რესპუბლიკის ამბები

ბათუმის ოლქში დენიკინელთა ხელშეწყობით თურქოფილები აქტიურობენ

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 4 ოქტომბერი, N223

აჭარის გარშემო

ბათუმის თურქოფილები გენ. კუკოლისთან

ბათუმში გამოდის თურქულ ენაზე გაზეთი „სედაი მილეთი“ (ხალხის ხმა). ეს გაზეთი სანამ ბუტაფორიული ყარსის მთავრობა არსებობდა, ამ მთავრობის ორგანო იყო. შემდეგ მუსულმანთა პარტიის, ე. ი. პანთურქისტების  ორგანოა. ის იცავს ოსმალეთის უფლებებს ყარს, არდაგან და ბათუმის ოლქებზე; მოითხოვს, რომ ეს ოლქები ოსმალეთს გადაეცეს. ამ პარტიაში, ანუ უკეთ რომ ვსთქვათ, მცირე ჯგუფში, ორი მესამედი დენიკინელებია, რომლებსაც გენერალი რომანოვსკისგან დავალებული აქვს გასწიოს პროპაგანდა-აგიტაცია ოსმალეთის მთავრობის სასარგებლოთ, რომ მით სამუსლიმანო საქართველო დააშოროს დედასამშობლო საქართველოს და, ვინაიდან ბათუმ-ყარს-არდაგანს ოსმალეთს არავინ გადასცემს დენიკინს მოუმზადოს ნიადაგი ბათუმში შემოჭრისა.

ამ გაზეთის 58-ე ნომერში, 27 სექტემბერს, მოთავსებულია ცნობა:

ბათუმის ოლქის მუსულმანთა პარტიის წარმომადგენლები გენ. კუკოლისთან.

„25 ამა თვეს, ხუთშაბათს, დილის 11 საათზე, ინგლისის გენერალმა კუკოლისმა ჩვენი წარმომადგენლები მიიღო, რომლებიც გენერალს საათნახევარი ესაუბრეს. მოგვყავს აქ მოკლეთ გენერალთან ნათქვამი.

ჩვენმა წარმომადგენლებმა გენ. კუკოლისს მადლობა მოახსენეს იმის გამო, რომ ბათუმის ოლქში ერთხან კიდევ რჩებიან ინგლისელები.

გენ. კუკოლისი –  თქვენ ამბობთ, რომ ბათუმის ოლქი უნდა გადავიდეს ოსმალეთის მფარველობაშიო. მემედ ბეგ აბაშიძე კი ამტკიცებს, რომ მუსულმან ქართველებს საქართველოსთან ერთობა სწადიათო. ამ ორ მიმდინარეობის გამოსარკვევათ მე თვითონ უნდა დავიარო ოლქი. მემედ ბეგ აბაშიძეც რომ თან წამომყვეს, თქვენ ამის შესახებ რას იტყვით?

პარტიის რწმუნებული – ამის საწინააღმდეგო არაფერი გვექნება.

კუკოლისი – აჭარის მცხოვრებლებსაც არ სურთ საქართველო?

რწმუნებული – არ სურთ. მათ სურთ ოსმალეთთან გაერთიანება.

კუკოლისი – ჯემალ ფაშა ხიმშიაშვილი აჭარის დელეგაციითურთ საქართველოში წავიდა. მაშ რისთვის წავიდა ის იქ?

ჯემალ ფაშის შვილმა ჯელალ ბეგმა, რომელიც პარტიის ერთ-ერთი რწმუნებულთაგანი იყო, სიტყვა მოითხოვა და გენერალს შემდეგი უპასუხა:

ჯელალ ბეგი – ბატონო გენერალო! მამაჩემი მთელი აჭარის მცხოვრებთა დავალებით არ წასულა ტფილისში. ის წავიდა მხოლოდ ზემო-აჭარის მცხოვრებთა დავალებით. საქართველოს მთავრობამ აჭარიდან დელეგაცია მოითხოვა, მამაჩემს ზოგიერთ გაუგებრობის გამო ცილი დასწამეს, ამ გაუგებრობის გასაფანტავათ და აგრეთვე იმის გამო, რომ გაეგო მას საქართველოს მთავრობის სურვილები და რომ ეს სურვილები გადაეცა ხალხისთვის, ის წავიდა ტფილისში. გარდა ამისა, მამაჩემს არავითარი დავალება არ აქვს ხალხისაგან.

კუკოლისი – ამ რამდენიმე დღის შემდეგ მე თვითონ დავივლი ოლქს და გავიგებ ხალხის სურვილს“.

მსგავსი/Related

Back to top button