skip to content
ახალი ამბები

Conti International-ი ანაკლიის განვითარების კონსორციუმში რჩება

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მიერ 25 ოქტომბერს გავრცელებული ინფორმაციით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ერთ-ერთმა მთავარმა პარტნიორმა Conti International-მა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმიდან“ გასვლის გადაწყვეტილება შეცვალა და პროექტში რჩება.

ამ განცხადებას წინ უძღოდა კონსორციუმის ხელმძღვანელობასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, მაია ცქიტიშვილს შორის 24 ოქტომბერს გამართული შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.

16 ოქტომბერს კი, მთავრობამ, კონსორციუმის მხრიდან საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის მიუხედავად, პორტის ასაშენებლად ფინანსური რესურსების მოზიდვის ვადა კონსორციუმს 2019 წლის დეკემბრამდე გაუხანგრძლივა. 

კონსორციუმიდან Conti International-ის გასვლის შესახებ ცნობილი 15 აგვისტოს გახდა. კონსორციუმმა მაშინ განმარტა, რომ ამერიკელი პარტნიორების გასვლა ანაკლიის პროექტს „კრიტიკულად არ დააზიანდება“. თუმცა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კონსორციუმს მოსთხოვა, რომ მთავრობისთვის „უმოკლეს ვადებში“  პროექტში „დასავლური სტრატეგიული ინვესტორის“ მოზიდვის შესახებ გეგმა წარმოედგინა, რომელიც 42%-იანი წილის მქონე „კონტი ჯგუფს“ „იმავე მოცულობით“ ჩაანაცვლებდა.

ბოლო ორი თვის განმავლობაში, კონსორციუმი მოლაპარაკებას რამდენიმე პოტენციურ ინვესტორთან აწარმოებდა და მთავრობას მათთან თანამშრომლობის გეგმაც შესთავაზა, თუმცა ხელისუფლებისგან თანხმობა ვერ მიიღო. 15 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე, კონსორციუმის ხელმძღვანელობამ მთავრობა ანაკლიის პორტის პროექტის „საბოტაჟირებაში“ დაადანაშაულა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ 2014 წელს დაფუძნდა და მისი 99.99%-ს სს „ანაკლია ჰოლდინგი“ ფლობს, 0.01% კი – სახელმწიფოს საკუთრებაა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა“, რომლის მფლობელიც, Conti International-თან ერთად, მამუკა ხაზარაძის მიერ დაფუძნებული „თიბისი ჰოლდინგიც“ არის, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვა 2016 წლის თებერვალში მოიპოვა. ანაკლიაში პირველი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო და მშენებლობის პირველი ფაზა გასული წლის შემოდგომაზე დასრულდა.

2019 წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკორატურამ 2018 წლის აგვისტოში „თიბისი ბანკისა“ და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიება დაიწყო. ივლისში კი, მათ ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

2019 წლის 5 აგვისტოს, კონსორციუმიდან Conti International-ის გასვლამდე დაახლოებით ათი დღით ადრე, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღეს.

მამუკა ხაზარაძემ, რომელიც ხელისუფლებას ანაკლიის პროექტის ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს, სექტემბერში საზოგადოებრივი მოძრაობა ლელო დააფუძნა, მის ბაზაზე კი, დეკემბერში პარტიის შექმნას, 2020 წელს კი, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას აპირებს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შესახებ დეტალებისთვის გადადით ბმულზე.

ასევე წაიკითხეთ: 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button