skip to content
ახალი ამბები

რიგაში საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც 14-16 მაისს ოფიციალური ვიზიტით რიგას სტუმრობს, დღეს თავის ლატვიელ კოლეგას რაიმონდს ვეიონისს შეხვდა.

შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ლატვიას და საქართველოს „ნამდვილი და ძველი მეგობრობა“ აკავშირებთ. მან ლატვიის პრეზიდენტს მისი ქვეყნის მიერ ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს მისწრაფებების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროკავშირში მიმდინარე პროცესებმა არ უნდა შეაფერხოს საქართველოს ინტეგრაციის პროცესი. „ამან არ უნდა შეაჩეროს ჩვენი პროგრესი… ეს საქართველოს ძალიან ძლიერი გადაწყვეტილებაა“, – განაცხადა მან.

ზურაბიშვილმა რუსულ ოკუპაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსკოვი „საოკუპაციო ხაზზე აგრესიისა და პროვოკაციების პოლიტიკას“ განაგრძობს. „რუსეთი კვლავაც რეალობის წინააღმდეგ მიდის და ფიქრობს, რომ ზეწოლით და აგრესიით საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას გადააფიქრებინებს“, – განაცხადა მან და საქართველოს პარტნიორებს მოუწოდა, შეახსენონ რუსეთს, რომ ეს არ მოხდება.

პრესისთვის გაკეთებულ განცხადებაში ლატვიის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას სხვადასხვა სფეროებში „ახლო მეგობრობა და აქტიური თანამშრომლობა“ აკავშირებს. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ლატვია ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს რუსული აგრესიის პირისპირ. „ჩვენ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში ყოველთვის ვუჭერდით და დავუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“, – განაცხადა მან.

ლატვიის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ლატვია ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს მისწრაფებების ერთგული რჩება და განაგრძობს ქვეყნის ძალისხმევის მხარდაჭერას ამ კუთხით. „ლატვია ყოველთვის უჭერდა მხარს და კვლავაც დაუჭერს მხარს საქართველოს ძალისხმევას, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ მიუხედავად სხვადასხვა რეფორმების წარმატებით განხორციელებისა, საქართველომ ეს პროცესი კვლავაც უნდა განაგრძოს, რადგანაც „რეფორმები არ არის მხოლოდ მოთხოვნა, რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე,. რეფორმები ყველა საზოგადოებისთვისაა, რადგანაც მათი მიზანი ცხოვრების ყველა სფეროში სიტუაციის გაუმჯობესებაა“.

ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი პრემიერ-მინისტრ არტურს კრიშიანის კარინშისაც შეხვდა. რიგიდან ზურაბიშვილი ტალინში გაემგზავრება, სადაც ის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს და ესტონეთის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button