skip to content
ახალი ამბები

საპარლამენტო კვირა: 6-11 მაისი

საკომიტეტო სხდომები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომა

6 მაისს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე ფრაქცია ნაციონალურმა მოძრაობამ რეგლამენტის შესაბამისად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის, გიორგი ქობულიას მიერ გაწეული მუშაობისა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზების საკითხზე მისი პარლამენტში მოწვევის საკითხი დააყენა.

ფრაქციის თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მედიით გამოსვლისას გიორგი ქობულია საინტერესო საკითხებს შეეხო. მათ შორის, ყოფილმა მინისტრმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ ოფიციალური ვერსიისგან განსხვავებული პოზიცია დააფიქსირა. ამ მოტივით გოცირიძემ აღნიშნა, რომ კომიტეტმა ყოფილი მინისტრის პარლამენტში მოხსენებით გამოსვლა უნდა უზრუნველყოს.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ საკითხთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ის ყოფილი მინისტრის საკომიტეტო მოსმენაზე მისვლის ინიციატივას დადებითად უყურებს. თუმცა 10 მაისს კომიტეტის სხდომაზე რომან კაკულიამ ყოფილი მინისტრის პარლამენტში მოწვევის აუცილებლობა ვეღარ დაინახა. მიუხედავად ოპოზიციის სურვილისა, რომ კვორუმი არსებობდა და საკითხის კენჭისყრა შესაძლებელი იყო, კომიტეტის თავმჯდომარემ საკითხზე კენჭისყრა არ ჩაატარა და სხდომა გადადო იმ მოტივით, რომ სხდომას უმრავლესობის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ.

ადამიანის უფლებათა დაცვისა სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი

8 მაისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო კილაძის ინიციატივით, შრომის უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე „თემატური მოკვლევის ჯგუფი“ შეიქმნა. პარლამენტის ინფორმაციით, ინიციატივის მიზანია, პარლამენტის წევრებმა უფრო დეტალურად შეისწავლონ და გააანალიზონ საქართველოში შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ. ასევე, პროცესში სახელმწიფო უწყებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, პროფკავშირები, ბიზნეს ასოციაციებიც ჩაერთვებიან.

იმავე დღეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა, რომელიც ქართული ოცნების დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა წარმოადგინა. კანონპროექტი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაციის გავრცელების აღკვეთას ისახავს მიზნად. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დარღვევის ამსახველი ელექტრონული რუკის ან მისი ბეჭდური გამოცემის, აგრეთვე ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, გამოყენება, საქართველოში შემოტანა, გადაზიდვა ან საქართველოდან გატანა – ფიზიკური პირის 100 ლარით, იურიდიული პირის კი – 150 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და საგნის კონფისკაციას გამოიწვევს.

  • კომიტეტის გასვლითი სხდომა

10 მაისს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და სახალხო დამცველის ოფისის ორდღიანი გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც შეხვედრაზე სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშით გათვალისწინებულ თემებზე იმსჯელეს. კერძოდ, პარლამენტის ინფორმაციით, განსახილველ საკითხთა შორის ბავშვთა, შშმ პირთა და ქალთა უფლებები, არასათანადო მოპყრობა, მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობა, საკუთრების უფლება და შრომითი უფლებები იყო.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა

8 მაისს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების შესაბამისად , პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა „საქართველოს შრომის კოდექსი“ შესატან ცვლილებს მესამე მოსმენით უყარეს კენჭი, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობისა და იმედის დღედ გამოცხადდა.

შეხვედრები

  • 7 მაისს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს, მერსედეს ვერა-მარტინს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოში სსფ-ის მოქმედი და მომავალი მუდმივი წარმომადგენლები – ფრანსუა პეშო და ფელინ ჩაკირიც ესწრებოდნენ, ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების ტენდენციები და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების საკითხები განიხილეს.
  • 7 მაისს პარლამენტის წევრი გელა სამხარაული და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, მოსახლეობას შეხვდნენ. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ხეობის მოსახლეობის წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ ისაუბრეს. ყურაღება გამახვილდა ხეობის განვითარების პერსპექტივებზე. ასევე, ხაზი გაესვა ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის აქტიური კომუნიკაციისა და დიალოგის მნიშვნელობას.
  • 11 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მართლმსაჯულების რეფორმის მეოთხე ტალღასთან დაკავშირებით ბორჯომში ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. „უკვე გვაქვს საბოლოო განხილვა, სადაც გვინდა, რომ საბოლოოდ შევაჯეროთ პოზიციები რეფორმის ყველა მიმართულებასთან დაკავშირებით. არის ძირითადი მიმართულებები: დისციპლინური წარმოება, იუსტიციის უმაღლესი სკოლა და იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ჩვენი სურვილია, რომ სრული კონსენსუსით დავასრულოთ ეს განხილვა და იმედი გვაქვს, რომ ასეც დასრულდება ჩვენი მსჯელობა ამ ფორმატში“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვიზიტები

