Placeholder canvas
ახალი ამბები

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა „რუსთავი 2“-ის საქმეს არ გადასინჯავს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელების გიორგი და ლევან ყარამანიშვილების საჩივარი არ დააკმაყოფილა, რომლითაც ისინი ამავე სასამართლოს მიერ 18 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების გადასინჯვას ითხოვდნენ. რაც იმას ნიშნავს, რომ სტრასბურგმა ტელეკომპანიის საქმის განხილვა საბოლოოდ დაასრულა.

ევროპული სასამართლოს მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება 9 დეკემბერს დიდი პალატის ხუთმა მოსამართლემ მიიღო.

18 ივლისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაქვეყნა და განმარტა, რომ ადგილობრივ დონეზე „რუსთავი 2“-ის საკუთრების საქმეზე გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში, საქართველოს მთავრობამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანა და ტელეკომპანიის წილები ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს გადაუფორმა, რომელიც ტელევიზიისთვის 2015 წლიდან დაობდა.

სტრასბურგის სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და თქვა, რომ „ეს არის სახელმწიფოს, იუსტიციის სამინისტროს და მთავრობის, რომლის წინააღმდეგაც იყო ეს საჩივარი მიმართული, დიდი გამარჯვება“.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება მნიშნველოვანია უზენაესი სასამართლოსთვის და მისი დიდი პალატისთვის, რომელიც ნინო გვენეტაძის ხელმძღვანელობით ამ საქმეზე გადაწყვეტილებას იღებდა, რადგან მათ, თავის დროზე, „მრავალი შეტევა და შეურაცხმყოფელი სიტყვა“ დაიმსახურეს.

„რუსთავი 2“-ის საქმეზე დეტალებისთვის გადადით ბმულზე

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button