Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროკავშირი „დეტალურად ეცნობა“ უგულავას მიმართ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას

ევროკავშირი „დეტალურად ეცნობა“ უზენაესი სასამართლოს მიერ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას საქმეზე სულ ახლახან მიღებულ გადაწყვეტილებას.

12 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ განაცხადა, რომ „ევროკავშირი გააგრძელებს დაკვირვებას საქართველოში მიმდინარე ყველა იმ სასამართლო პროცესზე, რომელიც მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს“.

„გარემოებები, რომლებიც თან ახლავს სასამართლოს გადაწყვეტილებას, არ უწყობს ხელს წინსვლას პოლიტიკური დიალოგის პროცესში, რომლის მიზანი საქართველოში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის განმუხტვაა, რაც ასე აუცილებელია“, – ნათქვამია განცხადებაში.

„სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლესი სტანდარტის, სამართლიანი სასამართლოსა და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა ის აუცილებელი ვალდებულებებია, რომლებიც საქართველოს ეკისრება ევროკავშირი–საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში“, – აცხადებს ევროკავშირის პრესსპიკერი.

უზენაესი სასამართლოს სამწევრიანმა კოლეგიამ 10 თებერვალს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლანგვის საქმეზე დამნაშავედ ცნო და მას საბოლოო სასჯელის სახედ სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

გიგი უგულავას ადვოკატის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას მხარი კოლეგიის ორმა წევრმა – შალვა თადუმაძემ (ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა) და მერაბ გაბინაშვილმა დაუჭირეს, რომლებიც უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეებად ცოტა ხნის წინ დაინიშნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button