ახალი ამბები

ილია II რუსეთის პატრიარქს მიმართავს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II რუსეთის პატრიარქ კირილეს წერილობით მიმართავს და ამბობს: „გულისტკივილით ვადევნებთ თვალს ცხინვალის რეგიონში, რუსეთის მხრიდან საზღვრის გადმოწევის და საზღვრისპირა ზონიდან ადამიანების გატაცების ფაქტებს, რასაც პერმანენტული ხასიათი აქვს“.

მისივე განმარტებით, „ყველა შეშფოთებულია აღიარებული ქირურგის, ბატონ ვაჟა გაფრინდაშვილის ცხინვალის იზოლატორში დაკავების გამო. ასეთი ვითარება ჩვენ საზოგადოებაში სამართლიან დიდ უკმაყოფილებასა და პროტესტს იწვევს“.

თბილისში მოღვაწე ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან „საზღვრის უკანონო კვეთისთვის“ დაახლოებით 9 ნოემბერს დააკავეს. 15 ნოემბერს საოკუპაციო რეჟიმმა მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თბილისში აცხადებენ, რომ ქართული მხარე საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის გათავისუფლებისთვის „ძალისხმევას არ იშურებს“ და ამ მიზნით უკვე მოხდა „საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება“.

ექიმის დაკავებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს მიმართა და ქართველი ექიმის „უმოკლეს ვადაში“ გათავისუფლებისთვის „ყველა არსებული საშუალების“ გამოყენებისკენ მოუწოდა.

ექიმის უკანონო დაკავების ფაქტის შესახებ განცხადება საქართველოში აშშ-ის საელჩომაც გაავრცელა და ვაჟა გაფრინდაშვილის „დაუყოვნებლივ გათავისუფლება“ მოითხოვა.

ილია II წერილში აფხაზეთში, ცხინვალის რეგიონში, ყირგიზეთსა და არქტიკაში მყოფი რუსული სამხედრო ნაწილების სამხედრო მეთაურების დამხმარეებად, 3 წლით, სასულიერო სასწავლებლების ახლად კურსდამთავრებული მოძღვრების მივლენის შესახებ ინფორმაციასაც ეხმიანება და ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს.

„რუსეთის ეკლესია ყოველთვის აღიარებდა და აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას, როგორც აფხაზეთში, ისე ცხინვალის რეგიონში. ამიტომაც ჩვენთვის გაუგებარია ამგვარი განაცხადი და იგი მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს ყველას“, – წერს ილია II.

იგი ასევე აღნიშნავს, რომ საეკლესიო კანონიკიდან გამომდინარე, „ჩვენს ტერიტორიაზე ჩვენი ნებართვის გარეშე სხვა რომელიმე მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა გამოგზავნა მიუღებელია“ და მიიჩნევს, რომ „ასეთი ქმედება ძაბავს და ამწვავებს ვითარებას“.

„ვიმედოვნებ, შესაძლებლობისამებრ მიიღებთ ზომებს ჩვენს სახელმწიფოთა, ხალხთა და ეკლესიათა შორის ურთიერთობების ნორმალიზებისათვის“, – წერს ილია II.

ასევე წაიკთხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button