  • 7-9 მაისს აზერბაიჯანის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრები მახირ დარზიევი, გელა სამხარაული და რამაზ ნიკოლაიშვილი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ზვიად ძიძიგურის ხელმძღვანელობით, აზერბაიჯანელი კოლეგების მიწვევით, სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდნენ. პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობასა და განვითარების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
  • 10 მაისს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფი, ქართული ოცნების დეპუტატის ნინო გოგუაძის ხელმძღვანელობით, ბრიტანეთში იმყოფებოდა. ვიზიტის მიზანი ბრიტანეთის პარლამენტში დეზინფორმაციის საკითხებზე ჩატარებული თემატური მოკვლევის შესახებ გამოცდილების გაზიარება იყო.

სხვა ღონისძიებები

  • ირაკლი კობახიძემ საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის დაწყება მიულოცა

6 მაისს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საქართველოს მუსლიმ მოსახლეობას რამადანის დაწყება მიულოცა. „ჩვენ საერთო სამშობლო, ისტორია, სიხარული და მიზნები გვაერთიანებს. თქვენ ხართ უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილი ჩვენი ქვეყნის და გამორჩეულ როლს ასრულებთ საქართველოს განვითარებაში“, – ნათქვამია ირაკლი კობახიძის სახელით პარლამენტის მიერ გავრცელებულ წერილში.

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა საოკუპაციო ხაზის აფხაზეთის მონაკვეთი მოინახულეს

7 მაისს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა და კომიტეტის წევრებმა საოკუპაციო ხაზის აფხაზეთის მონაკვეთზე ენგურის ხიდი, სოფლები: ორსანტია, ხურჩა და ფახულანი მოინახულეს და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს გაესაუბრნენ.

„ადგილზე გავეცანით სიტუაციას, მათ შორის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების პირობებს, შესაძლებლობებს, აღჭურვილობას და მათ უსაფრთხოებას. ეგრეთ წოდებული სასაზღვრო პუნქტები, რაც დღეს მოვინახულეთ, ყველაფერი დროებითია“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

სოფელ ხურჩაში არსებულ გადასასვლელთან დეპუტატებმა 2016 წელს აფხაზი მესაზღვრეების მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ადგილიც მოინახულეს.

  • სალომე სამადაშვილი ბრიფინგი

8 მაისს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ სალომე სამადაშვილმა ბრიფინგი გამართა, სადაც მან ხელისუფლებას ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროსაბჭოს მიერ, არჩევნებთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა.

მისი განმარტებით, საქართველოს, ბოლო პერიოდში, როგორც ამერიკიდან, ასევე ევროპიდან რამდენიმე მაღალი დონის დელეგაცია ეწვია და ამ ვიზიტების მთავარი თემა საქართველოში ჩასატარებელი მომავალი არჩევნები იყო.

„დიპლომატიის ენაზე ეს გზავნილი ნიშნავს იმას, რომ თუ საქართველოს სურს იყოს ევროპული სახელმწიფო, თუ საქართველოს სურს იყოს ტრანსატლანტიკური სივრცის ნაწილი, თქვენ უნდა ჩაატაროთ დემოკრატიული არჩევნები. ჩვენ გეუბნებით თქვენ რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ არჩევნები თქვენს ქვეყანაში ჩაითვალოს დემოკრატიულად“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

  • 9 მაისიფაშიზმზე გამარჯვების დღე

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეპუტატებთან ერთად ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. „ფაშიზმი იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბოროტება მსოფლიოს ისტორიაში. დღეს აღინიშნება ფაშიზმზე გამარჯვების დღე. პირველ რიგში, ეს დღე უნდა მივულოცოთ ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს გმირებს და პატივი უნდა მივაგოთ იმ ადამიანების ხსოვნას, რომლებმაც ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შესწირეს თავი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button