ახალი ამბები

საპარლამენტო კვირა: 11-16 მარტი

Tags

ბიუროს სხდომა

პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, დეპუტატებმა 19-22 მარტის პლენარული სხდომების დღის წესრიგი დაამტკიცეს.

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პლენარულ სხდომაზე, მინისტრის საათის ფარგლებში, დეპუტატების წინაშე მოხსენებით იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი წარსდგება.

განსახილველ საკითხთა დღის წესრიგში დარეგისტრირდა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა TBC ბანკსა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ დაკავშირებულ პირებზე შესაძლო ზეწოლის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

ბიუროს სხდომაზე ასევე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული კანონპროექტებიც დარეგისტრირდა.

ახალი გადანაწილება პარლამენტში

ბიუროს სხდომაზე ცნობად მიიღეს დეპუტატების გია ჟორჟოლიანისა და მირიან წიკლაურის უმრავლესობაში შემავალი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატებიდან“ გასვლის შესახებ მიმართვა. ასევე ამავე ფრაქციის წევრების სულხან მახათაძისა და რომან მუჩიაშვილის ფრაქციიდან გასვლისა და ფრაქცია „ქართული ოცნებაში“ გაწევრიანების შესახებ განცხადება.

დეპუტატებმა განიხილეს და ცნობად მიიღეს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის“ წევრის იოსებ მაკრახიძის ფრაქციიდან გასვლისა და მისი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველებში“ გაწევრიანების შესახებ განცხადება.

პარლამენტის წევრი შოთა შალელაშვილი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება მრეწველებიდან“ „ქართულ ოცნებაში“ გაწევრიანდა. რუსლან პოღოსიანი “ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატებიდან“ გავიდა, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობაში დარჩა.

უმრავლესობა და ფრაქცია სოციალ დემოკრატების რიგები დატოვა კიდევ ერთმა დეპუტატმა, კობა ნარჩემაშვილმა. დეპუტატი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გაწევრიანდა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში გაწევრიანდა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე.

ბიუროს სხდომაზე ცნობად მიიღეს დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაწევრიანების შესახებ. აღნიშნულ კომიტეტს 2018 წლის დეკემბრამდე დეპუტატი თავადვე ხელმძღვანელობდა.

დამფუძნებელი კრების 100 წლის საიუბილეო ღონისძიებები

დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 11 მარტს სოფელ მირზაანში, ნიკო ფიროსმანის სახელობის მუზეუმში, ყველა მოწვევის ქალ პარლამენტართა შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე პოლიტიკოსმა ქალებმა ქართული პარლამენტარიზმის საუკუნოვანი პერიოდი მიმოიხილეს და ქართული პოლიტიკის განხორციელების პროცესში ქალთა როლსა და ჩართულობაზე ისაუბრეს.

12 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მთავრობის წევრებთან ერთად ქართული პარლამენტარიზმის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

საქართველოს პარლამენტს სხვადასხვა მეგობარმა ქვეყნებმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილე მიულოცეს.

საკომიტეტო სხდომები

11 მარტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ მიერ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ინიცირებული კანონპროექტი განიხილა.

კანონპროექტი დეპუტატებს ევროპული საქართველოს წევრმა, დეპუტატმა ოთარ კახიძემ წარუდგინა. კანონპროექტი პარლამენტის მიერ გასულ წელს უკვე მიღებული და 2019 წლის 1 იანვარს ამოქმედებული „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ კანონში რეგულაციების შესახებ მე-7 და 21-ე მუხლების 2020 წლის 1 იანვრამდე შეჩერებას ითვალსიწინებს.

დეპუტატის განცხადებით, ევროპულ საქართველოს ასევე ცალკე პროექტი აქვთ, რომელიც დაგროვებითი პენსიის სქემაში ნებაყოფლობით ჩართვის პრინციპზეა აგებული. კანონპროექტს დეპუტატებმა მხარი არ დაუჭირეს.

სხვა საკითხებთან ერთად კომიტეტზე ასევე განიხილეს და მხარი დაუჭირეს “ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ პროექტს.

11 მარტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა „საქართველოს ტყის კოდექსი“ თანმდევ პროექტებთან ერთად პირველი მოსმენით განიხილა.

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, შემოდის ტყის სრულიად ახალი განმარტება და შესაბამისად, ახლებურად მოხდება ტყის საზღვრების დადგენა და ჩატარდება შესაბამისი ინვენტარიზაცია. ამასთან, ხე-ტყის დამზადების ლიცენზიების გაცემა სრულიად უქმდება და შემოდის ტყის მრავალფუნქციური სარგებლობის პრინციპები, რაც გულისხმობს, რომ ტყე თავისი არსით დაიყოფა კატეგორიებად – იქნება სხვადასხვა კატეგორიების ტყე, რომელიც სხვადასხვა მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.

