ახალი ამბები

ოცნება, 2024 წლამდე მაჟორიტარული სისტემის შესანარჩუნებლად, კონსტიტუციის შეცვლას გეგმავს

Tags

ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, მმართველი გუნდი კონსტიტუციაში ცვლილებებს შეიტანს, რათა „2024 წლამდე ნებისმიერი შესაძლო რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები კვლავ შერეული სისტემით“ ჩატარდეს, ანუ 150-წევრიან პარლამენტში 77 ადგილი კვლავ პროპორციული საარჩევნო სისტემით, 73 კი – მაჟორიტარული სისტემით არჩეული დეპუტატებით შეივსოს.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით განსაზღვრულია, რომ 2020 წლის შემდეგ, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს და მომდევნო საპარლამენტო არჩევნები, მათ შორის, ვადამდელიც, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება.

ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების ერთმა ნაწილმა, რომლის ინიციატივითაც მმართველმა გუნდმა ჩააგდო თავისივე გეგმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების შესახებ, ცოტა ხნის წინ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც პროპორციული საარჩევნო სისტემა მთლიანად უქმდება და 2024 წლიდან პარლამენტის ყველა დეპუტატი მაჟორიტარული სისტემით იქნება არჩეული.

მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობაში საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით „აზრთა სხვადასხვაობაა“ და რომ „უმრავლესობის დიდი ნაწილი“ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის წინააღმდეგია. ამავდროულად მან აღნიშნა, რომ „მსგავსი ტიპის აზრთა სხვადასხვაობის, თუ დაპირისპირების გაღვივება საფრხის შემცველია როგორც გუნდის ერთიანობისთვის, ასევე ზოგადად, პოლიტიკური სტაბილურობისთვის“.

მდინარაძემ აღნიშნა, რომ „უმრავლესობის მხრიდან გაზიარებული იყო მაჟორიტარი დეპუტატების მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის არჩევნებიდან 2024 წლამდე მუდმივად იქნება საუბარი, რომ უნდა გაიმართოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები პროპორციული სისტემით, რაც მუდმივი არასტაბილურობის განცდას გააჩენს და ეს პროცესი შექმნის ნიადაგს და ცდუნებას პოლიტიკური კრიზისების ხელოვნურად გამოწვევისთვის“.

მდინარაძის თქმით, ამ პოლიტიკური „რისკის“ გათვალისწინებით, საპარლამეტო უმრავლესობაში შეთანხმდნენ, რომ მაჟორიტარი დეპუტატები უკან გაიწვევენ თავიანთ წინადადებას 2024 წელს არჩევნების სრულად მაჟორიტარული სისტემით ჩატარების შესახებ, სანაცვლოდ კი, ქართული ოცნება მაჟორიტარ დეპუტატებს, საკონსტიტუციო ცვლილების მეშვეობით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის 2024 წლამდე შენარჩუნების „განატიას“ მისცემს.

„თუ ჩვენ ამ გარანტიის შექმნას ვერ შევძლებთ, მაშინ მაჟორიტარები აგრძელებენ პროცესს, რომ 2020 წლის არჩევნებთან ერთად ჩატარდეს რეფერენდუმი სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით“, – დასძინა მდინარაძემ.

საარჩევნო სისტემის რეფორმა პოლიტიკურ დღის წესრიგში განსაკუთრებული სიმწვავით მას შემდეგ დადგა, რაც ქართულმა ოცნებამ 14 ნოემბერს ჩააგდო თავისივე საკონსტიტუციო ინიციატივა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების შესახებ.

ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო აქტივისტების პროტესტის ფონზე, ქართული ოცნება დათანხმდა საარჩევნო სისტემის რეფორმის თაობაზე დიპლომატიური კორპუსის ინიციატივითა და შუამავლობით დაწყებულ დიალოგს, თუმცა გადაჭრით უარყოფს ნებისმიერ შესაძლებლობას, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარდეს.

ოპოზიციურმა პატიებმა, კომპრომისული ვარიანტის სახით, მმართველ გუნდს ე.წ. გერმანული მოდელის მიღება შესთავაზეს, რომელის დროსაც კონსტიტუციაში შენარჩუნებული იქნება შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ცვლილება შევა საარჩევნო კოდექსში. შედეგად, პარტიების მიერ მაჟორიტარული და პროპორციული სისტემებით ნაჩვენები შედეგი მექანიკურად აღარ დაჯამდება და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური ძალა საბოლოოდ იმ რაოდენობის მანდატს მიიღებს საკანონმდებლო ორგანოში, რაც მის მიერ პროპორციული საარჩევნო სისტემით მიღებულ შედეგს შეესებამება.

ოპოზიციის ეს ინიციატივა იმასაც გულისხმობს, რომ დღეს არსებული 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის ნაცვლად 10 მრავალმანდატიანი ოლქის შეიქმნება, საიდანაც 6-8 მაჟორიტარი დეპუტატი აირჩევა. პარტიები თითოეულ ოლქში მაქსიმუმ იმ რაოდენობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს წარადგენენ, რამდენის არჩევასაც კონკრეტული ოლქი ითვალისწინებს. გამარჯვებულად საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები გამოცხადდებიან.

მოლაპარაკების ბოლო რაუნდზე, მმართველი გუნდი დათანხმდა დიპლომატიური კორპუსის წინადადებას, ემსჯელა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოქლების შექმნის შესახებ. ამ საკითხის განხილვას ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სავარაუდოდ 15 დეკემბერს დაუბრუნდებიან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button