ახალი ამბები

ლავროვი საქართველოსთან ურთიერთობების შესახებ

Tags

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა რუსულ გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში 25 სექტემბერს განაცხადა, რომ, მისი აზრით, საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენა „სწორი იქნებოდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობამ გააცნობიერა იმ გამოხდომის კონტრპროდუქტიული და პროვოკაციული ხასიათი, რომელიც მოხდა საქართველოს პარლამენტში, როცა იქ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა იმართებოდა“.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ მოსკოვი მზად იყო ეს გადაწყვეტილება 2019 წელს მიეღო. „ამ გადაწყვეტილების მზადების პროცესი არ იყო მარტივი, თუმცა, საბოლოოდ, ვ. პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩვენ ამაზე წავიდოდით, რათა ხალხებმა იურთიერთონ, კონტაქტები დამყარდეს, განვითარდეს ტურიზმი“, – თქვა ლავროვმა და იქვე დასძინა, რომ ივნისის თვეში თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა „მთელი ეს პროცესი უკან დახიეს“.

ლავროვმა იქვე იმედი გამოთქვა, რომ ეს პროცესი საბოლოოდ „არ დასამარებულა“. „საქართველოში გამოჩნდნენ და პოზიციებს იმყარებენ შერაცხადი პოლიტიკოსები. ვნახოთ, როგორ წავა საქმეები“, – თქვა მან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოში საქართველოს გაწევრიანებასაც შეეხო. ამ კონტექსტში, მან უარყო მოსაზრება, რომ თავის დროზე რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა ნატოში საქართველოს გაწევრიანების შესაჩერებლად მიიღო, ხოლო ჟურნალისტის კითხვაზე – რა მოხდება, თუ საქართველოს ნატოში „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე მიიღებენ“ – ლავროვმა განაცხადა: „ომს ჩვენ არ დავიწყებთ. ამას გპირდებით, მაგრამ ჩვენს ურთიერთობებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან და იმ ქვეყნებთან, რომლებიც თავის პრიორიტეტად ალიანსში გაწევრიანებას ისახავენ, სერიოზული ზიანი მიადგება“.

თბილისში საპროტესტო აქციები 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა.

ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ ქვეყნის მეორე პირის სავარძლის დაკავების გამო დაწყებული საზოგადოებრივი პროტესტის პასუხად, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა რუს დეპუტატებს თბილისის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს.

რუსი დეპუტატების დელეგაციის გაძევების პასუხად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 8 ივლისიდან რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აკრძალა და რუსულ ტუროპერატორებს საქართველოში ტურისტების გადაყვანისგან თავის შეკავების რეკომენდაციით მიმართა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button