გარდა ამისა, საქართველოს ტყე მისი ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური ფუნქციების გათვალისწინებით რამდენიმე კატეგორიად დაიყოფა: დაცული ტყე, დაცვითი ტყე, საკურორტო და სარეკრეაციო ტყე, სამეურნეო ტყე.

13 მარტს ტყის კოდექსის კანონპროექტის შესახებ იმსჯელეს და მხარი დაუჭირეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზეც.

13 მარტს ევროპასთან ინტეგრაციისა და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში მოისმინეს.

13 მარტს „დაგროვებითი პენსიის“ შესახებ ევროპული საქართველოს მიერ ინიცირებული კანონპროექტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და მას მხარი არ დაუჭირა. კომიტეტმა სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად „ტყის კოდექსი“ და მისი თანმხლები 22 კანონპროექტიც განიხილა.

13 მარტს რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს ქეთევან ციხელაშვილს მოუსმინეს, რომელმაც დეპუტატებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის მთავარი პრინციპები გააცნო.

ციხელაშვილის თქმით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანების დაკავებებია. „მათ უწევთ ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრება, საფრთხე დიდია, დაკავებები განსაკუთრებით გაზრდილია ჩვენი მოქალაქეების აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან გადმოსვლისას“, განაცხადა მინისტრმა. არსებული პრობლემების მიუხედავად სახელმწიფო მინისტრის თქმით, სამშვიდობო პოლიტიკას ალტერნატივა არა აქვს.

14 მარტს საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა 2019-2022 წლების ქვეყნის საგარეო პოლიტიკის სტრატეგია და ევროინტეგრაციის საკითხებზე ანგარიში წარადგინა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინისტრთან მწვავე კითხვები ძირითადად ოპოზიციური პარტიების დეპუტატებს ჰქონდათ. მათ ზალკალიანს კითხვები საგარეო პოლიტიკასთან დაკავშრებით დაუსვეს. ისინი რუსეთთან მიმართების საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებითაც დაინტერესდნენ.

15 მარტს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის საქართველოს „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განიხილა , რომელიც უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ხელშემწყობისთვის პირის სისხლის სამართლის წესით დასჯას ითვალისწინებს.

15 მარტს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების კრიტერიუმების შესახებ სამი კანონპროექტი განიხილეს. ერთი პარლამენტის თავმჯდომარის და უმრავლესობის წევრი დეპუტატების მიერ მომზადებული, მეორე უმრავლესობის ყოფილი წვერის ეკა ბესელიას და 12 დეპუტატის და მესამე ევროპული საქართველოს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა წარმოდგენილ კანონპროექტებს კენჭი სავალდებულო წესით უყარა და მხარი უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს დაუჭირა. კანონპროექტის განხივლვა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში გაგრძელდა.

16 მარტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უყარა და პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განსახილველად დაამტკიცა „ბავშვთა უფლებათა კოდექსის“ პროექტს. ამის შემდეგ, კომიტეტში რამდენიმე საკანონმდებლო წინადადებაზე იმსჯელეს. მათ შორის იყო „სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რომელიც უცხო ქვეყანაში თავშესაფრის უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენების ხელშემწყობისთვის პირის სისხლის სამართლის წესით დასჯას ითვალისწინებს. სხდომაზე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზეც მსჯელობა გააგრძელეს.

მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების ინიციატივა

11 მარტს უმრავლესობის ყოფილმა წევრმა, დეპუტატმა ეკა ბესელიამ ბრიფინგი გამართა და საზოგადოებას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის დროებით შეჩერების შესახებ ახალ ინიციატივაზე მუშაობის დაწყების შესახებ აცნობა. მისი თქმით, იგეგმება ახალ საკონსტიტუციო ინიციატივაზე მუშაობა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ განწესების საკითხზე ახალი კონსტიტუციური ცვლილების მომზადებას გულისხმობს და რომელიც გარანტი იქნება იმის, რომ ქვეყანაში მართლმსაჯულების რეფორმის დასრულებამდე და ნდობის მანდატით აღჭურვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტებამდე მოსამართლეთა უვადოდ არჩევის საკითხი დღის წესრიგში აღარ დადგება.

