ახალი ამბები

თბილისში მიესალმებიან ოკუპირებული ცხინვალიდან ქართველი ექიმის გათავისუფლებას

საქართველოს ხელისუფლება და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, 7-კვირიანი პატიმრობის შემდეგ, ოკუპირებული ცხინვალიდან ქართველი ექიმის ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას მიესალმებიან.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მის ოჯახს, ახლობლებს და „სრულიად საქართველოს“ მიულოცა. „მომავლის იმედიც გაგვიძლიერდა“, – აღნიშნა ქვეყნის პირველმა პირმა.

ქართველი ექიმის გათავისუფლებას მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.

„საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევამ და დაუღალავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო – დღეს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი თავისუფალია, ის თავის ოჯახთან და ახლობლებთან ერთად შეხვდება ახალ წელს“, – ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე მადლობა გადაუხადა საერთაშორისო თანამეგობრობას, პარტნიორ ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებმაც „უპრეცედენტო ყურადღება და სიმტკიცე გამოიჩინეს უკანონოდ დაკავებული ექიმის გათავისუფლების საკითხზე“. მან იმედი გამოთქვა, რომ „დიპლომატიითა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით“ გადაიჭრება ის ჰუმანიტარული პრობლემები, რასაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა აწყდება.

ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმაც გააკეთა, რომელიც გათავისუფლებულ ექიმს გორში, შსს-ს სამხრეო პოლიციის შენობაში შეხვდა.

ციხელაშვილის თქმით, ქართველი ექიმის გათავისუფლების პროცესში „ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ჩართული იყო მთლიანად ხელისუფლება“. მან მადლობა გადაუხადა „ყველა იმ ადამიანს, სახელმწიფოს, მეგობარს, ორგანიზაციას, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში ჩართული გახლდათ იმაში, რომ მიღწეულიყო ვაჟა გაფრინდაშვილია გათავისუფლება“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება საერთაშორისო ინსტიტუტებისა და სახელმწიფო სტრუქტურების „კოორდინირებული მუშაობის შედეგია“.

„მაშინ როდესაც ასეთი მობილიზებული, ასეთი კოორდინირებული მუშაობა მიმდინარეობდა ბატონი ვაჟას გასათავისუფლებლად, გვხვდებოდა პოლიტიკური ძალები თუ პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ცდილობდნენ კაპიტალიზაციას და თითქოს სახელმწიფო არაფერს არ აკეთებდა. ეს არის არასწორი მიდგომა“, – აღნიშნა მან. 

ქართველი ექიმის გათავისუფლებას ერთიანი ნაციონალური მოძრობა განცხადებით გამოეხმაურა. 

ვაჟა ექიმი საქართველოს გამარჯვების და ერთიანობის სიმბოლოა, ხოლო მისი გათავისუფლება პირადად მისი, მისი ოჯახის, კოლეგების, საქართველოს მოქალაქეების, მთელი საქართველოს ბრძოლისა და ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების ზეწოლის შედეგი“, – აღნიშნავენ ნაციონალურ მოძრაობაში და მადლობას უხდიან „თითოეულ ადამიანს, ვინც ფიქრობდა და იღვწოდა“ ვაჟა გაფრინდაშვილის თავისუფლებისთვის. 

ქართველი ექიმის გათავისუფლებას მიესალმა ევროპული საქართველო ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძეც და თქვა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილმა “სამოქალაქო გმირობის მაგალითი გვიჩვენა”. „[მან]დაამარცხა შიში, ოკუპაცია, ციხე და ვინც დაამტკიცა, რომ ღირსება და პატრიოტიზმი ყოველთვის გაიმარჯვებს“, – თქვა ბაქრაძემ და იქვე ყველას, ვინც მის გათავიდუფლებაში მონაწილეობდა, მადლობა გადაუხადა. მისივე შეფასებით, „მთელი ქვეყნის ერთად მხარდაჭერამ მოიტანა დღევანდელი შედეგი“.

პატრიოტთა ალიანსის დეპუტატის ირმა ინაშვილის შეფასებით კი, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში წვლილი სწორედ მისმა პარტიამ შეიტანა. მისივე თქმით, ექიმის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია მას გუშინვე ჰქონდა, მაშინ როდესაც ხელისუფლებამ ამის შესახებ არაფერი იცოდა.

გათავისუფლების შემდეგ, მედიასთან მცირე კომენტარი თავად ვაჟა გაფრინდაშვილმაც გააკეთა და გამოხატული მხარდაჭერისთვის ყველას მადლობა გადაუხადა. მისივე თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და მასზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია. უფრო მეტს იგი საზოგადოებას მოგვიანებით ეტყვის. „ასე გაერთიანებულად საქართველოს საქმე ვაკეთოთ“, – დასძინვა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button