
ყოფილ თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს პატიმრობა შეეფარდა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროინდელ თავდაცვის მინისტრს, ირაკლი ოქრუაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა მას შემდეგ, რაც მან „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის“, კერძოდ, სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული 20 000-ლარიანი გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.
ოქრუაშვილს, რომელიც 2004-2006 წლებში თავდაცვის მინისტრის პორტს იკავებდა, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლის დარღვევაში წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს. დანაშაული ისჯება ჯარიმით ან ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, თანამდებობის დაკავების ან კონკრეტული საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
იგი კომისიის სხდომაზე, რომელსაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი თეა წულუკიანი თავმჯდომარეობს, 26 მარტს დაიბარეს, თუმცა მან მისვლაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით მან გამომძიებლების კითხვებს თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა. მას 20 000 ლარის გირაო შეეფარდა და ქვეყნის დატოვება აეკრძალა.
იგივე ბრალდებები და გირაო შეუფარდეს სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებსაც, მათ შორის ოპოზიციური „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერებს ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ასევე „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს, და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს გივი თარგამაძესა და გიორგი ვაშაძეს.
„ქართული ოცნების“ საპარლამენტო კომისიას, რომელსაც თავდაპირველად 2003 წლიდან 2012 წლამდე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სავარაუდო სისტემური დანაშაულების გამოძიება ევალებოდა, მანდატი გაუფართოვდა და ის ახლა დღემდე არსებულ პერიოდს მოიცავს. „ქართული ოცნება“ გეგმავს თავისი საგამოძიებო კომისიის საბოლოო ანგარიშის ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოში წარუდგინოს და, ანგარიშის საფუძველზე, აკრძალოს ნაციონალური მოძრაობა და მისი „მემკვიდრე პარტიები“, რომელთა შორის მთავარი პროევროპული ოპოზიციური ძალები მოიაზრება. 13 მაისს “ქართული ოცნების” პარლამენტმა საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ისახავს მიზნად.
ასევე წაიკითხეთ:
- 02/04/2025 – ოპოზიციონერ პოლიტიკოს მამუკა ხაზარაძეს 50 000 ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრა
- 14/02/2025 – ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელ კომისიას თეა წულუკიანი უხელმძღვანელებს
This post is also available in: English Русский