რესპუბლიკის ამბები

თფილისში სომხეთ-აზერბაიჯანის დიალოგის დასრულების აღსანიშნი ბანკეტი გაიმართა

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 27 ნოემბერი, N268

ბანკეტი

23 ნოემბერს ნაშუადღევს 4 საათზე სასტუმრო „ორიენტში“ ზანგეზურის საკითხის შესახებ მომხდარ შეთანხმების გამო ადერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარის ნასიმ ბეკ უსუპბეკოვის და სომხეთის მთავრობის თავმჯდომარის ხატისოვის პატივსაცემლათ გაიმართა ბანკეტი, რომელსაც დაესწრნენ: უსუმბეკოვი, ხატისოვი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, ბრიტანეთის უმაღლესი კომისარი ოლივერ უორდროპი, მოკავშირეთა კომისარი პოლკოვნიკი რეი, საფრანგეთის მისიის უფრო დე ნონანკური, იტალიის მისიის მეთაური პოლკოვნიკი გაბბა, სამხედრო მინისტრი ნოე რამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის ამხანაგი ნიკოლოზ ქარცივაძე, სამხედრო მინისტრის ამხანაგი გენერალი გედევანიშვილი, ფინანსთა მინისტრი კანდელაკი, გენერალი ოდიშელიძე, სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენელი ივანგულოვი, ამიერ-კავკასიის კონფერენციის წევრნი, მამიკონიანი, ხაჩატურიანი, ადერბაიჯანის მინისტრი მამედ ჰასან გაჯინსკი, ბაგრამოვი, ადერბაიჯანის სახელმწიფო კონტროლიორი ნარიმან ბეკოვი, სამხედრო ატაშე აღევი, საქართველოს წარმომადგენელი ადერბაიჯანში გრიგოლ ალშიბაია, სომხეთის სამხედრო ატაშე ქიშმიშოვი, დამფუძნებელი კრების წევრნი თავმჯდომარის ამხანაგის სიმონ მდივნის მეთაურობით. ბანკეტი გახსნა ევგენი გეგეჭკორმა, რომლის წინადადებით თამადათ არჩეული იქნა დავით ღამბაშიძე.

თამადამ პირველათ სთქვა უსუპბეკოვისა და ხატისოვის სადღეგრძელოები შემდეგ მოკავშირეთა წარმომადგენლებისა, სათითაოთ, შემდეგ ადღეგრძელეს ევგენი გეგეჭკორი და ნოე რამიშვილი, შემდეგ პოლკოვნიკი რეი, რეიმ დალია ამიერკავკასიის მომავლის სადღეგრძელო. თამადამ ადღეგრძელა ამიერკავკასიის დიპლომატიური წარმომადგენლები.

სადღეგრძელოს დროს იმღერეს ივანე სარაჯიშვილმა და ინაშვილმა. პირველმა შეასრულა იტალიურათ ნეაპოლიტანური სიმღერა. შემდეგ შესრულდა დუეტი ოპერა „აბესალომ და ეთერი“-დან.

შემდეგ პოლკოვნიკმა გაბბამ და დე ნონანკურმა  წარმატებები უსურვეს  აყვავება ამიერ-კავკასიის  რესპუბლიკებს.

შემდეგ დალიეს საქართველოს დამფუძნებელი კრების ფრაქციების, მთავარსარდლის, გვარდიის მეთაურის ვალიკო ჯუღელის და სომხეთისა და ადერბაიჯანის სამხედრო უფროსების სადღეგრძელო.

ალექსანდრე ხატისოვმა წარმოსთქვა დიდი სიტყვა, რომელშიაც აღნიშნა, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის წინათ არსებული ცივი განწყობილება მეგობრობით შეიცვალა და  მოიხსენია, რომ საქართველოდან ერევანში მისულ საქართველოს პირველ მატარებელს, რომელიც დროშებით იყო მორთული, სომხეთის მინისტრები და ხალხი დიდი ზეიმით შეხვდენ. დამოკიდებულება ადერბაიჯანთანაც გაუმჯობესდაო და სთქვა, რომ  ძნელი დასაწყისი უკვე დაძლეულია და განაცხადა, „დაშნაკციუტუნ“-ის პარტიამ სომხეთის მთავრობას კატეგორიულათ მოსთხოვა, საქართველოს და ადერბაიჯანთან მეგობრული განწყობილება დაამყაროს. ხატისოვმა შემდეგ განაცხადა, რომ ეხლა დამოუკიდებლობის იდეა სანუკვარია სომხეთისთვის და მთელი თავისი ძალღონით ეცდება მის დაცვას.

უსუპბეკოვმა თავის სიტყვაში განაცხადა, რომ მას მუდამ სწამდა შეთანხმების და სოლიდარობის შესაძლებლობა, ხოლო ხატისოვის სიტყვის შემდეგ მას ეს რწმენა გაუათკეცდა.

ევგენი გეგეჭკორმა სთქვა, რომ ამიერკავკასიის რესპუბლიკათა შორის შუღლი არ არსებობდა და მომხდარი სისხლის ღვრა შედეგი იყო რესპუბლიკის ხელმძღვანელთა მოქმედებისა.

მსგავსი/Related

Back to top button