ახალი ამბები

სახალხო დამცველი სახელმწიფო ინსპექტორს წულუკიანის ქმედების კანონიერების შესწავლისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 22 იანვარს სახელმწიფო ინსპექტორს მიმართა და მოითხოვა იუსტიციის მინისტრის მიერ 21 იანვარს საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების ფაქტის კანონიერების შესწავლა.

21 იანვარს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის სხდომაზე პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ ანგარიშთან დაკავშირებით მოხსენებით წარსდგა და მიმოიხილა N2, N8, N14 და N15 დაწესებულებათა მონიტორინგის შედეგები.

სახალხო დამცველმა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობის მასშტაბებსა და გამოვლინებებზე; ასევე ჯანდაცვის მდგომარეობაზე, გადატვირთულობაზე, პერსონალის ნაკლებობასა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პრობლემებზე ისაუბრა.

ანგარიშის წარდგენას ესწრებოდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანიც, რომელმაც სხვათა შორის, პატიმრებთან მონიტორინგზე შესული ომბუდსმენის წარმომადგენელი გააკრიტიკა. კერძოდ, წულუკიანმა ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე გაამახვილა ყურადღება და თქვა: „ეს არის სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ორჯერ ადუღებინებს ყავას პატიმარს, მიირთმევს მის შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და შემდეგ საკანში პატიმრისთვის განთავსებულ სველ წერტილს მოიხმარს და 4 საათი რჩება ე.წ. მონიტორინგის რეჟიმში.“ მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ მონიტორინგის ვიდეო გაავრცელა.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, წულუკიანის ქმედება ეწინააღმდეგება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონს, რომელიც უკრძალავს იუსტიციის სამინისტროს სახალხო დამცველის რწმუნებულისა და პატიმარის შეხვედრის რაიმე სახის მიყურადებას ან თვალთვალს.

სახალხო დამცველი აცხადებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზუალური ან/და ელექტრონული მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესს ადგენს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის N35 ბრძანება.

„ვინაიდან სახალხო დამცველის ერთ-ერთი რწმუნებულისა და პატიმრის შეხვედრის ამსახველი ვიდეო ჩანაწერის დროს რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ იკვეთება და გაუგებარია ვიდეო ჩანაწერის დაარქივების მიზნობრიობა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სამინისტროს მხრიდან ვიდეო ჩანაწერების დაარქივებისა და ხანგრძლივი ვადით შენახვის პროცესში სახეზეა ცალსახა კანონსაწინააღმდეგო ქმედება“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში. „ასევე, ორივე რწმუნებულის ეპიზოდში – მათი მაიდენტიფიცირებელი ვიდეო კადრების გასაჯაროება არღვევს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს“.

სახალხო დამცველი მიმართავს სახელმწიფო ინსპექტორს, რათა „მისმა სამსახურმა შეისწავლოს იუსტიციის მინისტრის ქმედება, შეაფასოს ხსენებული ვიდეო ჩანაწერების მოპოვებისა და გავრცელების კანონიერების საკითხი და გამოიყენოს მის ხელთ არსებული სანქცირების მექანიზმი“.

„სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს, სახელმწიფო ინსპექტორმა შეისწავლოს იუსტიციის სამინისტროში ვიდეო ჩანაწერების დაარქივების ზოგადი პრაქტიკა და სხვა კანონსაწინააღმდეგო შემთხვევების აღმოჩენის შემთხვევაშიც გაატაროს კანონშესაბამისი ღონისძიებები“, – ნათქვამია განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button