skip to content
ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი პარტიის განახლებისა და ახალი თავმჯდომარის არჩევის საჭიროებაზე საუბრობს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპატიო თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი პარტიაში ახალი სახეების მოსვლის, ახალი თავმჯდომარის არჩევისა და შიდა სტრუქტურის განახლების საჭიროებაზე საუბრობს.

ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე დღეს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნებმა, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ის „მოიპარა“, საქართველოში დიდ ცვლილებას ჩაუყარა საფუძველი, რაც საზოგადოების, პოლიტიკური პარტიებისა და ძალების გაერთიანებაში გამოიხატა.

„ჩვენ არცერთ შემთხვევაში ამას არ უნდა მოვეშვათ, საბოლოო ჯამში, საქართველოს მომავალი ხელისუფლება უნდა იყოს ფართო, კოალიციური გაერთიანება, სრულიად სხვადასხვა ხალხის, მაგრამ, რა თქმა უნდა, არა დაფუძნებული ცალკეულ პიროვნებებზე, არამედ პრინციპებზე“, – განმარტა სააკაშვილმა.

სააკაშვილის შეფასებით, ამ ყველაფერში წამყვან როლს სწორედ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თამაშობს, პარტია, რომელსაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური წარსული და „კიდევ უფრო საინტერესო მომავალი“ აქვს. მისივე თქმით, იმისთვის, რომ ეს მომავალი დროულად დადგეს, „საჭიროა ახალი ხალხის მოსვლა პარტიაში და მთლიანად ახალ პრინციპებზე აწყობა პარტიის მართვის“.

ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, იმ ფონზე, როდესაც ის ქვეყანაში შემოსვლას ვერ ახერხებს, პარალელურად კი, ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დაპატიმრება ხდება, პარტიას ადგილზე ლიდერი სჭირდება.

„ნაციონალურ მოძრობას სჭირდება ადგილზე ლიდერი, რომელიც ამ დროშას აიტაცებს თქვენთან ერთად. მე ვფიქრობ, გრიგოლ ვაშაძემ ძალიან მაგრად ჩაატარა საპრეზიდენტო კამპანია და მე პირადად მას დავუჭერდი მხარს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის თანამდებობაზე“, – განაცხადა სააკაშვილმა და იქვე პარტიის პოლიტსაბჭოში ახალი სახეების ჩართვის საჭიროებასაც გაუსვა ხაზი.

მანვე განმარტა, რომ პარტიამ გადაწყვეტილებები მხარდამჭერებისა და აქტივისტის აქტიური ჩართულობით უნდა მიიღოს და არა ერთპიროვნულად,  „კულისებში, ვიღაცების ერთმანეთში მოლაპარაკებით“. ამისთვის სააკაშვილმა სპეციალური სატელეფონო აპლიკაციის მეშვეობით, ელექტრონული კენჭისყრის მექანიზმის შემოღების აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

მისივე თქმით, ნაციონალური მოძრაობა ფართო ოპოზიციურ გაერთიანებასთან ერთად, ქვეყნის გადარჩენაზე და მმართველობაზე პასუხისმგებლობის ასაღებად ემზადება. „ეს იქნება პრინციპულად სხვანაირი მმართველობა, მთლიანად ქართველი ხალხის მმართველობა, ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით“, – აღნიშნა ყოფილმა პრეზიდენტმა.

როდის გაიმართება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. პარტიის პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ამ მომენტისთვის ტექნიკური და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარებს. ყრილობის ზუსტი თარიღი და ადგილი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button