skip to content
ახალი ამბები

ულტრანაციონალისტური ჯგუფები „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქციას უერთდებიან

საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის კოალიციისა და სამოქალაქო აქტივისტების მიერ 17 ნოემბერს პარლამენტის წინ დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციის პარალელურად, „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერები, მხარდამჭერებითან ერთად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან.

დღეს ცნობილი გახდა, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ დაგეგმილ საპროტესტო აქციას ულტრანაციონალისტური ჯგუფებიც შეუერთდებიან.

ორივე საპროტესტო აქციის მიზეზი გახდა მმართველი პარტიის – ქართული ოცნების დეპუტატთა ერთი ჯგუფის მიერ 14 ნოემბერს მიღებული გადაწყვეტილება, მხარი არ დაეჭირათ თავისივე საკონსტიტუციო ცვლილებისათვის, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებდა. შედეგად, დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება ჩავარდა.

ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების უკან ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც, მათივე თქმით, მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შენარჩუნებით, ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებას ცდილობს.

17 ნოემბერს თბილისში დაგეგმილი ორივე საპროტესტო აქციის მთავარი მოთხოვნა 2020 წელს პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

ხელისუფლება საარჩევნო სისტემის შეცვლაზე უარს აცხადებს და ოპოზიციას მოუწოდებს, მოემზადოს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც კვლავაც შერეული საარჩევნო სისტემით გაიმართება.

ულტრანაციონალისტური მოძრაობის – „ქართული მარშის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ მოძრაობის ყველა წევრსა და მხარდამჭერს დღეს მოუწოდა, „პატრიოტთა ალიანსის“ აქციას შეუერთდდნენ. მისი განცხადებით, „პარლამენტში წარმოდგენილი ძალებიდან, მხოლოდ პატრიოტთა ალიანსმა დაიკავა ეროვნული, პატრიოტული, მართალი პოზიცია და მხოლოდ მათი ქმედება პასუხობს ქართველი ერის ინტერესებს“.

„ვერასოდეს დავდგებით იმ საპროტესტო აქციაზე რომლის ძირითადი ლიდერები არიან სისხლიანი ჯალათები, ბოკერიას და სააკაშვილის დამნაშავე პარტიების სახით. ასევე ამორალურად ვთვლით თბილისი პრაიდის, მამათმავლების, ლგბტ აქტივისტების, ლიბერასტ-სოროსელების გვერდით დგომას, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჩვენს ზნეობრივ-მორალურ ღირებულებებს“, – ნათქვამია „ქართული მარშის“ განცხადებაში.

17 ნოემბერს თბილისში დაგეგმილ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით ფეისბუკის მეშვეობით ვიდეომიმართვა გაავრცელა ულტრაკონსერვატული შეხედულებების მქონე, „ევრაზიონისტულ“ მოძრაობასა და მის ლიდერთან, ალექსანდრე დუგინთან დაკავშირებულმა ქართველმა ბიზნესმენმა – ლევან ვასაძემ.

„ჭეშმარიტი სახალხო რევოლუციის გარეშე ქვეყანაში ვერაფერი დალაგდება, თუ კიდე გარედან რაიმე სასჯელი არ გვეწვია ამ ჩვენი ქცევის სანაცვლოდ, მაგალითად, მორიგი ომის სახით“, – აცხადებს ვასაძე. მისივე თქმით, „არაა გამორიცხული, რომ ამ მორიგ ყირაობაში ბიძინა ამერიკელებმა მაინც გასვან და უარესი ლიბერალები დაგვიბრუნონ, თუმცა იმედია, ეს მაინც არ მოხდება“.

ვასაძემ მთლიანად ქართული პოლიტიკური სპექტრი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „დისკრედიტირებულ ბიძინა ივანიშვილსა და ქართულ ოცნებას უპირისპირდება სრულიად დისკრედიტირებული დანარჩენი პოლიტსანაგვე“. „არსებული პოლიტიკური სპექტრი მთლიანად იყრება ამ დღეეში სანაგვეზე და ეს არის მთლიანად შედეგი ლიბერალური იდეოლოგიის შორს მდგომობისა ერის მიზნებისაგან“, – დასძინა მან.

ვადამდელი პროპორციული საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, საპარლამენტო და არასაპრლამენტო ოპოზიციის კოალიცია და სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციებს 14 ნოემბრიდან მართავენ. პარლამენტის შენობის წინ დემონსტრანტებს გაშლილი აქვთ კარვები და მუდმივად ადგილზე რჩებიან.

დღეს დილით, სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფმა მმართვველი პარტიის ოფისთან პიკეტი მოაწყო და სცადა ხელი შეეშალა ქართული ოცნების წევრებისათვის, დასწრებოდნენ პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეხვედრას.

17 ნოემბერს, 15:00 საათზე პარლამენტის შენობის წინ ოპოზიციური კოალიციის მხარდამჭერები შეიკრიბებიან, „პატრიოტთა ალიანსის“ აქცია კი 17:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე დაიწყება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button