ძველი ამბები

იტალიური პრესა იტალიის მთავრობას საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისაკენ მოუწოდებს

Tags

საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 13 ნოემბერი, N257

იტალია და საქართველო

იტალიის პრესის აზრი არგენტინის რესპუბლიკის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

არგენტინის რესპუბლიკის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებამ მხურვალე გამოხმაურება გამოიწვია იტალიის პრესაში. იტალიის გაზეთებმა ამ ფაქტს ვრცელი წერილები უძღვნეს, რომლებიც  აღსავსეა მხურვალე სიმპატიებით საქართველოსადმი. გაზეთი „მესაჟდერო“ სწერს: „არგენტინის მთავრობამ 15 სექტემბრის დეკრეტით იცნო ფაქტიურად არა მარტო დამოუკიდებლობა, არამედ აღიარა სახელმწიფოებრივი თავისუფლება და დამოუკიდებლობა საქართველოსი ეს მოწმობს იმას, რომ ქართველი დემოკრატები და სოციალისტები ღირსნი არიან ნდობისა. ერთ წელზე მეტია, რაც არსებობს კავკასიის რესპუბლიკა, რომელმაც გამოიჩინა უნარი წესრიგის და პროგრესისა. ჩვენში პოლიტიკურ ბეცებს არ სურთ დაინახონ ეს; არგენტინა აფასებს მდგომარეობას ობიექტური თვალსაზრისით და იძლევა მაგალითს, რომელსაც უნდა მიმართონ სხვა ნეიტრალურმა სახელმწიფოებმაც. სამწუხაროა, რომ იტალიის მთავრობა არ არის ამის ინიციატორი, თუმცა მას ჰქონდა ამისათვის ხელსაყრელი პირობები. არის კიდევ დრო გამოსწორდეს ეს ნაკლი“.

გაზეთი „ტრიბუნა“ სწერს: „პირველი მთავრობა, რომელმაც ოფიციალურათ იცნო საქართველოს ახალი სახელმწიფო, არგენტინაა – ნეიტრალური ხალხი, რომლებიც არ არიან დამოუკიდებულნი საზავო კონფერენციის დადგენილებით, ამიტომ ასეთ ცნობისთვის უფრო ხელსაყრელ პირობებში იმყოფებიან. უნდა იმედი ვიქონიოთ, როდესაც აღდგენილ იქნება თავისუფალი მოქმედება, სხვა მთავრობებიც არ დააყოვნებენ საქართველოს ცნობას და პირველ ყოვლისა იტალიის მთავრობა, რომელიც სიმპატიით, სოლიდარულის გრძნობით არის აღჭურვილი ახალ აღორძინებულ საქართველოს სახელმწიფოსადმი“.

„ილ პაპლო“ სწერს: -„ ეს ქვეყანა (საქართველო) საუცხოოთ მართავს თავის სახელმწიფოს საკუთარი ძალით. ქვეყანა მდიდარი, რომელშიაც მოსახლეობს ენერგიული ხალხი და რომლებიც დიდი სიმპატიით არიან აღჭურვილნი ჩვენი ქვეყნისადმი, იტალია, ყველაზე პატარაა დიდ სახელმწიფოებს შორის და ყველაზე დიდია პატარა ერებში. ჩვენი მატერიალური და სულიერი ინტერესები მოითხოვენ, რომ იტალიამ თავის საქმეთ დაისახოს დამოუკიდებლობა იმ ხალხების, რომელთაც სწყურიათ თავისუფლება და სიცოცხლე. ამით იტალია დიდ სიმპატიას მოიპოვებს ევროპაში“. დასასრულს გაზეთი მოუწოდებს თავის მთავრობას, დაუყონებლივ აღიაროს საქართველოს დამოუკიდებლობა, ეს სურთ ყველა იმ ადამიანებს რომლებიც თანამდეროვე თვალსაზრისზე სდგანან.

Related Articles

Back to top button