skip to content
რესპუბლიკის ამბები

ნოე რამიშვილი მადლობას უცხადებს ბოლშევიკების წინააღმდეგ მებრძოლ ჯარისკაცებს

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 30 ნოემბერი, N272

ბრძანება რესპუბლიკის ჯარების მიმართ

26 ნოემბერი, 1919 წ. N275.

ლაგოდეხში ბოლშევიკურ ბრბოების გამოსვლის დროს, ამ წლის 23 ოქტომბერს, მე-8 ათასეულის უფროსი ლეიტენანტ გამყრელიძე მასთან სამი ჯარისკაცი გარშემორტყმული იქნენ ბრბოებით, რომლებიც იარაღის ჩაბარებას მოითხოვდნენ; უფროსმა ლეიტენანტმა გამყრელიძემ არა თუ არ ჩააბარა იარაღი, არამედ უბრძანა ჯარისკაცებს  აეტეხათ აჯანყებულებისათვის სროლა, რის შედეგადაც ორივე მხრიდან აღმოჩნდენ დახოცილები და დაჭრილები, სხვათა შორის თვით უფროსი ლეიტენანტი გამყრელიძეც დაჭრილ იქმნა. ჭრილობის მიუხედავად უფროსი ლეიტენანტი გამყრელიძე აჯანყებულებს არ დანებდა და უბრძანა ჯარისკაცებს მოგერიება განეგრძოთ სროლით. ასეთი თავგანწირული სამსახური სამშობლოს წინაშე, სიცოცხლის დაუზოგველად სამშობლოს საკურთხეველზე მიტანა, ახალგაზრდა რესპუბლიკის საკეთილდღეოდ და ასაყვავებლად, არ შეიძლება დავიწყებული იქმნას საქართველოს ერთგული შვილების მიერ, უფროსმა ლეიტენანტმა გამყრელიძემ თავისი საგმირო ღვაწლით დაამტკიცა, რომ ჩვენი რესპუბლიკა ძლიერია სულით და რწმენით და მტრები მისთვის საშიშო არ არიან. უფროსი ლეიტენანტს გამყრელიძეს და მასთან მყოფ ჯარისკაცებს ვუცხადებთ მადლობას და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მომავალში სახელოვნად განაგრძობენ ახალგაზრდა რესპუბლიკის დაცვა ყოველგვარ მტრებისგან.

სამხედრო მინისტრი

ნოე რამიშვილი

მსგავსი/Related

Back to top button