიკეთოდ გამოიყურება ეპიდემიურად“.

ამიტომ, ხუნდაძემ ხაზი გაუსვა, რომ რომ რეგულაციები არის აუცლებელი და იქვე ოპოზიციას თხოვნით მიმართა, რომ ეს საკითხი „სპეკულაციის საგნად“ არ გახადონ. „კრიტიკის დრო არ არის.. რეგულაციები იქნება იმდაგვარი, როგორიც იქნება საჭირო და შედეგი იქნება ისეთი,როგორიც ყველას გვინდა… თუკი ვინმეს დახმარება არ შეუძლია, ხელს მაინც ნუ შეგვიშლის“, – დასძნა მანვე.

მთავრობამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გახანგრძლივების შესახებ 21 აპრილს განაცხადა და მიზეზად ქვეყანაში ვირუსის სრულმასშტაბიანი გავრცელების ეტაპზე ყოფნა და შემდგომი 2-3 კვირის განმავლობაში ეპიდემიის გავრცელების „ყველაზე აქტიურ, პიკურ ფაზაში“ სავარაუდო გადასვლა დაასახელა.

გუშინვე, მთავრობის მიმართვას, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და თქვა, რომ იგი ხელისუფლების გადაწყვეტილებას იზიარებს და საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ შესაბამის ბრძანებას გამოსცემს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button