ახალი ამბები

აქციის მეექვსე დღეს ოცნება ტონს ამკაცრებს

Tags

პარლამენტის წინ აქცია 25 ივნისს ისევ ზუსტად შვიდ საათზე განახლდა. მომიტინგეებმა საკუთარი მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაახმოვანეს და შს მინსიტრის გიორგი გახარიას გადადგომა, 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ყველა იმ სამართალდამცველის დასჯა ისევ მოითხოვეს, ვინც აქციის დაშლის დროს საკუთარ უფლებამოსილებას გადაამეტა.

აქციის მონაწილეების ერთ-ერთი მოთხოვნის შესრულების მიუხედავად, რაც მომდევნო საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, ისინი აცხადებენ, რომ პროტესტი იქამდე გაგრძელდება, სანამ ყველა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. დემონსტრანტები პარლამენტის წინ დღეს შვიდ საათზე ისევ შეიკრიბებიან.

ოცნება ტონს ამკაცრებს

საზოგადოების ექვსდღიანი პროტესტის ფონზე, ქართული ოცნების ლიდერები ტონს ამკაცრებენ და ოპოზიციის „დესტრუქციული“ ლიდერების დაკავებას აანონსებენ. 25 ივნისს მთავარმა პროკურატურამ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს ნიკა მელიას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობისთვის ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით წარუდგინა და საქართველოს პარლამენტს მისი დაკავების ნებართვის თხოვნით მიმართა.

პროკურატურის განცხადებამდე, გუშინ საკანონმდებლო ორგანოში, სადაც პარლამენტის ახალ თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩიეს, ოცნების დეპუტატები 20-21 ივნისის მოვლენებში ოპოზიციის ლიდერების მხრიდან პროვოკაციებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წაქეზების შესახებ განცხადებებს მთელი დღის განმავლობაში აკეთებდნენ. ისინი, პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებზე სრულ პასუხისმგებლობას სწორედ ოპოზიციას აკისრებდნენ და ხაზს უსვამდნენ, რომ შს მინისტრმა ქვეყანა „სისხლისღვრისგან“ იხსნა.

საქართველოს პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო ტრიბუნიდან გუშინ ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონკრეტულმა პოლიტიკურმა ჯგუფმა „მშვიდობიანი მანიფესტაციის აგრესიაში“ გადაყვანა სცადა და „დაიწყო შტურმი პოლიციელების კორდონზე და საქართველოს პარლამენტზე“.

„ჩნდება ბევრი კითხვა და ამ კითხვებს უნდა უპასუხონ იმ ოპოზიციურმა ლიდერებმა, ვინც იყვნენ ამ მოვლენების წინა ხაზზე, ვინც იყვნენ შტურმის დროს იქ, ადგილზე და მათ მოუწევთ ამ შეკითხვებზე პასუხების გაცემა საზოგადოებისთვის“, – აღნიშნა თალაკვაძემ და დასძინა, რომ ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას “ძალადობრივი სცენარით რაიმე ცვლილებებს მიაღწიოს ქვეყანაში”.

20-21 ივნისის მოვლენებში ოპოზიციის პასუხისმგებლობაზე ისაუბრა ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა მამუკა მდინარაძემაც. მისი თქმით, „ვინც აქეზებს და ვინც აწყობს ამ პროვოკაციებს და ამ უბედურებებს, ყველამ უნდა აგოს პასუხი“. „პასუხი უნდა აგოს ნებისმიერმა ვინც ეს ჩაიდინა, ვინც გადაამეტა თავის უფლებამოსილებას, ვინც ეს მოაწყო, ვისაც ეს უნდოდა და ვინც იღვწოდა , რომ ეს ყველაფრი გაეკეთებინა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„პოლიტიკურ პასუხიმგებლობაზე ვსაუბრობ, იმაზე, რაც მოხდა იმ საღამოს, ის დათხრილი თვალები, ის უბედურება რამდენიმე ადამიანის… ეს საიდან დაიწყო? ვინ მოუწოდებდა? ვინ ანიშნებდა ხელით და ვინ ძალადობდა იმ ადამიანების აზრზე, რომ მათ პარლამენტი უნდა აეღოთ შტურმით? ამაზე ვიღაცამ უნდა აიღოს პასუხიმგებლობა და უპირველეს ყოვლისა, იმათ, ვინც მოუწოდებდნენ ადამიანებს“, – განაცხადა მან.

გუშინ საღამოს, „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ინტერვიუში, 20-21 ივნისის მოვლენებში ნაციონალური მოძრაობის ბრალეულობაზე ისაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემაც. მისი განმარტებით, პარტია შეეცადა, რომ გულწრფელი პროტესტით ესარგებლა და ის საკუთარი პროვოკაციებისთვის გამოეყენებინა.

