ახალი ამბები

მთავრობა საგანგებო მდგომარეობას 22 მაისის ჩათვლით ახანგრძლივებს

Tags

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში მოქმედი საგანგებო მდგომარეობა 22 მაისი ჩათვლით გახანგრძლივდება. მთავრობის ადმინისტრაციამ შესაბამისი მიმართვა საქართველოს პრეზიდენტს უკვე გადაუგზავნა. პრეზიდენტის მიერ ბრძანების გმოცხადებისთანავე გადაწყვეტილება იქნება ძალაში.

დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, მთავრობის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, რომ „ფართოვდება კლასტერები და სულ უფრო რთულდება იმ წყაროს დადგენა, საიდანაც ეს კლასტერები ვრცელდება“. მისივე განმარტებით, „ქვეყანა სრულმაშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა“ და „შემდგომი 2-3 კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ, პიკურ ფაზაში“.

„უნდა გავაგრძელოთ იმ აუციელებელი ნაბიჯების გადადგმა, რომლებიც ქვეყანას ვირუსის მასობრივად გავრცელების შეჩერების შესაძალებლობას მისცემს, რათა ამ ფაზას ლოგიკურად მოვაყოლოთ ე.წ. გახსნის ფაზა, რაც დაწესებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნას გულისხმობს“, – თქვა ჩიქოვანმა.

მისივე განცხადებით, უკვე ორშაბათიდან, 27 აპრილიდან, დაიწყება გარკვეული შეზღუდვების მოხსნა:

  • მათ შორის, მოიხსნება გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა;
  • ამასთან, ორი-სამი კვირის შემდეგ, პიკის გადალახვის შემთხვევაში, აქტიურად დაიწყება სხვა შეზღუდვების მოხსნის გეგმის განხორციელება და ეკონომიკური აქტივობებისა და ცხოვრებისათვის ხელშეწყობა;
  • მსუბუქი ავტომობილებით ავტომობილებით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა.

ჩიქოვანმა იქვე ხაზი გაუსვა, რომ ავტომობილებით გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა არ ეხებათ:

  • სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს;
  • საკვებ და სასურსათო ობიექტებში მომუშავე პირებს, ადგილზე მიტანის სერვისის თანამშრომლებს;
  • ინფრასტრუქტურული სამუშაოების განმახორციელებელ სუბიექტებს;
  • სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომელთა საქმიანობაც, მათ შორის, ეკონომიკური, დაშვებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში.

„ჩვენი მიზანია, მინიმუმადე დავიყვანოთ ზიანი, რომელიც ამ გლობალური გამოწვევისგან მიადგა ან მიადგება თითოეულ ჩვენგანს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას“, – დასძინა მთავრობის პრესსპიკერმა.

მისივე განმარტებით, 24 აპრილს, პარასკევს, მთავრობა ეკონომიკური ანტიკრიზისული გეგმის პროექტს წარმოადგენს, რომელიც ორეტაპიანი იქნება. ესენია – მიზნობრივი სოციალური დახმარების ანტიკრიზისული გეგმა და ბიზნესის დახმარების ანტიკრიზისული გეგმა.

„ამასთან, 24 აპრილს იქნება წარმოდგენილი შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების და შესაბამისად ეკონომიკის გახსნის გეგმაც. აქტიურად გაგრძელდება მუშაობს უკვე პოსტკრიზისულ გეგმაზეც. რაც უფრო ზედმიწევნით და ზუსტად აღსრულდება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც არის დაწესებული,მით უფრო სწრაფად გახდება შესაძლებელი შემსუბუქების გეგმის განხორციელება, რომელიც მთავრობამ შეიმუშავა“, – თქვა მანვე.

დღეს გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემაც მიმართა და განმარტა, რომ „შიდა გავრცელებიდან დაწყებული მეექვსე და მერვე კვირა ითვლება ყველაზე უფრო კრიტიკულ კვირად“.

„დღეს ჩვენ შევედით მეხუთე კვირაში. ამიტომ აპრილის ბოლო კვირა, მაისის დასაწყისი მოსალოდნელია, რომ იყოს ინფექციის შემთხვევების კიდევ ზრდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ ყველას და გთხოვთ უმორჩილესად, რომ მთავარი სლოგანი – დარჩით სახლში ძალაშია და უმრავლესობისთვის კარგა ხანს ძალაში იქნება“, – განმარტა მანვე.

საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ მთავრობის მიმართვას, დღესვე ვიდეომიმართვით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და თქვა, რომ ერთი თვის წინ, მიღებულმა ზომებმა განაპირობა ის, რომ „შევძელით და კონტროლის ქვეშ მოვაქციეთ დაავადების გავრცელების ტემპი და მასშტაბი“. თუმცა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ „არსებული გამოწვევა არ გვაძლევს უფლებას, მოვადუნოთ ყურადღება და შეზღუდვები ნაადრევად მოვხსნათ“.

„ყველა არსებული გათვლა და პროგნოზი მიუთითებს, რომ მომავალ ორ-სამ კვირაში ეპიდემიის შიდა გავრცელების ზრდის დიდ საფრთხეზე. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ პირველ ეტაპზე მიღწეული სამაგალითო შედეგები არსებული რეჟიმი გარკვეული ხნით კიდევ უნდა დავიცვათ“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.

შესაბამისად, მანვე ხაზი გაუსვა, რომ იგი საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, საგანგებო მდგომარეობის 22 მაისი ჩათვლით გახანგრძლივების შესახებ ახალ ბრძანებას გამოსცემს. ზურაბიშვილის განმარტებით, „ამავე ვადით გაგრძელდება [უკვე] არსებული დეკრეტის მოქმედებაც, რომელიც  არ ითვალისწინებს დამატებით შეზღუდვებს“.

„ამ კრიზისის დასაწყისში გადამწყვეტი იყო ის, რომ არ დაგვიანებულიყო საჭირო ზომების მიღება. დღეს კი მთავარია, ნაადრევად არ მოიხსნას ჯერ კიდევ აუცილებელი შეზღუდვები. მჯერა, რომ გონივრული, თანამიმდევრული ნაბიჯებით და ჩვენი ერთიანობით ამ ეტაპსაც წარმატებით გადავლახავთ და 26 მაისისთვის ვითარება იქნება გაცილებით უკეთესი“, – განმარტა პრეზიდენტმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ პრეზიდენტს პირველად 21 მარტს მიმართა. შესაბამისი ბრძანებაც პრეზიდენტმა იმავე დღეს გამოსცა და გადაწყვეტილებას მხარი პარლამენტმაც იმავე დღეს ერთხმად დაუჭირა. 

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ პარლამენტში, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებენ. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ თუკი უკვე გასული ერთთვიანი საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში დაფიქსირებული ხარვეზები არ გამოსწორდება და ხელისუფლება მოსახლეობის დახმარების კონკრეტულ გეგმას არ წარმოადგენს, ისინი ამ ვითარებაში საგანგებო ვადის გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერენ.

კოვი-19-ის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button