ახალი ამბები

ქართულმა ოცნებამ საარჩევნო სისტემის რეფორმის კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა

Tags

ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეული შეთანმხების შემდეგ, ქართულმა ოცნებამ 11 მარტს პარლამენტში შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები დაარეგისტრირა.

ინიცირებული ცვლილებების მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30 ფორმულით ჩატარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მოსახლეობა 120 დეპუტატს პროპორციული წესით, ხოლო 30-ს კი – მაჟორიტარული წესით აირჩევს. ამასთან, ერთჯერადად, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 1%-იანით შეიცვლება. რაც შეეხება ბლოკებს, მათთვის საარჩევნო ბარიერი საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიების რაოდენობის ტოლი იქნება. აგრეთვე, კანონპროექტის მიხედვით, თუკი პარტია ან საარჩევნო ბლოკი პროპორციულ ნაწილში 40.54%-ზე ნაკლებს მიიღებს, პარლამენტში უმრავლესობის ფორმირებას და შესაბამისად, მთავრობის დაკომპლექტებას ვერ შეძლებს.

კანონპროექტის მიხედვით, იქმნება 30 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, საიდანაც 8 დედაქალაქზე, დანარჩნი 22 კი – რეგიონებზე გადანაწილდება.

თბილისის მუნიციპალიტეტში საარჩევნო ოლქები ასე დაიყოფა: მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები, ვაკის, საბურთალოს, ისნის, სამგორის, დიდუბისა და ჩუღურეთის, გლდანის და ნაძალადევის რაიონები.

რაც შეეხება რეგიონებს, მაჟორიტარული ოლქები აქ ასე გადანაწილდება:

  • თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები;
  • გურჯაანის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტები;
  • რუსთავის მუნიციპალიტეტი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულები;
  • მარნეულისა და გარდაბნის (ნორიოს, მარტყოფის, ახალსოფლის, სართიჭალის, გამარჯვების, ახალი სამგორის, ლემშვენიერას, თელეთის, კუმისისა და კრწანისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები;
  • ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მუნიციპალიტეტები;
  • მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები;
  • კასპისა და გორის (ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა) მუნიციპალიტეტები;
  • ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტები და გორის მუნიციპალიტეტის ვარიანის, ნიქოზის, ტირძნისის, სკრისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულები;
  • ახალციხის, ბორჯომის, ადიგენისა და ასპინძის მუნიციპალიტეტები;
  • ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები;
  • ქუთაისის მუნიციპალიტეტი;
  • საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტები;
  • ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტები;
  • სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტები;
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტი;
  • ფოთის, ხობისა და სენაკის მუნიციპალიტეტები;
  • წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მარტვილისა და აბაშის მუნიციპალიტეტები;
  • ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტები;
  • ბათუმის მუნიციპალიტეტი;
  • ქობულეთის მუნიციპალიტეტი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულები;
  • ხელვაჩაურის (მახინჯაურის, ორთაბათუმის, ახალშენისა და ფერიის ადმინისტრაციული ერთეულების გარდა), ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტები;
  • ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები.

კანონპროექტი რიგგარეშე არჩევნების წესსაც განსაზღვრავს, რომლის მიხედვითაც, 2024 წლამდე რიგარეშე არჩევნები ამავე წესით ტარდება.

11 მარტს გამართულ ბიუროს სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა პოლიტიკურ პარტიებს შორის საარჩევნო სისტემაზე მიღწეულ შეთანხმებაზე და აღნიშნა, რომ ეს „პოზიტიური“ ნაბიჯია დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის.

მისივე თქმით, პარლამენტის მომდევნო პლენარულ სხდომაზე საკონსტიტუციო კომისია შეიქმნება და ერთი თვის ვადაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, საჯარო განხილვებს გამართავს. პარლამენტის თავმჯდომარემ იქვე განმარტა, რომ კორონავირუსის გამო საჯარო განხილვების ფორმატი შეიძლება შეიცვალოს, თუმცა აუცილებლად ჩატარდება. თალაკვაძემ საზოგადოებას საკანონმდებლო ინიციატივის განხილვაში მაქსიმალური მონაწილეობისკენ მოუწოდა.

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება 8 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში გამართული შეხვედრის დროს მოხდა. შეთანხმებას უკვე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება. დასავლელი პარტნიორები საარჩევნო სისტემის რეფორმაზე კონსენსუსს მიესალმებიან და მხარეებს შესაბამისი ცვლილებების დროულად მიღებისკენ მოუწოდებენ.

მანამდე,ოპოზიციამ და მმართველმა პარტიამ უცხოელ დიპლომატთა შუამავლობით საარჩევნო სისტემის რეფორმაზე ოფიციალური მოლაპარაკებები 2019 წლის ნოემბრის ბოლოს დაიწყეს. ეს მას შემდეგ, რაც 14 ნოემბერს მმართველი გუნდის დეპუტატებმა 2020 წლიდან სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდეს. მოლაპარაკებათა რამდენიმე რაუნდი მაშინ წარუმატებლად დასრულდა.

10 თებერვალს, უზენაესი სასამართლოს მიერ გიგი უგულავასთვის პატიმრობის მისჯის შემდეგ, ოპოზიციამ მმართველ პარტიასთან მოლარაკებები შეწყვიტა. თებერვლის ბოლოსკენ უცხოელ დიპლომატთა შუამავლობით არაოფიციალურ მოლაპარაკებათა პროცესი განახლდა, რაც 8 მარტის შეთანხმებით დასრულდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button