„მიმდინარეობდა შეტევა პარლამენტის შენობაზე, ძალადობა პოლიციელებზე და ისინი იძულებული იყვნენ, გამოეყენებინათ ე.წ. სპეციალური საშუალებები, რომ დაეშალათ აგრესიულ ადამიანთა ჯგუფი“, – განაცხადა მან.

პრემიერის განმარტებით, ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი, ბოლო წლებია, ქართულ საზოგადოებაში არასტაბილურობის განცდის შემოტანაზე არიან ორიენტირებული. „მათთვის არანაირი დემოკრატიული პროცესი, არანაირი არჩევნები, უმაღლესი სტანდარტებით ჩატარებული არ არის მისაღები. ისინი ორიენტირებული არიან საზოგადოების პოლარიზაციაზე, გახლეჩვაზე და დესტაბილიზაციის გაჩენაზე“, – ხაზი გაუსვა პრემიერმა.

ბახტაძემ იმ შედეგზე და კადრებზე, რაც საზოგადოებამ იხილა, პოლიტიკური პასუხისმგებლობა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს დააკისრა, „რომელთა უპასუხისმგებლო განცხადებებმა და ქცევებმა გამოიწვია ეს ძალიან მძიმე შედეგები“. მანვე სამართლებრივ კუთხეზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ნიკა მელიას მოწოდებებთან დაკავშრებით პროკურატურამ გამოძება უკვე დაიწყო.

მკაცრი ტონი ჰქონდა პარტია ქართული ოცნების პოლიტიკურ მდივანს ირაკლი ღარიბაშვილსაც, რომელმაც პროკურატურის მიერ ნიკა მელიასთავის ბრალის წაყენება ტელეკომპანია პირველში სტუმრობის დროს შეაფასა.

„ბატონმა მელიამ “კიტოვანობა” მოინდომა და თავი განმათავისუფლებლად წარმოგვიჩინა. სახელმწუფო ამ პრეცედენტს არ და ვერ დაუშვებდა. ეს არის საშიში გამოვლინება, რომელზეც სახელმწიფოს ჰქონდა მკაცრი რეაგირება“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ გიორგი გახარიას გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს, რაც სავარუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ ქართული ოცნება აქციის მონაწილეების მოთხოვნის შესრულებას და შს მინისტრის გათავისუფლებას არ გეგმავს.

მისივე განმარტებით, 20 ივნისს ქვეყანამ თავიდან აიცილა სახელმწიფო გადატრიალება და ხაზი გაუსვა, რომ „ანტიეროვნულმა, ანტისახელმწიფოებრივმა ძალამ, ნაციონალურმა მოძრაობამ დაგეგმა ძალიან საშიში პროვოკაცია“.

„მათ მოინდომეს პარლამენტის შენობის დაკავება, ძალისმიერი მეთოდებით. გაუწიეს ორგანიზება მასობრივ ძალადობას სახელმწიფოს და პოლიციის წინააღმდეგ. ჩვენ ამაზე რატომ არ ვსაუბრობთ? როგორ მივედით იქამდე [აქციის დარბევა]? სამი საათის განმავლობაში ჩვენი პოლიცია იტანდა და იგერიებდა რაღაც არნახულ, ენით აღუწერელ შეურაცხყოფას და ფიზიკურ ძალადობას სააკაშვილის დაქირავებული კრიმინალებისგან“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

თბილისში საპროტესტო აქციები საქართველოში რუსი კომუნისტი დეპუტატის სერგეი გავრილოვის ვიზიტს და ხელისუფლების შემდგომ ქმედებებს მოჰყვა. 20 ივნისს პარლამენტის წინ რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა და ხელისუფლების კოლაორაციონიზმი გააპროტესტა.

აქციაზე ვითარებას მას შემდეგ დაიძაბა, რაც პროტესტანტების ნაწილმა პარლამენტის წინ მობილიზებული პოლიციის კორდონის გარღვევა და საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სცადა. საბოლოოდ, სამართალდამცველებმა აქცია ძალის გამოყენებით, რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალა.

მეორე დღეს პროტესტმა უფრო ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. 6 დღის განმავლობაში, რიგითი მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციის ნაწილი პარლამენტის ყოველდღიურ რეჟიმში იკრიბება და აცხადებს პროტესტი იქამდე არ შეწყდება, სანამ ყველა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება. აქციის ორგანიზატორების თქმით, აქცია დღეს ზუსტად შვიდ საათზე ისევ განახლდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Show More

Related Articles

Back to top button