skip to content
ახალი ამბები

მთავრობამ, განვითარების კონსორციუმმა და საფინანსო ინსტიტუტებმა ანაკლიის პორტის შესახებ ისაუბრეს

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების საინვესტიციო ხელშეკრულების თაობაზე საქართველოს მთავრობას, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის 21 მაისს მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა.

მხარეები თავდაპირველად ერთმანეთს ფინანსთა სამინისტროში შეხვდნენ. მოგვიანებით კი, შეხვედრა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ გაგრძელდა. შეხვედრას მთავრობის მხრიდან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი, ასევე ეკონომიკისა და იუსტიციის სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მოლაპარაკებებში ის ოთხი საფინანსო ინსტიტუტიც (აზიის განვითარების ბანკი (ADB), აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD), და საზღვარგარეთის კერძო ინვესტიციების კორპორაცია (OPIC) ) მონაწილეობდა, რომლებმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობისთვის ფინანსები უნდა გამოყონ.

მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ „პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება“. „სამუშაო პროცესია, ყველა მხარე არის ძალიან მონდომებული, რომ ეს პროექტი განხორციელდეს“, – განმარტა მან.

მისივე თქმით, ერთ-ერთი საკითხი რაზეც შეთანხმება მიღწეული არ არის და მსჯელობა გრძელდება „ტვირთების მოძრაობის რისკების დაზღვევაა“, რაც იმას ნიშნავს, რომ არასაკმარისი ტვირთბრუნვის შემთხვევაში წარმოქმნილი ფინანსური სხვაობის დროს, სახელმწიფომ კონსორციუმს ბანკებისთვის გადასახდელი თანხა უნდა ასესხოს.

მოლაპარაკებები დადებითად შეაფასა, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმაც და განაცხადა, რომ ინვესტორი ბანკების 8 მოთხოვნიდან მთავრობასთან 7-ზე შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეულია. რაც შეეხება ტვირთბრუნვის რისკის დაზღვევის საკითხს ლევან ახველდიანის განმარტებით, მოლაპარაკებები გაგრძელდება და „ამ პუნქტთან მიმართებით გარკვეულ ალტერნატივებზეა საუბარი“.

„ჩვენ მოლაპარაკება გვქონდა ევროკავშირის ფონდთან, ასევე არის მექანიზმები რომლის ამოქმედებაც შეიძლება, რომელზეც ჩვენ ისედაც ვმუშაობდით. არის გარკვეული მონახაზი და ეს მიღწევადია“, – განახცადა მან.

ახვლედიანის განმარტებით, შეხვედრაზე ხელშეკრულების ვადებთან დაკავშირებითაც ისაუბრეს და „ყველა მხარემ, მათ შორის, მთავრობამ“ ამ კუთხით მზაობა გამოხატა. „ეს არ ნიშნავს, რომ რაიმე ფორმით სამშენებლო გრაფიკს დაარტყამს, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ 2021 წლისთვის პირველი გემების მიღება შევძლოთ“, – განმარტა ახვლედიანმა.

მედიასთან კომენტარები მთავრობის წარმომადგენლებმაც გააკეთეს. ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმაც განაცხადა, რომ მთავარი შეთანხმება, რაც სამივე მხარეს შორის მიღწეულია, არის ის, რომ ანაკლიის პორტი ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. მისივე განმარტებით, პროექტში ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მონაწილეობასთან დაკავშირებით პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ, როგორც ბანკებს, ისე მთავრობას.

ცქიტიშვილის თქმით, ყველაზე რთული პოზიცია სახელმწიფოს კომერციული რისკების დაზღვევასთან დაკავშირებით აქვს, რაც კრედიტორების 8 პუნქტიანი მოთხოვნებიდან ერთ-ერთია. მისივე განმარტებით, მსჯელობა სწორედ ამ საკითხზე მიმდინარეობს, ყველა სხვა პუნქტზე კი, პრინციპული თანხმობა მიღწეულია.

„კომერციულ რისკებთან მიმართებით, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ მივიღებთ მონაწილეობას, იმიტომ, რომ სახელმწიფოს კომერციულ რისკებში მონაწილეობა არასდროს მიუღია, არცერთ პროექტში, რომელიც საქართველოში ხორციელდება…ამ რისკებში ჩვენ ვერ შევალთ“, – აღნიშნა მინისტრმა და დასძინა, რომ კოსორციუმთან დადებული ხელშეკრულების ფინანსური უზრუნველყოფის ვადამ, შესახლოა კიდევ გადაიწიოს.

