რესპუბლიკის ამბები

რესპუბლიკის ჯარში დეზერტირობა გახშირდა

გაზ. საქართველო, 1919 წლის 2 ნოემბერი, N238

დეზერტირები

დეზერტირობის საკითხი დღეს მეტად მწარედ სდგას.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღემდე ვერც ერთი მობილიზაცია წესიერად ვერ ჩატარდა: ვერც სამხედრო უწყებამ და ვერც ადმინისტრაციულმა აპარატმა ვერ გამოიჩინეს საკმაო ენერგია, რომ ცხოვრებაში გაეტარებიათ დამფუძნებელი კრების დეკრეტი ახალგაზრდათა ჯარში გაწვევის შესახებ.

ოფიციალური ცნობით სამხედრო ბეგარის მოსახდელათ გაწვეულთა 50 პროცენტი არ გამოცხადებულა და იმათგანაც, ვინც გამოცხადდა ძალიან საგრძნობი ნაწილი დეზერტირებათ გამხდარან. ეს გარემოება ძალიან დიდი ყურადღების ღირსია!

თუ ხალხი არ ცხადდება მოვალეობის აღსასრულებლად, სჩანს იმდენათ მოდუნებული ყოფილა ჩვენი ადმინისტრატიული აპარატი, რომ არ ძალუძს იძულებით მოიყვანოს იგი.

ხოლო თუ სამსახურიდან გარბიან, აშკარაა, რომ სამხედრო უწყებას ვერ დაუმყარებია ისეთი დისციპლინა, რომელიც თვით შეკრავდეს ჯარის-კაცობას სამხედრო სამსახურში… მდგომარეობა ორივე მხრით უაღრესად სამწუხაროა. ახალგაზრდობა მოვალეა თავისის სამშობლოს წინაშე მოიხადოს ის ვალი, რომელიც მას აწევს. და ვინც ურჩობს თავის სამშობლოს წინაშე, მის მიმართ არავითარ ლმობიერებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს.

სამწუხაროთ, მთავრობამ დღემდის ვერ გამოიყენა ის კანონი, რომელიც დიდი ხანია, რაც მიღებულია და რომლის ძალით, უკეთუ გაწვეული ჯარში არ გამოცხადდა სასტიკათ უნდა იქნეს დასჯილი.

ჯერ-ჯერობით, არამც თუ არავინ არ დასჯილა, არამედ დეზერტირთა უმეტესობა თავისუფლად დასეირნობს და ძალიან ბევრს თავი შეფარებული აქვთ მთავრობის, თუ საზოგადოებრივ დაწესებულებებშიც.  

დეზერტირობა მეტად საშიშ მდგომარეობას უმზადებს რესპუბლიკას და ბოლშევიკების უკანასკნელმა მოძრაობამაც გვაჩვენა, რომ ამ გამოსვლებში მონაწილეობის მიმღებთა უმრავლესი კონტიგენტი სწორედ ამ დეზერტირებისაგან შესდგებოდა…

ამ ჟამად გაზეთებში  გამოქვეყნებულია მთავრობის ბრძანება, რომ დეზერტირების წინააღმდეგ მიღებული იქნეს სასტიკი ზომები…

ჩვენ სრული კმაყოფილებით ვხვდებით ამ ბრძანებას და მოვუწოდებთ ყველას, რომ საზოგადოების ყველა წრეებმა მხარი დაუჭირონ ჩვენს ადმინისტრაციას ამ ბრძანების სისრულეში მოსაყვანად.

მსგავსი/Related

Back to top button