ახალი ამბები

აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ დეპუტატებმა ჯემალ გამახარია აირჩიეს. ფარული კენჭისყრა დღეს გაიმართა და მას 14 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ოთხმა ხმა წინააღმდეგ მისცა, ერთმა კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე ჯემალ გამახარია და დავით გვაძაბია იყვნენ წარდგენილები. დავით გვაძაბიამ საკუთარი კანდიდატურა არჩევნებამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხსნა. დღესვე ის, თამაზ ხუბუასთან ერთად, დეპუტატებმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეებად აირჩიეს.

19 წევრიან უმაღლეს საბჭოს ორი ვადით, 2009 წლიდან ელგუჯა გვაზავა ხელმძღვანელობდა, ხოლო ჯემალ გამახარია და დავით გვაძაბია მისი მოადგილეები იყვნენ. ორი ვადის ამოწურვის შემდეგ, ელგუჯა გვაზავამ ხელახლა თავჯდომარის პოსტზე ხელახლა კენჭისყრაზე უარი თავად განაცხადა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით აფხაზეთის უმაღლესი საბჭო უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოა, რომლის ფუნქციებშიც აფხაზეთის კონსტიტუციის და კანონების მიღება, აფხაზეთის ბიუჯეტისა დამტკიცება, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის და მთავრობის შემადგენლობის დამტკიცება შედის.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო წევრთა შემადგენლობის უმრავლესობით (10 დეპუტატი) აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს და მის ორ მოადგილეს 5 წლის ვადით ირჩევს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button