კომერციული რისკების დაზღვევასთან დაკავშირებით იმავე შინაარსის კომენტარი გააკეთა ფინანასმა მინისტრის ვანო მაჭავარიანმაც. მისი განცხადებით სახელმწიფო მზად არის, რომ პროექტის განხორციელებას ხელი შეუწყოს, თუმცა კომერციული რისკების დაზღვევის კუთხით, მთავრობა მეტ დათმობაზე ვეღარ წავა. მისივე თქმით, თუკი პროექტის რისკის მნიშვნელოვანი წილის სახელმწიფოზე გადმოტანა მოხდა, მაშინ „კომერციული კომპონენტი და კერძო ინიციატივა“ იკარგება.

„არსებობს პოლიტიკური რისკები, არსებობს ფორსმაჟორი, გარემოსთან დაკავშირებით რისკები, საკანონმდებლო რისკები, სამომავლოდ შეიძლება ცვლილება მოხდეს, ყველა ამ ტიპის რისკეზე ჩვენ მაქსიმალურად კონსტრუქციულები ვართ, მაქსიმალურად ღია ვართ წავიდეთ ამ დახმარებაზე. რაც შეეხება საკუთრივ კომერციულ რისკებს, მათ შორის ტვირთების რისკებს, ჩვენ მიგვაჩნია, რომ არ არის სწორი, რომ სახელმწიფომ აიღოს ფინანსური რისკი ამ ნაწილში“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

რას ითხოვენ საერთაშორისო საფინანასო ინსტიტუტები?

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები – OPIC, AIIB, EBRD და ADB, რომლებმაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი 400 მლნ აშშ დოლარით უნდა დააფინანსონ, 8 საკითხთან მიმართებით, სახელმწიფოს მხრიდან რისკების დაზღვევას ითხოვენ. ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მიერ Civil.ge-ისთვის მოწოდებული ინვორმაციის თანახმად, ეს პუნქტები შემდეგია:

  • პორტის განვითარების ფაზებისთვის არ იყოს ვადები დაწესებული და ინვესტორისთვის არ უნდა იყოს სავალდებულო, ააშენოს მეორე ფაზა, თუ არ იქნება ტვირთნაკადი;
  • სახელმწიფომ დააზღვიოს ტვირთბრუნვის რისკი – საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო კონსორციუმს საერთაშორისო ინსტიტუტების წინაშე აღებული ფინანსური ვალდებულებების დაფარვაში უნდა დაეხმაროს და მას ფული ასესხოს;
  • გასცეს კომპენსაცია რკინიგზის და გზის მშენებლობის გაჭიანურების შემთხვევაში;
  • კონსორციუმის მიერ სესხის აღების პროცედურა გახდეს მოქნილი;
  • სახელმწიფოს ოქროს აქციას დაუწესდეს შეზღუდვები;
  • სახელმწიფომ გასცეს კომპენსაცია პოლიტიკური ფორსმაჟორის შემთხვევაში;
  • საკანონმდებლო ცვლილებების კრედიტორებთან შეთანხმება ან კომპენსირება;
  • სახელმწიფოს მხრიდან კონტრაქტის შეწყვეტის შემთხვევაში, 400 მილიონი დოლარის ოდენობის სესხის სახელმწიფოს მიერ დაფარვა.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი 2.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტია, რომლის მთავარი პარტნიორი TBC ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძეა. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების უფლება 2016 წელს TBC ჰოლიდინგისა და ამერიკული Conti International-ის ერთობლივმა კონსორციუმმა მოიპოვა. ანაკლიაში პირველი სამუშაოები 2017 წელს დაიწყო.

პროექტის განხორციელების ირგვლივ კითხვის ნიშნები მას შემდეგ გაჩნდა, რაც მამუკა ხაზარაძისა და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ფულის გათეთრების საქმეზე გამოძიება დაიწყო. თავად მამუკა ხაზარაძემ დაწყებული გამოძიება ანაკლიის პორტის მშენებლობას დაუკავშირა და განაცხადა, რომ გამოძიების მიზანი პროექტიდან მისი და მისი მოადგილის ბადრი ჯაფარიძის ჩამოშორება იყო. მმართველ გუნდში კი, დაწყებული გამოძიების ანაკლიის პორტთან კავშირს გამორიცხავდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button