skip to content
ახალი ამბები

კერსტი კალიულაიდი: ესტონეთისა და საქართველოს ურთიერთობები „სტაბილურია“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ლატვიის შემდეგ, 16-17 მაისს ტალინს სტუმრობს, დღეს თავის ესტონელ კოლეგას, კერსტი კალიულაიდს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, ესტონეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორმა ლიდერმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებზე, ასევე საქართველოში და მის გარშემო არსებულ ვითარებაზე და ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზე იმსჯელა.

კალიულაიდმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ესტონეთს შორის ურთიერთობები „სტაბილური“ და „კარგ მდგომარეობაშია“. მან ასევე დასძინა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე.

„საქართველო მათ ეკუთვნის, საქართველო ამას იმსახურებს და საქართველო უნდა ჩაერთოს ევროკავშირის გაფართოების შესახებ დებატებში. დარწმუნებული ვარ, რომ ადრე თუ გვიან ეს მოხდება, თუ განაგრძობთ ქვეყნის განვითარებას როგორც ეკონომიკურად, ისე კანონის უზენაესობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ ესტონეთი კვლავაც უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. „არასდროს გვავიწყდება ბოროტების ხაზის [საოკუპაციო ხაზის] საკითხის ხსენება ჩვენს პარტნიორებთან, მოკავშირეებთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც არცთუ მეგობრულად არიან განწყობილნი ჩვენს მიმართ“.

თავის გამოსვლაში პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ესტონეთი და საქართველო „ერთ გზაზე დგანან საერთო მომავლისკენ“. „დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენც მოვალთ იქ, სადაც თქვენ ხართ და კვლავ ერთ ოჯახში ვიქნებით“, – მიმართა მან ესტონელ კოლეგას.

ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციამ საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში ბევრი სირთულე შეუქმნა, თუმცა აღნიშნა, რომ ქვეყანამ საკუთარი მიზნებით სტაბილური წინსვლა მაინც შეძლო.

შემდეგ მან ესტონელ კოლეგას მისი ქვეყნის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ერთი კონფლიქტი მეორეს ვერ დაგვავიწყებს, რადგანაც ეს რუსეთისთვის წარმატება იქნება და ეს არ არის ის წარმატება, რომლის მიცემასაც რუსეთისთვის ვაპირებთ… ძალიან მადლიერნი ვართ თქვენი და ყველა იმ ქვეყნის, რომელთაც არა მხოლოდ არ ავიწყდებათ, არამედ ყოველდღე ახსენებენ რუსეთს, რომ ის საკუთარ ვალდებულებებს არღვევს და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს პატივს არ სცემს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან ორ ქვეყანას შორის „ფიზიკური“ კავშირების გაზრდის საჭიროებასაც გაუსვა ხაზი. „ჩვენ კიდევ უფრო უნდა დავუახლოვოთ საქართველო ევროკავშირს ფიზიკურად. შავი ზღვა უნდა გახდეს კავშირის, ტრანსპორტისა და ხალხთა შორის სიახლოვის ზღვა, ადგილი, სადაც გაძლიერდება უსაფრთხოება და თანამშრომლობა“, – დასძინა მან.

ტალინში პრეზიდენტი ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრს იური რატასს და პარლამენტის თავმჯდომარეს ჰენ პილუასსაც შეხვდა. ის ლენარტ მერის კონფერენციაზე სიტყვითაც გამოვა, რომელიც ესტონეთის დედაქალაქში 17-19 მაისს გაიმართება.

ასევე ნახეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button