ახალი ამბები

წითელი ჯვრის კომიტეტმა ცხინვალის ციხეში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა დღეს ცხინვალის ციხეში ოკუპირებული რეჟიმის მიერ ათი დღის წინ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას წითელი ჯვარი საქართველო ავრცელებს.

წითელი ჯვარი განმარტავს, რომ ციხეში დაკავებულის მონახულება ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახის მიმართვის შემდეგ, „საერთაშორისო ჰუმანიტარული მანდატის ფარგლებში“ მოითხოვა. ამასთან, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვიზიტის დროს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოჯახის წერილი გადაეცა, რაზეც მან წერილობითვე უპასუხა.

„თავისუფლების აღკვეთის ადგილებში წითელი ჯვრის ვიზიტების შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური და ორმხრივი დიალოგის ფარგლებში განიხილება დაკავებაზე პასუხისმგებელ მხარესთან დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით”, – ნათქვამია კომწითელი ჯვრის განცხადებაში.

ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმმა „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით, 9 ნოემბერს დააკავეს. მას ცხინვალის ე.წ. სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ოფიციალური თბილისი განმარტავს, რომ ქართველი ექიმის გათავისუფლებისთვის ყველა შესაძლო ინსტრუმენტს იყენებს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის თქმით, მის ხელთ არსებული ინფორაციით, დაკავებულ ექიმს უახლოეს დღეებში გაათავისუფლებენ.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button