skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია აპრილში საპროტესტო აქციას გეგმავს, სადაც ერთიან საარჩევნო გეგმას წარადგენს

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ 4 აპრილს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავენ, სადაც საზოგადოებას არჩევნების თაობაზე ოპოზიციის ერთიან სამომავლო გეგმას გააცნობენ. მათივე თქმით, მთავარი გზავნილი იქნება – „არცერთი ხმა ქართულ ოცნებას“.

მანამდე ოპოზიციის ლიდერები პიკეტირებას, რეგიონებში გასვლას, მოსახლეობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს აპირებენ.

ოპოზიციის კონსულტაციების დასრულების შემდეგ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „ეს იქნება საკვანძო აქცია“, სადაც ოპოზიციური ერთობა, „წარსდგება თავისი კონკრეტული ხედვით, როგორ მოხდება ბრძოლის გაგრძელება, იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური ჭირი [გულისხმობს ბიძინა ივანიშვილს] მოვიშოროთ ყველამ ერთად და როგორ უნდა გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ ჩიხიდან, რომელშიც მან, ამ სამარცხვინო ლიდერმა და მისმა მასხარებმა შეიყვანეს“.

ოპოზიციური ლიდერების განმარტებით, წინასწარი შეთანხმებით, ისინი საპარალამენტო არჩევნებზე მაჟორიტარულ ოლქებში ერთმანეთის კონკურენტები არ იქნებიან და საერთო კანდიდატი ეყოლებათ.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, უმეტეს მაჟორიტარულ ოლქებში ოპოზიციას ერთი კანდიდატი ეყოლება, რომელსაც არცერთი სხვა ოპოზიციური პარტია არ დაუპირისპირდება. „ეს იქნება წინაპირობა, რომ ჩვენ ამ ოლიგარქიულ რეჟიმს მოვიშორებთ თავიდან“, – დასძინა მანვე.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ბერძენიშვილის თქმით, ოპოზიცია 4 აპრილის აქციაზე „მნიშვნელოვანი შეთანხმებით“ გავა, მათ შორის, მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების დასახელებით. „პრაქტიკულად, ამ აქციაზე იქნება საარჩვენო პროცესის სტარტი“, – განმარტა მანვე.

ერთიანი საქართველო დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებით კი, ოპოზიციის ამოცანაა, არა რევოლუციური სცენარი, არამედ ის, რომ არჩევნებმა ქვეყანაში „აზრი არ დაკარგოს“.

„თუ ივანიშვილი შეძლებს და მისი ხელისუფლება, რომ ცალ-ცალკე დაიჭიროს ოპოზიციური ლიდერები და ცალ-ცალკე გაკრიფოს ოპოზიციური პარტიები, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სცენარი განვითარდება სწორედ რევოლუციური გზით, რაც ხელს არავის აძლევს“, – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

მედიასთან “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემაც ისაუბრა და თქვა, რომ პარტია 4 აპრილს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობას მიიღებს, თუმცა არჩევნებთან დაკავშირებით, კერძოდ კი – მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატების დასახელებაზე პარტიაში გადაწვეტილება ჯერ არ არის მიღებული.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე კონსულტაციებს მაჟორიტარულ კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა ამ წუთას ჩვენ ჩვენი გეგმით ვვითარდებით. ლელოს პარტიული გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ არსებობს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ბადრი ჯაფარიძემ.

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დღეს კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ევროპული საქართველოს ლიდერის გიგი უგულავას დაპატიმრების შემდეგ, ხელისუფლებასთან საარჩევნო სისტემაზე მოლაპარაკებების განახლებამ აზრი დაკარგა.

„არ ვაპირებთ დიალოგის რეჟიმში დაბრუნებას გამომდინარე იქიდან, რომ დიალოგს ტერორისტებთან აზრი არ ააქვს. ისინი თან გვიჭერდნენ და თან გვესაუბრებოდნენ მოჩვენებითად საერთაშორისო თანამეგობრობის დასანახად, არის არასწორი“, – განაცხადა ევროპული საქართველოს წევრმა სერგი კაპანაძემ და დასძინა: „ჩვენი ამოცანაა, მშვიდობიანად, არჩევნების გზით… პარალელურად თანმდევი მწვავე პროტესტით მივიყვანოთ ლოგიკურ დასასრულამდე ივანიშვილი“.

ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო სისტემის რეფორმაზე მმართველ გუნდთან დაწყებული მოლაპარაკებების შეწყვეტისა და ახალი სამოქმედო გეგმის წარდგენის შესახებ მას შემდეგ განაცხადეს, რაც 10 თებერვალს უზენაესმა სასამართლომ ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო და მას სამი წლით, ორი თვითა და რვა დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button