skip to content
ახალი ამბები

კონსერვატიული პარტიის ლიდერებმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვეს

14 ნოემბერს პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდების შემდეგ, ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობა დღეს კიდევ სამმა დეპუტატმა დატოვა. ამჯერად, მმართველ გუნდს ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ სამი წევრი – ზვიად ძიძიგური, ნინო გოგუაძე და გიგა ბუკია გამოაკლდა. 

ზვიად ძიძუგურს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილს თანამდებობა ეკავა, ნინო გოგუაძე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო, გიგა ბუკია კი ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორებს“ ხელმძღვანელობდა. მათ საპარლამენტო თანამდებობებიც დატოვეს. 

ამ გადაწყვეტილების შედეგად, „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ ექვსკაციანი ფრაქცია ავტომატურად დაიშალა. 

საპარლამენტო უმრავლესობიდან გასვლის შესახებ საუბრისას, ზვიად ძიძიგურმა საკონსტიტუციო ცვლილების ჩაგდება მკაცრად გააკრიტიკა. „არ ვაპირებთ დავრჩეთ იქ, სადაც ისეთი ტიპის გადაწყვეტილებებს იღებენ, რომელიც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისითაც არის გაუმართლებელი“, – აღნიშნა მან.

ნინო გოგუაძის განმარტებით კი, საზოგადოებისთვის „ახსნადი არ არის“ ის, თუ რატომ ჩააგდო პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილების კანონპროექტი. „ვერ ვხედავ ჩემი შემდგომი საქმიანობის ადგილს ისევ იმ უმრავლესობის პირობებში და, სამწუხაროდ, მიწევს ამ გადაწყვეტილების მიღება“, – განაცხადა მან.

ფრაქციის თავმჯდომარის გიგა ბუკიას განცხადებით, ის იმ უმრავლესობაში დარჩენისა და მოღვაწეობის გაგრძელების რესურსს ვერ ხედავს, „სადაც, როგორც აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის სიტყვაზე უფრო მეტი წონა აღმოაჩნდა კახა ოქრიაშვილს“. „ჩვენთვის ძალიან მნიშველოვანია გაცემული პირობების დაცვა“, – დასძინა მანვე.

გიგა ბუკიამ განმარტა, რომ ისინი საპარლამენტო საქმიანობას გააგრძელებენ, რაც შეეხება ფრაქციის კიდევ სამ წევრს, რუსლან გაჯიევს, მუხრან ვახტანგაძეს და პაატა კვიჟინაძეს ისინი საკუთარ გადაწყვეტილებას ინდივიდუალურად მიიღებენ.

საკუთარ გადაწყვეტილებაზე მედიასთან უკვე ისაუბრა ფრაქციის ერთ-ერთმა წევრმა ბათუმის მაჟორიტარმა დეპუტატმა მუხრან ვახტანგაძემ და თქვა, რომ იგი ქართულ ოცნებაში რჩება. რაც შეეხება ფრაქცია „ქართული ოცნება – კონსერვატორების“ კიდევ ორ წევრს მათ საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ჯერ არ უსაუბრიათ.

ბოლო ორი დღის განმავლობაში, კონსერვატორების ჩათვლით, საპარლამენტო უმრავლესობა, რომელიც გუშინდლამდე 104 დეპუტატს აერთიანებდა, უკვე 12-მა დეპუტატმა დატოვა. მმართველი გუნდის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტის ჩაგდებიდან რამდენიმე წუთში, უმრავლსეობა შვიდმა დეპუტატმა დატოვა. მოგვიანებით მათ, კიდევ ორი დეპუტატი – პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და რუსთავის მაჯორიტარი გიორგი ბეგაძე შეუერთდა.

საპარლამენტო უმრავლესობაში კონსულტაციები ამ დრომდე გრძელდება. ლიდერები აცხადებენ, რომ უმრავლესობას დაშლის საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, მათივე განმარტებით, ისინი გუნდიდან წასული კოლეგების გადარწმუნებასაც ცდილობენ.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button