ახალი ამბები

კარასინი, თბილისის საპროტესტო აქციების ფონზე, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს აფასებს

Tags

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა 2 ივლისს განაცხადა, რომ მისთვის „მტკივნეულია იმის გაცნობიერება, რომ სააკაშვილის სკოლაგავლილმა რადიკალებმა 20-21 ივნისის საპროტესტო აქციებისათვის ანტირუსული მიმართულების მიცემა შეძლეს“.  კარასინმა რუსეთ-საქართველოს კრიზისში მყოფ ურთიერთობებზე გამოცემა „კომერსანტთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

კარასინის თქმით, თბილისში განვითარებული მოვლენების „შედეგად, ყველაფერი დადებითი, რასაც ქართულ-რუსულ ურთიერთობებში 2012 წლიდან მოყოლებული ერთობლივი ძალისხმევით მივაღწიეთ, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა“.

„იქმნებოდა ახალი ატმოსფერო ჩვენი ხალხების საკეთილდღეოდ და მას უკვე შედეგებიც მოჰქონდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არის მყიფე და შეიძლება ანგარიშმიუცემლად უკუგდებულ იქნას საქართველოს ხელმძღვანელი პირების უხეში და უპასუხისმგებლო განცხადებებით შთაგონებული ბრბოს მიერ“, – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კარასინის თქმით, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაახლოებულმა „რადიკალებმა“, დიდი ძალისხმევის გარეშე, სიტუაცია ისევ „მტრულ და კონფრონტაციულ ჩიხში“ შეიყვანეს. „დარწმუნებული ვარ, თბილისში ეს უკვე კარგად გააცნობიერეს“, – აღნიშნა მან.

კარასინმა თბილისიდან რუსი დეპუტატების დელეგაციის გაძევების პასუხად მოსკოვის მიერ საქართველოს წინააღმდეგ დაწესებულ შეზღუდვებზეც გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ რუსეთის ტრადიციისათვის მიუღებელია, „გადაყლაპოს“ მისი ხალხისადმი გამოხატული უტიფრობა და მუქარები. მისივე თქმით, მოსკოვი „იძულებულია“ რისკები წინასწარ განჭვრიტოს და დააზღვიოს.

„პროვოკატორებმა და რუსეთთან ურთიერთობებისადმი მტრულად განწყობილმა ადამიანებმა, ანტირუსული დღის წესრიგის განსახორციელებლად, დაწყებული დემონსტრაციების გამოყენება შეძლეს“, – განაცხადა კარასინმა და დასძინა: „ვიმედოვნებ, რომ ჩვენმა ადეკვატურმა რეაქციამ საღ გონებაზე მოიყვანა ისინი, რომელთაც ცინიკურად სურთ, ანტირუსული რიტორიკითა და მუქარებით პოლიტიკურ თამაშში ქულები დაიწერონ“.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ მოსკოვი „იბრძოლებს“ საქართველოსთან აქტიური ურთიერთობებისათვის და იმედი გამოთქვა, რომ „ჩვენს ხალხებს ეყოფათ მოთმინება და საღი აზრი, რათა კონსტრუქციული მიდგომებით იმოქმედონ“.

კარასინი შეეხო საქართველოსთან სავიზო რეჟიმსაც. მისი თქმით, რუსეთი, „პრინციპული თვალსაზრისით“, მზად იყო მისი გაუქმებისათვის, თუმცა ამ საკითხის „უკეთეს დრომდე გადადება“ მოუწევს. „ჩვენ ველოდებით საქართველოში სიტუაციის ნორმალიზებას, რუსოფობიული კამპანიის შეწყვეტასა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისათვის ყოველგვარი საფრთხეების გაქრობას“, – აღნიშნა კარასინმა.

„კომერსანტისთვის“ მიცემული ინტერვიუ წინ უძღვის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 48-ე რაუნდს, რომელიც 2-3 ივლისს იმართება. იმავე ინტერვიუში კარასინი აღნიშნავს, რომ ჟენევის მოლაპარაკებები „მხოლოდ და მხოლოდ აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს ურთიერთობებს ეხება“, თუმცა ვინაიდან იქ საქართველოს დელეგაციაც იქნება, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების განხილვას „გარკვეული დრო აუცილებლად დაეთმობა“.

თბილისში საპროტესტო აქციები 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სხდომის მონაწილეებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მიმართა.

ოკუპანტი სახელმწიფოს წარმომადგენლის მიერ ქვეყნის მეორე პირის სავარძლის დაკავების გამო დაწყებული საზოგადოებრივი პროტესტის პასუხად, საქართველოს ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა რუს დეპუტატებს თბილისის დაუყოვნებლივ დატოვება მოსთხოვეს.

რუსი დეპუტატების დელეგაციის გაძევების პასუხად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 8 ივლისიდან რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლა აკრძალა და რუსულ ტუროპერატორებს საქართველოში ტურისტების გადაყვანისგან თავის შეკავების რეკომენდაციით მიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 21 ივნისს, საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარების გართულების გამო შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ რუსეთის დელეგაციის წევრები „რადიკალური ქართული ოპოზიციის მიერ ანტირუსული ლოზუნგებით განხორციელებული ქმედებების შედეგად“ დაზარალდნენ.

საქართველოში დაწყებული საპროტესტო აქციების ფონზე, შექმნილი კრიზისის შედეგად, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა, ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი კი იძულებული გახდა, გამოეცხადებინა საკონსტიტუციო რეფორმა, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითვალისწინებს.

თბილისში საპროტესტო აქციები მე-13 დღეა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით გრძელდება, რომელსაც სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები 21 ივნისს გავრილოვის ვიზიტის გასაპროტესებლად გამართული აქციის დარბევასა და სამართალდამცავთა მხრიდან ძალის გადამეტებაში ადანაშაულებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button