საგარეო საქმეთა სამინისტროში ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის ელჩები დაიბარეს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 3 დეკემბერს საქართველოში ლიეტუვის, ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები და ლატვიის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული, დარიუს ვიტკაუსკასი, მარგე მარდისალუ-კაჰარი და ლოლიტა ლენკევიჩი დაიბარეს მას შემდეგ, რაც ბალტიისპირეთის ქვეყნებმა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილისა და შსს-ს მაღალჩინოსნებისთვის სანქციების დაკისრების გადაწყვეტილება მიიღეს.
შეხვედრაზე შეშფოთება გამოითქვა სამი ქვეყნის მიერ, საქართველოს ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისა და სამართალდამცველების დასანქცირების შესახებ გაკეთებული განცხადების გამო და აღინიშნა, რომ „ეს ნაბიჯი არ შეესაბამება ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩარჩოებს“. ქართულმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ საქართველო არის „საერთაშორისო ნორმების ერთგული და საქართველოს საელმწიფო ორგანოები მოქმედებენ კონსტიტუციისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, იმისათვის რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება“.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბალტიისპირეთის ქვეყნების წარმომადგენელთა განცხადებები „მიმართულია სუვერენული სახელმწიფოს ინსტიტუტების საქმიანობაზე ზემოქმედების მოხდენისკენ და აღიქმება, როგორც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა“.
ქართულმა მხარემ ასევე განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილება, ევროკავშირთან ურთიერთობების დღის წესრიგში 2028 წლამდე არ დააყენოს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი და უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე, „არ ნიშნავს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შეწყვეტას და მიზნად ისახავს აღნიშნულ საკითხზე მიმდინარე დამაზიანებელი სპეკულაციების აღკვეთას“.
„საქართველოს ხელისუფლება მტკიცედ გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაზე დაფუძნებულ ევროკავშირში ინტეგრაციის შეუქცევად პროცესს, რაც ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას უკეთ იყოს მომზადებული ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების სწრაფად წარმართვისთვის, შესაბამისად განცხადებები, საქართველოს ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის თაობაზე არ შეესაბამება სიმართლეს“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან იმედი გამოითქვა, რომ „მხარეები დაუბრუნდებიან ქვეყნებს შორის ტრადიციულად არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე“.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)