skip to content
ახალი ამბები

საგარეო საქმეთა სამინისტრო: აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ ‘საგანგაშო’ ვითარებაა

სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით „საგანგაშო“ ვითარებაა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეოთხე კვარტალურ ანგარიშში, რომელიც 23 თებერვალს გამოქვეყნდა.

ანგარიში, რომელიც ღია წყაროებს ეყრდნობა და საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან თანამშრომლობით მომზადდა, 2016 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდს მოიცავს და მასში ასახულია აღნიშნულ პერიოდში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტები, როგორიცაა ადამიანების არასათანადოდ მოპყრობა, უკანონო დაკავებები, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, საკუთრების უფლების ხელყოფა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვა.

„ეს ორი რეგიონი, რომლებიც უცხოური უკანონო სამხედრო ოკუპაციის ქვეშ რჩება, ძალიან სახიფათო „შავ ხვრელებს“ წარმოადგენენ ადამიანის უფლებათა დამრღვევების პასუხისგებაში მიცემის თვალასზრისით“, – ნათქვამია ანგარიშში.

„გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა კვლავ შეშფოთების საგანს წარმოადგენდა საანგარიშო პერიოდში“, – აღნიშნულია ანგარიშში.

საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების, სხვა ხელოვნური ბარიერებისა და ბანერების დამონტაჟების პროცესი აღნიშნულ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს.

„ამჟამად ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლზე გავლებული მავთულხლართების და სხვა ხელოვნური ბარიერების საერთო სიგრძე თითქმის 52 კილომეტრია (საოკუპაციო ზოლის საერთო სიგრძე 350 კილომეტრს აღემატება), ხოლო აფხაზეთის საოკუპაციო ზოლზე – 48 კილომეტრი (საოკუპაციო ზოლის საერთო სიგრძე 145 კილომეტრია)“, – ნათქვამია ანგარიშში.

„რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ოფიცრები აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლებზე რეგულარულად ახორციელებენ უკანონო დაკავებებს ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“. უმეტეს შემთხევაში ასეთ დაკავებებს დაჯარიმება და შემდეგ გათავისუფლება მოსდევს. დაკავების პერიოდი შესაძლოა რამდენიმე დღე ან რამდენიმე თვე გაგრძელდეს, ზოგ შემთხვევაში რამდენიმე წელიც“, – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, საგარეო უწყება აცხადებს, რომ „ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის“ რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ოფიცრებმა 2008 წლიდან 2016 წლის 12 დეკემბრამდე პერიოდში 2 775 ადამიანი დააკავეს; 1788 მათგანი (190 პირი 2016 წელს) აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ხოლო 987 (132 პირი 2016 წელს) სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

ანგარიშის თანახმად, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომლები და დე-ფაქტო ხელისუფლება „რეგულარულად მიმართავენ ისეთ ქმედებებს, რომლებიც წამების და არასათანადო მოპყრობის ტოლფასია“.

„წლების მანძილზე რეგულარულად მოდიოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ე.წ. „დაკავების ცენტრებში“ არსებულ არასათანადო პირობებზე“, ნათქვამია ანგარიშში.

სამინისტრომ „სერიოზული შეშფოთება“ გამოხატა ამ ორ რეგიონში ახალი მოქალაქეობის და საცხოვრებელი რეგულაციების შემოღების გამო, რაც, მისი თქმით, ამ ორი რეგიონის, ეთნიკურად ქართული, მოსახლეობის წინააღმდეგაა მიმართული.

მან ასევე შეშფოთება გამოხატა გალის რაიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების კუთხით არსებული ვითარების გამო.

ანგარიშის თანახმად, „რადიკალური ცვლილებები“ შევიდა იმ 11 სკოლის სასწავლო პროგრამებში, რომლებიც ადრე მთლიანად ქართული იყო. რუსულ ენაზე სწავლება შემოიღეს პირველ ოთხ კლასში და ყველა მომდევნო დაწყებითი კლასი სწავლას რუსულ ენაზე დაიწყებს.

„ხსენებულ პოლიტიკას, თუ ის რამდენიმე წელიწადს გაგრძელდება, შედეგად მოყვება ყველა კლასში ქართული სასწავლო პროგრამის ჩანაცვლება რუსულით“, – ნათქვამია ანგარიშში.

„მშობლიურ ენაზე განათლების მიღება ასევე პრობლემატური რჩება თავისუფალ გადაადგილებასთან მიმართებაში“, – ნათქვამია ანგარიშში.

აფხაზეთის რეგიონის გასწვრივ საოკუპაციო ხაზზე ორი გამშვები პუნქტის დახურვის თაობაზე გადაწყვეტილება დაბრკოლებებს შეუქმნის სკოლის მოსწავლეებს, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარე სკოლებში დადიან, „ვინაიდან მათ დამატებით რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ ყოველდღე“.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, „დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში შელახვისა და ეთნიკური დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის მიზნით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button