ვიზიტები

  • 11-19 მარტს, საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი გაეროს ქალთა სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის (CSW) 63-ე სესიას დაესწრო.
  • 12 მარტს გერმანიაში სამუშაო ვიზიტით მყოფი დეპუტატები ბუნდესტაგის წევრს სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან დირკ ვიზეს შეხვდნენ, რომელიც ამავდროულად გერმანიის ფედერალური მთავრობის კოორდინატორია რუსეთთან, ცენტრალური აზიისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან“ ურთიერთობაში. პარლამენტის ინფორმაციით, დელეგაციის ხელმძღვანელმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ შეხვედრაზე მას თხოვნით მიმართა, რომ ბუნდესტაგმა მიიღოს რეზოლუცია, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს როგორც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევის ფაქტებს, ასევე, საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას.

შეხვედრები

  • 11 მარტს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებსაც „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებები გააცნო. კანონპროექტის მიხედვით უცხო ქვეყნის მოქალაქე ფიზიკურ პირს, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლება მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ის მემკვიდრეობით მიიღო. იურიდიული პირის შემთხვევაში კი, თუ 50 %-ზე მეტის დომინანტი პარტნიორი საქართველოს მოქალაქე, მოქალაქეთა ჯგუფი ან ქართული სუბიექტია, საკუთრების უფლება არ იზღუდება.
  • 12 მარტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გენერალურ დირექტორატში საქართველოს მიმართულების ხელმძღვანელს მეთიუ ბუსკეტსა და სხვა წევრებს შეხვდა. შეხვედრაზე ირაკლი კოვზანაძემ ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებები განიხილა.
  • 13 მარტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ინდონეზიის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის ვიცე სპიკერს ჰიდეიათ ნურ ვაჰიდს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები განიხილეს.
  • 13 მარტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა ინდონეზიის რესპუბლიკის სახალხო საკონსულტაციო ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილეს ჰიდეიათ ნურ ვაჰიდს და მის თანმხლებ დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი საპარლამენტო და პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
  • 13 მარტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საბერძნეთისა და ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩებს – დიმიტრიოს კარაბალის და ბაურჟან მუხამეჯანოვთს შეხვდა. საბერძნეთის ელჩთან შეხვედრისას, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები მიმოიხილეს და საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს. ყაზახეთის ელჩთან შეხვედრის ფარგლებში კი, პარლამენტის თავმჯდომარემ ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურების საკითხები განიხილა.
  • 13 მარტს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ლატვიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ინგრიდა ლავრენცეს შეხვდა. კოვზანაძემ უცხოელ დიპლომატს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა, ხელსაყრელი ბიზნესგარემო, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები გააცნო.
  • 13 მარტს პარლამენტის წევრები ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი საქართველოში ევროსაბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს შეხვდნენ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესისა და კრიტერიუმების შესახებ 13 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ევროპის საბჭოში გადაგზავნის საკითხი განიხილეს.
  • 13 მარტს პარლამენტის ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, დეპუტატი შალვა კიკნაველიძე საქართველოში ვიზიტად მყოფ ირანის ისლამური რესპუბლიკის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის არსებული ურთიერთობები მიმოიხილეს და ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკის პოზიტიურ შედეგებზე ისაუბრეს.
  • 13 მარტს ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებს პარლამენტის თავმჯდომარეც შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და სხვადასხვა მიმართულებით – მათ შორის, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და ტურიზმის სფეროში, თანამშრომლობის გაღრმავების საკითები განიხილეს.
  • 14 მარტს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ვანუატუს საგარეო საქმეთა, საერთაშორისო თანამშრომლობისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს, რალფ რეგენვანუს შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, ვანუატუს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი კობახიძეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერა დაუდასტურა.
  • 15 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ავსტრიის ფედერალური ეკონომიკური პალატის გენერალურ მდივანს, კარლჰაინც კოპფს და მის თანხმლებ დელეგაციას შეხვდა.
  • 15 მარტს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯომარე თამარ ხულორდავა ავსტრიის ეკონომიკური პალატის გენერალურ მდივანს კარლჰაინც კოპფსს და მის თანხმლებ დელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრისას, საქართველოსა და ავსტრიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ამავე დღეს სოფიო ქაცარავა ირანის ისლამური რესპუბლიკის დელეგაციასაც შეხვდა. შეხვედრაზე, საქართველო-ირანს შორის არსებული მჭიდრო ისტორიულ ურთიერთობები მიმოიხილეს და ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების გზებზე ისაუბრეს.
  • 16 მარტს ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრები მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათ პარლამენტის ანგარიშველდებულების გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული აქტივობები და სამომავლო პროექტები გააცნეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Related Articles

Back to top button