ახალი ამბები

ანაკლიის პორტის პროექტში ჩართვაზე უარს კიდევ ერთი პოტენციური ინვესტორი ამბობს

Tags

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 29 ოქტომბრის ინფორმაციით, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ Conti International-ის გასვლის შესახებ გადაწყვეტილების შემდეგ, კონსორციუმის მიერ მთავრობისთვის ალტერნატიული ინვესტორის სახით წარდგენილმა კომპანია Meridian Capital-მა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩართვაზე უარი თქვა.

სამინისტროს განმარტებით, კონსორციუმში Conti International-ის ჩამნაცვლებელი ახალი ინვესტორის მოწონების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 29 ოქტომბერი იყო. 28 ოქტომბერს კი, Meridian Capital-ის წარმომადგენელმა მათ წერილობით აცნობა, რომ კომპანიას „მოცემულ ეტაპზე“ ანაკლიის პორტის პროექტში ინვესტორის სახით მონაწილეობის შესაძლებლობა არ გააჩნია. უწყებისვე განმარტებით, Meridian Capital-მა საქართველოს მთავრობისგან „მოწონების თაობაზე ყველა მიმდინარე პროცედურის შეჩერება მოითხოვა“.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ითვალისწინებს Meridian Capital-ის თხოვნას და გამოთქვამს მზადყოფნას მომავალშიც ხელი შეუწყოს სათანადო გამოცდილების, ფინანსური და საქმიანი რეპუტაციის მქონე ყველა ინვესტორს მიიღოს მონაწილეობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების პროექტში“, – ვკითხულობთ სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ პოტენციური ინვესტორის მხრიდან ანაკლიის ღრმაწყლოვან პროექტში ჩართვაზე უარის შესახებ განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა.

Meridian Capital-ის გადაწყვეტილებას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ 25 ოქტომბერს გავრცელებული განცხადება უსწრებდა, რომელშიც კონსორციუმმა განმარტა, რომ Conti International-მა – აქციების 42%-ის მფლობელმა პარტნიორმა – ანაკლიის პროექტიდან გასვლის შესახებ აგვისტოს შუა რიცხვებში მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა და ის კონსორციუმში რჩებოდა.

კონსორციუმის განცხადებას Conti International-მა იმავე დღეს ოფიციალური წერილით უპასუხა და განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პრეოქტში საკუთარი წილის გასხვისების პროცესს კვლავ გააგრძელებს და კონსორციუმს  ისე დატოვებს, რომ პროექტის დასრულებას ზიანი არ მიადგეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button